ცქ(ვ)იტიშვილის 52 ქულა
02-02-2015
ცქ(ვ)იტიშვილის 52 ქულა
52 ქულა და 22 მოხსნა - რა ქვეყანა და რა დონის ჩემპიონატიც უნდა იყოს, მაინც საუცხოო შედეგია. ზემოთ აღნიშნული სტატისტიკა კი ლიბანის საკალათბურთო კლუბ "ჩემპვილის" ქართველ ლეგიონერ ნიკოლოზ ცქიტიშვილს ეკუთვნის! ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერ "საგესესთან" მატჩი "ჩემპვილმა" 138:130 მოიგო, ამისთვის კი ორი ოვერტაიმი და ცქიტიშვილის ცქვიტი გარჯა დასჭირდა. ქართველმა კალათბურთელმა მატჩი შეუცვლელად (!) ჩაატარა, ანუ - მოედანზე 50 წუთი გაატარა და პირად ანგარიშზე მისი გუნდის მიერ ჩაგდებული ქულების ლამის ნახევარი ჩაიწერა.
ნიკას სრული მონაგარი კი ასე გამოიყურება: 52 ქულა, 22 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 3 პასი და 1 დაფარება! ჩვენებურმა 19-დან 18 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და სარგებლიანობის კოეფიციენტით მოედანზე მყოფ ყველა მოთამაშეს აჯობა. სხვათა შორის, ასევე 50 წუთი ითამაშა "საგესეს" ლიდერმა
ტერელ სტოგლინმა და დროის ამ მონაკვეთში 74 ქულასაც (!) მოუყარა თავი, მაგრამ რადგან მხოლოდ ორი მოხსნა ჰქონდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ცქიტიშვილს დაუთმო.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით