შველიძის გარეშე და დიდებაშვილით - კვირის პალიტრა

შველიძის გარეშე და დიდებაშვილით

ერთა თასის მეორე წრის პირველ შეხვედრას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 6 თებერვალს, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე

გამართავს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ. ამ მატჩისთვის მოსამზადებელი შეკრება ბორჯღალოსნებმა უკვე დაიწყეს, ოღონდ - მთავარი მწვრთნელის გარეშე.

საქმე ის არის, რომ ტიმ ლეინს მამა გარდაეცვალა და ავსტრალიელი სპეციალისტი თბილისში 3 თებერვალს ჩამოვა. დისკვალიფიცირებული მამუკა გორგოძის მსგავსად გერმანელებთან მატჩში ეროვნულ გუნდს შერკინების ბურჯი გოდერძი შველიძეც გამოაკლდა, რომელიც ჩამოსვლას ოჯახური პრობლემების გამო ვერ ახერხებს.

მის ნაცვლად, ნაკრების თავკაცმა "ტულონში" მოთამაშე დავით ქუბრიაშვილი გამოიძახა. რაც შეეხება მეტოქის ბანაკს, რამდენიმე წამყვანი მორაგბე გერმანელებსაც აკლიათ. სამაგიეროდ, ჩვენებისთვის პრობლემების შექმნას "შინაურის" მეშვეობით აპირებენ და ნაკრებში გერმანულ "ნოინჰაიმში" მოთამაშე შალვა დიდებაშვილს უხმეს. თუმცა, ძნელი სავარაუდოა, გაგერმანელებულმა დიდებაშვილმა თანამემამულეებისთვის პრობლემების შექმნა შეძლოს.