"ძალიან ბევრმა მთხოვა, დავრჩენილიყავი" - კვირის პალიტრა

"ძალიან ბევრმა მთხოვა, დავრჩენილიყავი"

რამდენიმე დღის წინ, ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონთან - ირაკლი ცირეკიძესთან ინტერვიუს დაგპირდით. ქუთაისელმა ძიუდოისტმა საჭიდაო სამყარო ლამის შოკში ჩააგდო, როცა ორიოდე კვირის წინ, 27 წლის ასაკში, ძიუდოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონთან იმ მიზეზებზე გვსურდა ლაპარაკი, რის გამოც კიმონოს გახდა გადაწყვიტა, თუმცა...

"ძიუდოში დარჩენა ისეთმა ადამიანებმა მთხოვეს, უარს ვერ ვეტყოდი. გადაწყვეტილება შევცვალე და ჭიდაობას ვაგრძელებ!" - გვითხრა გასული კვირის მიწურულს ირაკლი ცირეკიძემ. ყველაზე ტიტულოვან ქართველ ძიუდოისტთან ინტერვიუ სპორტის სასახლეში, თბილისის მსოფლიო თასის ფინალური ორთაბრძოლის მსვლელობისას შედგა. საუბრის შეწყვეტა და ფეხზე წამოდგომა რამდენჯერმე მოგვიხდა, რათა საქართველოს ჰიმნისთვის მოგვესმინა და ჩვენი ფალავნების დაჯილდოებისთვის მიგვედევნებინა თვალი...

- ირაკლი, გული არ გწყდება, წლის პირველ ტურნირზე, ქართველი ქომაგის თვალწინ კვარცხლბეკზე დგომის შანსი რომ დაკარგე?

- თბილისის ტურნირისთვის ნამდვილად არ ვიყავი მზად, ასე რომ... ერთ კვირაში პარიზის "მასტერსი" იწყება და წარმატების მიღწევას იქ შევეცდები. მერეც, სადაც მწვრთნელი მაჭიდავებს, ყველა ტურნირში მივიღებ მონაწილეობას.

- არადა, ორიოდე კვირის წინ შენი ქომაგები დაზაფრე, კონკურენტები კი გაახარე... მაინც რატომ გადაწყვიტე კარიერის დასრულება?

- ეს ნაბიჯი დაუფიქრებლად არ გადამიდგამს. პეკინის ოლიმპიადის შემდეგ კარგა ხანი გავიდა, საკუთარ თავს შევატყვე, რომ ძველებურად მომართული აღარ ვიყავი, ის ჟინი დავკარგე, ვარჯიშისას რომ არის აუცილებელი. მოკლედ, მიზანი აღარ მქონდა... პირველ რიგში, საკუთარ თავს ვერ ვაკადრებ, მოვალეობის მოხდის მიზნით ან მხოლოდ გასამრჯელოსთვის ვივარჯიშო და ტურნირზე მოუმზადებელი გავიდე. ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა...

- ჰო, მაგრამ 27 წლის ასაკში მიზნის დაკარგვა მაინც უჩვეულოდ გვეჩვენება. წარუმატებელი მოჭიდავე რომ იყო, ვიფიქრებდით, - ხელი ჩაიქნიაო, ამ დროს კი ერთადერთი ქართველი ხარ, ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატი რომ მოიგო. სტიმულად თუნდაც ის არ გამოდგება ევროპის ჩემპიონი რომ არ ხარ?

- ევროპის ჩემპიონობისთვის მონდომება, მომზადებაა საჭირო. მე კი, როგორც გითხარით, ძველებურ ჟინს ვეღარ ვატყობდი საკუთარ თავს. მაგრამ რადგან დავრჩი, ევროპის ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებ და ოლიმპიადის კიდევ მოსაგებადაც.

- ზაფხულში, ნაკრებში მომხდარმა კონფლიქტებმაც ხომ არ იქონია გავლენა შენს გადაწყვეტილებაზე?

- საბედნიეროდ, ის პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ბიჭები ერთად დიდ დროს ვატარებთ და ის გაუგებრობაც, რაც შარშან იყო, უკვე დავივიწყეთ. რაღაც დოზით, გულისწყვეტა იმ ამბებმა მართლაც დამიტოვა, მაგრამ ჩემს გადაწვეტილებას ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებ.

- იქნებ, ბიზნესსაქმიანობა გართმევს დიდ დროს? ეს ხომ ხშირ მისვლა-მოსვლას, ურთიერთობას მოითხოვს...

- ჩემთვის ბიზნესი სპორტზე საინტერესო ნამდვილად არ არის. ძიუდო ჩემი ცხოვრებაა და იმდენ სიამოვნებას, რასაც აქ ვიღებ, სხვა ვერაფერი მომანიჭებს. ბიზნესი არც იმდენ დროს მართმევს, სტიმულის დაკარგვა რომ დავაბრალო. როცა რაღაც მქონდა მისაღწევი, ტიტულები მოსაგები, უფრო მობილიზებული და შემართული ვიყავი და ალბათ, მთავარი მიზეზიც სწორედ ესაა...

- არ გიფიქრია, რა უნდა გეკეთებინა 27 წლისას იმ საქმის გარეშე, რასაც მთელი ცხოვრებაა მისდევ?

- ალბათ, ამიტომაც ვერ მივატოვე... ძიუდომ უამრავი სიხარული მომიტანა, ბევრი მეგობარი შემძინა. რაც მაქვს, ყველაფერი ძიუდოს დამსახურებაა და სულ აქ უნდა ვიტრიალო.

- იმ ხალხზე არაფერი გვითქვამს, წასვლა რომ გადაგაფიქრებინეს...

- ძალიან ბევრმა მთხოვა, დავრჩენილიყავი აქტიურ სპორტში და გამოვდგომოდი გუნდს, ქვეყანას. ყველას ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი, იმას კი გეტყვით, რომ რამდენჯერმე ისეთ უხერხულ სიტუაციაშიც აღმოვჩნდი, უარის თქმა არაფრით შეიძლებოდა. ბატონი პაატა ბურჭულაძე საქართველოში ჩამოვიდა თუ არა, პირველი შეხვედრა ჩემთან ჰქონდა. მერე, პატრიარქთანაც წამიყვანა და... უწმინდესის თხოვნას ნამდვილად ვერ გადავუხვევდი.

- აი, კონკურენტებს მართლაც ძალიან გაახარებდათ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ფალავნის სპორტიდან წასვლა, თუმცა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ...

- მოჭიდავეთა რეაქცია ნამდვილად არ ვიცი, წერილები კი საკმაოდ მივიღე ევროპის ძიუდოს ფედერაციიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. მთხოვდნენ, - გადაწყვეტილება შეცვალეო...

- 6-7 თებერვალს პარიზის ტურნირში უნდა იჭიდაო. როგორ ფორმაში ხარ?

- ნორმალურად ვარ მომზადებული. სეზონი ახალი დაწყებულია და თანდათანობით "ავკრეფ" ფორმას. 100 კგ წონითი კატეგორია ახალია ჩემთვის, მიჩვევა მჭირდება. ისე კი, სადაც მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ, ყველა ტურნირზე ვიჭიდავებ.

- თბილისის მსოფლიო თასზე რას იტყვი?

- პირველი, რაც თვალში გვხვდება, ის არის, რომ ტურნირი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. მედლებიც საკმაოდ ბევრი მოვიპოვეთ. მსოფლიო თასი წელს უძლიერეს მოჭიდავეთა სტუმრობით დიდად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ჩვენი ჩემპიონების დამსახურებას ეს ნამდვილად არ აკნინებს. რაც მთავარია, ამ ტურნირის შედეგები მოჭიდავეთა რეიტინგზეც აისახება. ეს კი ოლიმპიურ ციკლში ძალზე მნიშვნელოვანია.

- სიახლეებზე რა აზრის ხარ? ძიუდოში ბევრი ახალი წესიც შემოიღეს და თითოეულ წონაში ერთი ქვეყნიდან რამდენიმე მოჭიდავეც დაუშვეს...

- ქართველი ძიუდოისტების წინსვლის ისე შეეშინდათ, აღარ იციან, რა მოიგონონ. შეეცადნენ, მაქსიმალურად შევეზღუდეთ. თუმცა, არა მგონია, ჩვენმა შედეგებმა იკლოს. რაც შეეხება ტურნირზე ორი შემადგენლობით ჭიდაობის დაშვებას, ეს მისასალმებელია. ამით ბევრ ახალგაზრდა მოჭიდავეს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი...