მედლებით დახუნძლული - კვირის პალიტრა

მედლებით დახუნძლული

თბილისის სპორტის სასახლეში გამართული მსოფლიო თასის პირველი დღე მასპინძლებმა ხუთი მედლით ჩაამთავრეს. ორი ოქროს, ამდენივე ბრინჯაოს და ერთიც

ვერცხლის მედალი - ასეთია ორდღიანი ტურნირის სასტარტო დღის მონაგარი ამირან ტოტიკაშვილის შეგირდებისთვის. თბილისის მსოფლიო თასი წლეულს სახელოვანი ძიუდოისტების სიმრავლით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, თუმცა მედლების სიმრავლე მაინც ძალზე სასიხარულოა.

მსოფლიო ძიუდოს მამები ბოლო დროს სიახლეებით გვანებივრებენ. წესებში ერთ-ერთი ბოლო ცვლილება ისაა, რომ თითოეულ ქვეყანას ტურნირზე ორი შემადგენლობის გამოყვანა შეუძლია. ამ ნოვაციას ჩვენთვის დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. კარგი ის არის, რომ თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახლა გაცილებით მეტ ახალგაზრდა მოჭიდავეს მიეცემა და შანსის ლოდინში წლობით აღარ "ჩამწნილდებიან". მეორე მხრივ, ტურნირებზე ძლიერ მეტოქესთან გადაყრის ალბათობაც მოიმატებს და მედლამდე მისვლაც გართულდება.

ასეა თუ ისე, როგორც თბილისის მსოფლიო თასის მასპინძლებს, თითო წონაში 4-4 მოჭიდავის გამოყვანის უფლება მოგვეცა და უმსუბუქესი, 60 კგ წონის კატეგორიის დარად, სხვაგანაც რომ გვეყოჩაღა, მთელ მედლებს ქართველები მოვხვეტდით. საქმე ის არის, რომ 60 კგ წონის კატეგორიაში მოასპარეზე ოთხი ქართველიდან, კვარცხლბეკზე სამი ავიდა. ჩემპიონი დავით ასუმბანი გახდა, რომელმაც ფინალში თანამემამულე ბეთქილ შუკვანს იპონით მოუგო. ბრინჯაოს მედალი კი ამირან პაპინაშვილს დარჩა. ასუმბანმა მთელი ტურნირი ერთი ამოსუნთქვით, უმაღლეს დონეზე ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

66 კგ წონის კატეგორიაში ჩემპიონი შალვა ქარდავა გახდა. გადამწყვეტ მატჩში მან აზერბაიჯანელ სამირ დადაშზადეს გამოუყვანა წირვა და მერვედფინალში ნესტორ ხერგიანის დამარცხებისთვის რევანში აიღო. ამ წონითი კატეგორიის მსგავსად, კვარცხლბეკზე (ოღონდ, ორი საფეხურით დაბლა) ერთადერთი ქართველი ავიდა 73 კგ-შიც. ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილისგან გაცილებით მეტს ველოდით, თუმცა, იგი ნახევარფინალში ფრანგ რონალდ ალჟერთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

არანაკლებ წარმატებული გამოდგა ჩვენებისთვის ტურნირის დასკვნითი დღე. ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, საბოლოო შედეგებს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ფინალის საგზურები (და შესაბამისად, მინიმუმ ვერცხლი) მოიპოვეს მინდია ბოდაველმა (90კგ), რევაზ ჩიკოიძემ (100კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100). გარდა ამისა, 81 წონით კატეგორიის ფინალიც ქართული იყო ლევან წიკლაური - ხვიჩა ხუციშვილის წინააღმდეგ. ბრინჯაოსთვის  იჭიდავეს დავით კარბელაშვილმა (90), იოსებ წელაურმა (90), დავით ლორიაშვილმა (100) და ნოდარ მეტრეველმა (100).