ქართული ფეხბურთის ასწლიანი ლეგენდა - კვირის პალიტრა

ქართული ფეხბურთის ასწლიანი ლეგენდა

3 თებერვალს "ფეხბურთის კარუზოს" დაბადებიდან 100 წელი სრულდება

"163 სანტიმეტრი სიმაღლის გაიოზ ჯეჯელავა ზედა ძელს ფეხით სწვდებოდა!"

"უმაღლესი ტექნიკით, თამაშის განუმეორებელი მანერით, პიროვნული თვისებებით გამორჩეული ფეხბურთელი! არც ვიცი, მესის გარდა ვის შევადარო"

87 წლის ასაკში, გონებაცა და კალამიც ძველებურად უჭრის და მორიგ უნიკალურ წიგნზე მუშაობს. თავადაც უნიკალური კაცია ოთარ გაგუა - ცნობილი პუბლიცისტი, ენციკლოპედისტი და ჟურნალისტი თითქმის პირველივე დღეებიდან მოჰყვება ქართულ ფეხბურთს, "ცოცხლად" - მოედანზე უნახავს ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორიც ბორის პაიჭაძე, გაიოზ ჯეჯელავა, ბასა ღოღობერიძე და ჩვენი ფეხბურთის პირველი თაობის სხვა ვარსკვლავები იყვნენ. არა მხოლოდ უნახავს, ხშირი ურთიერთობაც ჰქონია ბორის პაიჭაძესა და ანდრო ჟორდანიასთან... რამდენიმე დღის წინ სპორტის სამინისტროში გაიოზ ჯეჯელავას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი სწორედ ოთარ გაგუა გახლავთ, გამომცემელი კი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია (პროექტის დირექტორი სსჟა-ს პრეზიდენტი გიორგი გორგოძეა, წიგნზე იმუშავეს ზაზა ასანიშვილმა, ილია ბაბუნაშვილმა და თამაზ მიგრიაულმა. - ავტ.). 3 თებერვალს, საუკუნე შესრულდება ქართული ფეხბურთის ლეგენდის - ბორის პაიჭაძის დაბადებიდან. და რადგან, წლების წინ ოთარ გაგუამ წიგნი "ფეხბურთის კარუზოსაც" უძღვნა, მისი გახსენებაც ვთხოვეთ. ინტერვიუ კი გაიოზ ჯეჯელავაზე ლაპარაკით დავიწყეთ:

- 1980-იან წლებში, როცა ბორის პაიჭაძის წიგნზე ვმუშაობდი, წიგნის რედაქტორობა ჩემს მეგობარს, დიდებულ პოეტ მურმან ლებანიძეს ვთხოვე. სიამოვნებით დამთანხმდა, ოღონდ, ერთი პირობით - წიგნი გაიოზ ჯეჯელავასაც უნდა მიუძღვნაო. ჯეჯელავა თვითნაბადი ნიჭის პატრონი იყო, ფეხბურთელი, რომლის გამეორებაც შეუძლებელია! გაიოზი განსაკუთრებით სახიფათო კუთხურის მოწოდებისას იყო - 163 სანტიმეტრი სიმაღლის მიუხედავად, ნახტომში ახერხებდა ფეხით დარტყმას! მახსოვს, ერთ-ერთი მატჩის დაწყებამდე, სტადიონზე მცირე შოუც მოაწყო: კარის ხარიხის კუთხეში ჩამოკიდებული ბურთი ნახტომში ფეხით ჩამოხსნა! დაუჯერებელია, მაგრამ ეს ტანმორჩილი კაცი ზედა ძელს ფეხით სწვდებოდა!

- ჯეჯელავა-პაიჭაძის დუეტი დღემდე საუკეთესოდ მიიჩნევა...

- 1939 წელს გამართულ მატჩში თბილისის "დინამომ" პირველი ტაიმი 1:4 წააგო მოსკოვის ცდკა-სთან, საბოლოდ კი 5:4 გაიმარჯვა! ბორიამ პირველად სწორედ იმ შეხვედრაში გამოიყენა მოედანზე ადგილმონაცვლეობა და თავგზა აუბნია ცდკა-ს მცველებს.

- ამიტომ ეძახდნენ "მოხეტიალე ფორვარდს"?

- "Блуждающий форвард"  ბორის პაიჭაძეს პირველად 1936 წელს, გაზეთ "ვეჩერნი ტბილისში" გამოქვეყნებულ სტატიაში უწოდა ცნობილმა მწვრთნელმა ასირ გალპერინმა. თუმცა, ბორია უმიზნოდ კი არ დახეტიალებდა მოედანზე, ბევრს მოძრაობდა, იხსნებოდა, ბურთს ეძებდა, თავბრუს ახვევდა მეტოქეებს! სწორედ მან შეცვალა საყოველთაოდ მიღებული და "აუცილებელი", ე.წ. დუბლვეს სისტემა. თანაც, გვერდით ჰყავდა ისეთი ფენომენური ფორვარდი, როგორიც იყო გაიოზ ჯეჯელავა - კაცი, რომელსაც ნებისმიერი მდგომარეობიდან შეეძლო კარში დარტყმა! სამწუხაროა, რომ ამის დამამტკიცებელი ვიდეოფირი არ არსებობს...

- უპირველესად რა გახსენდებათ, როცა ბორის პაიჭაძეს ახსენებენ?

- უმაღლესი ტექნიკით, თამაშის განუმეორებელი მანერით, პიროვნული თვისებებით გამორჩეული ფეხბურთელი! არც ვიცი, მესის გარდა ვის შევადარო თანამედროვე ფეხბურთელებიდან. მასაც ძნელად წაართმევდი ბურთს - ისე ახლოს ჰქონდა ფეხთან, გეგონებოდა, მიწებებული აქვსო. მინდორზე ისე მყარად იდგა, მხარს რომ "ჩაგიდგამდა", ძვრას ვერ უზამდი. უძლიერესი და მოულოდნელი დარტყმა ჰქონდა და მეკარეები ბევრჯერ დაუტოვებია პირდაღებული. თვითონ ბევრი გოლი გაჰქონდა და ბურთი არც პარტნიორებისთვის ენანებოდა... ლიდერის ხასიათი ჰქონდა - მოედანზეც და ცხოვრებაშიც. პრინციპული, ძალიან სამართლიანი და პატიოსანი იყო. კაცს, რომელიც "დინამოს" სტადიონს აშენებდა, საკუთარი სახლი არ ჰქონდა კეთილმოწყობილი!

- ესე იგი, მასთან ხშირი ურთიერთობა გქონიათ...

- გარდა იმისა, რომ მასზე დაწერილი წიგნის ავტორი ვარ, თბილისის ფეხბურთის ფედერაციაშიც ერთად ვმუშაობდით - ბორია ფედერაციის თავმჯდომარე იყო, მე კი სპორტულ-ტექნიკურ კომისიაში ვიყავი. ერთხელ, პოლონეთში, ლოძის ტურნირზე წავიყვანეთ გუნდი, რომელშიც, სხვა პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად ვიტალი დარასელიაც თამაშობდა. პირველ მატჩში ჩვენი ბიჭების თამაში არ მომეწონა და ეს არც დამიმალავს. სასტუმროში რომ დავბრუნდით, ბორიამ მითხრა - ოთარ-ბეგ, მართალი ხარ, მაგრამ ჩვენი აქ ყოფნა ისედაც თრგუნავს მწვრთნელებს და ჩარევა არ იქნება სწორიო... სხვათა შორის, ლოძში მატარებლით გავემგზავრეთ და ვაგონში საბაჟოს წარმომადგენლები რომ შემოვიდნენ, ბიჭებს ფერი წაუვიდათ. თუმცა, მებაჟემ პასპორტებს რომ დახედა, კინაღამ გადაირია - ეს ნამდვილად "ის" პაიჭაძეაო?! ბორიამ სიგარეტის კოლოფზე დაუწერა ავტოგრაფი და მაშინვე გაგვიშვეს - ვიღას ახსოვდა შემოწმება?!

- ბევრი ფიქრობს, რომ ძველი თაობის ვარსკვლავები დაიკარგებოდნენ თანამედროვე ფეხბურთში. თქვენ როგორ გგონიათ? რა იქნებოდა, დღეს რომ ეთამაშათ პაიჭაძეს და ჯეჯელავას?!

- თანამედროვე ფეხბურთი გაცილებით სწრაფია, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ფიზიკურ მომზადებასა და გამძლეობაზეა დამოკიდებული?! ბორიას შეეძლო, 3-4 ტაიმი ეთამაშა! ჯეჯელავაც სულ მოძრაობდა, რიტმს წამითაც არ აგდებდა. ჯეჯელავა ჯერ კიდევ მოქმედი მოთამაშე იყო, როცა დაწერა მეთოდური ხასიათის წიგნი "მოძრავი თამაშობანი ფეხბურთელთათვის", სადაც თავის არსენალსაც აღწერდა. ცნობილია, რომ მიშა მესხმა ფინტი სხვა ფეხბურთელისგან გადმოიღო და თავისებურად დახვეწა, ჯეჯელავა კი ფინტს სპონტანურად, ვითარებიდან გამომდინარე ქმნიდა!

- მართალია, რომ ბორის პაიჭაძეს რუმინეთში შეარქვეს "ფეხბურთის კარუზო"?

- რუმინელები მაშინ საფეხბურთო კლასით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ ევროპულ ფეხბურთს კარგად იცნობდნენ და უმაღლესი კლასის შემფასებლები იყვნენ. ასეთი გულშემატკივარი "ფეხბურთის კარუზოს" რომ დაგარქმევს, ამაზე დიდი შეფასება რა უნდა იყოს?! "თბილისის "დინამოში" ყველაფერია შერწყმული - უნგრული ტექნიკა, იტალიური ჟინი და შემართება, ინგლისელების ტაქტიკა", - წერდნენ რუმინელები. გაოცებული იყვნენ "დინამოს" ორგანიზებით, სათამაშო კულტურით, წვრთნის მეთოდებით... ქართველები ნიჭიერი ერი ვართ. ფეხბურთი ისე გავითავისეთ და შევისისხლხორცეთ, რომ ჩვენი სულის ნაწილი გახდა ქართული სიმღერის, ცეკვის, ჭიდაობის მსგავსად!

- დღეს რა სჭირს ქართულ ფეხბურთს?

- გარდა იმისა, რომ არ გვაქვს პირობები და არასწორად ვუდგებით ფეხბურთს, სპარინგ-პარტნიორებიც დავკარგეთ. გუნდი საქართველოს არ გასცილებია, ჩვენ კი ევროთასზე წარმატებით თამაშს ვთხოვთ... საერთო დონე ძალიან არის დაქვეითებული, იშვიათად გამობრწყინებული ტალანტები კი შედეგს თუნდაც იმიტომ ვერ მოიტანენ, რომ დროზე ადრე "მწიფდებიან". არადა, ფეხბურთელმა თანდათანობით უნდა გაიაროს ყველა ეტაპი. ისეთ გუნდში უნდა ითამაშოს, სადაც გაიზრდება. გამოსავალი? რაც გენში გვაქვს და რაც ჩვენია, ის უნდა ვითამაშოთ!

- ვიცი, რომ ანდრო ჟორდანიასაც იცნობდით...

- ორივენი სოლოლაკელები ვიყავით და ანდროს კარგად ვიცნობდი. ჩინოვნიკებთან საერთო ენის გამონახვას ძნელად ახერხებდა და სამსახურიდან ხშირად ათავისუფლებდნენ ხოლმე - გამოასწორებდა საქმეს, მოხსნიდნენ, მერე ისევ დანიშნავდნენ და ა.შ. ჟორდანიაზე მასალას ვაგროვებდი და ჩემს მეგობარ რეზი თვარაძეს ვუთხარი, ანდროსთან მივიდეთ-მეთქი. იმ დროს უმუშევარი იყო და სახლში დაგვხვდა ფეხბურთელ ჟორა ჭუმბურიძესთან ერთად. ვუთხარით, რომ ფილოლოგები ვიყავით და რაღაცები გვაინტერესებდა, მაგრამ იმდენი კითხვა დაგვისვა, ისე გამოვიდა, რომ ჩვენ კი არა, მან აიღო ინტერვიუ ჩვენგან (იცინის). მოგვიანებით ჟორას უთხრა - საუზმეზე აღარ ფიქრობო?! წამოსვლა რომ დავაპირეთ, გაგვიბრაზდა - თქვენ ხომ მითხარით, რომ ფეხბურთზე სალაპარაკოდ მოხვედითო. ფეხბურთზე სალაპარაკოდ მოვედით, მაგრამ ვინ დაგვაცადაო, - გაგვეცინა. დავრჩით და ის ღამე ფეხბურთზე ლაპარაკში გავათენეთ... საოცრად საინტერესო კაცი და ჩინებული სელექციონერი იყო, ფეხბურთელში არასდროს შეცდებოდა!

- თქვენც ხომ ყოფილი ფეხბურთელი ხართ?

- სადაც ახლა ვაკის პარკია, წინათ ტრიალი მინდორი იყო, "ლოკომოტივის" სტადიონის ადგილას კი - "სპარტაკის" ორი "პლაცი". ბავშვები ხშირად ვთამაშობდით და მე და ჩემი ორი ძმა სწორედ იქ აგვარჩია ასირ გალპერინმა. მოგვიანებით გალპერინი "დინამოს" მწვრთნელადაც მუშაობდა და ქართული ფეხბურთისთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. ფეხბურთი ბოლოს რომ ვითამაშე, სამოც წელს ვიყავი მიტანებული. სხვათა შორის, თავის დროზე ჟურნალისტების გუნდის კაპიტანიც ვიყავი! რაც შეეხება წიგნებს, რამდენიმე დღის წინ გაიოზ ჯეჯელავაზე ჩემი დაწერილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოცემაში კი დემიკო ლოლაძემ მთლიანად შეიტანა "ფეხბურთის კარუზოზე" დაწერილი ჩემი წიგნი. ამჟამად აჭარის ენციკლოპედიაზე ვმუშაობ და იმედია, შევძლებ, ბოლომდე მივიყვანო ეს საშვილიშვილო საქმე...