გოგა გახოკიძე: ვნანობ, აზარტული თამაშებით რომ ვიყავი გატაცებული
09-02-2015
გოგა გახოკიძე: ვნანობ, აზარტული თამაშებით რომ ვიყავი გატაცებული
"კაზინოებში სიარულმა ბევრი რამ დამაკლო... ეს ჩემს ყველაზე დიდი მინუსად მიმაჩნია"

"ევროპაში ნანახის შემდეგ, მრცხვენია, როცა ვხედავ, როგორ უდგებიან საქართველოში ფეხბურთსა და ფეხბურთელებს!"

"დრო გვიჩვენებს, რომ თემურ ქეცბაია ბევრ რამეში მართალი იყო!"


მწვრთნელობა ისეთი საქმეა, ჩემნაირი ხასიათის კაცი ვერ იმუშავებსო - ამბობს გოგა გახოკიძე, რომელსაც "ალანიაში", "მაკაბიში", "ტვენტში" და რაც მთავარია, ვარსკვლავებით სავსე პსვ-ში უთამაშია, საქართველოს ნაკრების ქომაგს კი გულიანი და ტექნიკური თამაშის გარდა, იტალიისა და უკრაინისთვის ბოლო წუთებზე გატანილი
გოლებითაც დაამახსოვრა თავი! საფეხბურთო კარიერა თითქმის ათი წლის წინ დაასრულა. ახლა ფიფას ლიცენზირებული აგენტია და გიორგი ქინქლაძესა და დავით ყენიასთან ერთად, სატრანსფერო სააგენტო აქვს. ახსოვს თუ არა პირველი ტრანსფერი, რას ნანობს და შეიცვალა თუ არა ხასიათი, გოგა გახოკიძესთან ინტერვიუში წაიკითხავთ:

- ჩემი პირველი ტრანსფერი განსაკუთრებულად
მახსოვს: დავით ოდიკაძე მაშინ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და ბედნიერი ვიყავი, მისთვის კლუბის მოძებნა რომ შევძელი... სხვები? ყველას გვარს არ ჩამოვთვლი, მაგრამ ცნობილი ქართველებიდან ჩვენი კლიენტია გურამ კაშია. ახლახან არზიანი და დარციმელია ჩავიყვანეთ უნგრულ "სპარტაკუსში" და ა.შ.

- უცხოელი ფეხბურთელების ტრანსფერებზეც ხომ მუშაობთ?

- რა თქმა უნდა. ძირითადად, ბელგიის, გერმანიის, ინგლისის ბაზარზე. სხვათა შორის, ჩვენს სააგენტოს დიდი წვლილი მიუძღვის, ახალგაზრდა ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუნე "გენკიდან" "ჩელსიში" რომ გადავიდა!

- ფეხბურთის ცოდნა, კავშირები, ალღო... საფეხბურთო აგენტს კიდევ რა თვისებები სჭირდება?
- უნდა ჰქონდეს ბევრი ინფორმაცია და კონტაქტი, შეეძლოს მწვრთნელებთან საერთო ენის გამონახვა და მოგზაურობა არ ეზარებოდეს! მეც და გიოც უამრავ ადამიანს ვიცნობთ საფეხბურთო სამყაროში, მაგრამ ეს საქმე მაინც ძალიან შრომატევადია - კი, კონტაქტები გაქვს, გიცნობენ, მაგრამ მხოლოდ სატელეფონო ზარით საქმე არ კეთდება, უნდა ჩახვიდე, ნახო, დაელაპარაკო. თანაც, ძალიან ხარჯიანი საქმეა: უამრავ დროს, ფულსა და ენერგიას ხარჯავ და შესაძლოა, საბოლოოდ იმ საქმიდან არაფერიც არ გამოვიდეს. ზაფხულში - სამი თვე, ზამთარში კი მხოლოდ ერთი - სულ ეს არის სატრანსფერო პერიოდი. ყოფილა შემთხვევები, სატრანსფერო "ფანჯარა" ისე დახურულა, ერთი კონტრაქტიც ვერ გაგვიჩარხავს... გამოცდილი აგენტები გვეუბნებიან, საწყისი 3-4 წელი სულ ვალებში ვიყავითო და ამით ვიწყნარებთ თავს - ჯერ მეოთხე წელია, რაც ამ საქმეს მოვკიდეთ ხელი (იცინის)...

- საფეხბურთო აგენტს, რომელიც თავადაც წარმატებული ფეხბურთელი იყო, უფრო მეტად არ ენდობიან?

- რა თქმა უნდა. ცნობილი ფეხბურთელი რომ ხარ, ყველასთვის უცნობ აგენტთან შედარებით, მეტი ნდობა გაქვს, მაგრამ მისვლა-მოსვლა მაინც აუცილებელია. მე სანამ პლაჟზე ვნებივრობ, ძმურად, ეს ფეხბურთელი აიყვანეო, რაც უნდა სახელიანი ფეხბურთელი იყო, ასე საქმე არ გაკეთდება!

- სადაც დიდი ფული ტრიალებს, თაღლითებიც ბლომად არიან. შენც გამხდარხარ მათი მსხვერპლი?
- ერთმა ჰოლანდიელმა აგენტმა მითხრა, თუ არ შეიცვალე, შებერტყილი და გაიძვერა თუ არ გახდი, ამ საქმით ვერასდროს გამდიდრდებიო (იცინის). გაიძვერა არც ვყოფილვარ და ვერც გავხდები-მეთქი. მაშინ დიდ ფულს ვერასდროს იშოვიო... მართალი ყოფილა: ამ საქმეში გაიძვერობა ხშირია, რაც ძალიან მაღიზიანებს. მადლობა უფალს, როგორიც ვიყავი, ჯერჯერობით, ისეთივე ვარ. არც მჭირდება ისეთი ფული, ვიღაცამ წამომაძახოს, გოგა გახოკიძე ფულს გაუფუჭებიაო! 

- რატომ აღარ არის მოთხოვნა ქართველ ფეხბურთელებზე?

- ხშირად გვიწუნებენ მენტალიტეტს! ხასიათის ფეხბურთელებს გვეძახიან და ალბათ, მართალიც არის... ჩვენ კი ვთავაზობთ ქართველებს, მაგრამ ურჩევნიათ, ფეხბურთელი ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან წაიყვანონ. ეს ბუნებრივიც არის, როცა შეგიძლია, გაცილებით ნაკლებ თანხად აიყვანო ფეხბურთელი, რომელსაც უკეთესი მენტალიტეტიც ექნება და ნაკლებ პრობლემასაც შეგიქმნის! თუ ძალიან ნიჭიერ მოთამაშეზე არ არის ლაპარაკი, არ უღირთ გარისკვა, ძალიან ნიჭიერები კი, სამწუხაროდ, ცოტა გვყავს... ნიჭიერი ფეხბურთელები სულ გვყავდა და გვყავს, 14-15 წლის ასაკში ნებისმიერი ევროპელი ბავშვი შეგვედაროს, მაგრამ ისინი სწორად ვითარდებიან, ჩვენები კი ზრდასთან ერთად, რეგრესს განიცდიან. ხელშეწყობა, სწორად გაზრდა, კარგი ჩემპიონატი სჭირდებათ. საზღვარგარეთ ხელოვნურსაფრიან მოედანს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებენ, როცა ძალიან ცუდი ამინდია, ჩვენთან კი ხელოვნური მოედანი საამაყოდ აქვთ და ჰგონიათ, ასეთ საფარზე ვარსკვლავების გაზრდა შეიძლება! პატარაობიდანვე რომ გვაკლია კარგი საფარი, სწორად ვარჯიში და ექიმის მომსახურება, ამიტომაცაა, სულ ტრავმები რომ გვაწუხებს და კარიერას ნაადრევად ვასრულებთ. ევროპაში ნანახის შემდეგ, მრცხვენია, როცა ვხედავ, როგორ უდგებიან საქართველოში ფეხბურთსა და ფეხბურთელებს!

- ვინ იყო ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, ვის მხარდამხარაც გითამაშია?

- რა თქმა უნდა, გიორგი ქინქლაძე! "დინამოში" რომ მივედი, გიო იქ დამხვდა. საოცრებებს აკეთებდა, ყველა მონაცემი ჰქონდა, ძალიან დიდი ფეხბურთი რომ ეთამაშა. რომ მოენდომებინა და ბოლომდე დახარჯულიყო, გიორგი ქინქლაძე მესის დონის ფეხბურთელი იქნებოდა... მაგრამ ზარმაცი იყო! სულ ვეუბნები, ან ამდენი როგორ ითამაშე-მეთქი! ახლა, თავადაც ხვდება, მაგრამ რაღა დროს! ფეხბურთელის კარიერა ძალიან ხანმოკლეა და თუ მაქსიმუმი არ გაიღე, ვერაფერს მიაღწევ!

- ერთხელ თქვი, მეგობრების უმეტესობა ჩხუბის შემდეგ შევიძინეო. მართალია?
- მართალია. რეჟიმს არ ვარღვევდი, სასმელი და ღამის კლუბები არასდროს მიზიდავდა, მაგრამ რთული ხასიათი ნამდვილად მქონდა. მით უმეტეს, მოედანზე არავის არაფერს ვუთმობდი! თუმცა, უმიზეზოდ არავისთან მიჩხუბია და რომ შევრიგდებოდით, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ბოღმის გულში ჩადება არ მჩვევია!

- კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?
- ბევრ რამეს! ფეხბურთელისთვის დაუშვებლად მიმაჩნია და დღემდე ვნანობ, აზარტული თამაშებით რომ ვიყავი გატაცებული. კაზინოებში სიარულმა ბევრი რამ დამაკლო... ეს ჩემს ყველაზე დიდ მინუსად მიმაჩნია, ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, იმავე შეცდომას აღარასდროს გავიმეორებდი! ფეხბურთელობა თუ გინდა, აზარტულ თამაშებს არ უნდა გაეკარო! როცა რაღაც არ მომწონდა, პირდაპირ ვამბობდი. არადა, ფეხბურთელს ბევრი რამის მოთმენა უნდა შეეძლოს. ისე, ტრავმებმაც ბევრი დრო დამაკარგვინა, თორემ გაცილებით მაღალ დონეზე თამაშის პოტენციალი მქონდა...

- და კარგი შანსიც, "პსვ ეინდჰოვენი" მაშინ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო...
- პსვ-შიც ისე რომ მივეღე, როგორც მოგვიანებით "ტვენტეში", გაცილებით დიდ კარიერას ავაწყობდი! "ეინდჰოვენი" ჰოლანდიის ჩემპიონატის ლიდერი გახლდათ, ჩემს პოზიციაზე კი უდიდესი კონკურენცია იყო და ყოველთვის არ მეძლეოდა თამაშის შესაძლებლობა. თუმცა, იმ წლებში კლუბის მწვრთნელებისგან ბევრი რამ ვისწავლე. რობსონი, კუმანი, გერეტსი, ჰიდინკი - უმაღლესი დონის სპეციალისტები იყვნენ და ყველა მოთამაშის პლუს-მინუსი იცოდნენ. მწვრთნელმა ასეც უნდა იმუშაოს, რადგან თითოეულ ფეხბურთელს თავისებური ხასიათი აქვს და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება - კარგად რომ ითამაშოს, ზოგს დაყვირება სჭირდება, ზოგს დაყვავება და ა.შ.

- გვყავდა ნიჭიერი თაობებიც, სახელგანთქმული უცხოელი და ქართველი მწვრთნელებიც, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა დიდ წარმატებას ერთხელაც ვერ მიაღწია...

- დრო გვიჩვენებს, რომ თემურ ქეცბაია ბევრ რამეში მართალი იყო! კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა, ემოციურობას ბევრჯერ გაუწევია მისთვის დათვური სამსახური, მაგრამ არა მგონია, ვინმეს თემურზე მეტად უნდოდეს საქართველოს ნაკრების წარმატება! თუმცა, როგორ უნდა მოუგოს საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ან ირლანდიას? ჩვენი ჩემპიონატია უკეთესი თუ კლუბები, სადაც ქართველები თამაშობენ? რაც უნდა ნიჭიერი იყო, ფეხბურთში სათამაშო პრაქტიკაა მთავარი. მაგრამ რადგან მწირი არჩევანი გვაქვს, იძულებული ვართ, უთამაშებელი ფეხბურთელი გამოვიძახოთ.
beso
02 მარტი 2015 18:57
მე ერთერთ საშუალებად მიმაცჰნია: საქარტველოს ნაკრების მწვრთლელზე ჯურნალისტების მხრიდან ზეწოლის მინიმუმამდე დაყვანა, რადგან ვერც Qეცბაია და ვერც ცხადაძე საკადრო პრობლემების გამო ვერ მიგვიყვანენ წარმატებამდე. ჩემი აზრიტ და რეალობის გათვალისწინებით პოზიტიური მიდგომა მწვრთელის და ფეხბურთელების მიმართ იქნება მათი მოტივატორი, რადგან დღევანდელი საქართველოს ნაკრები ნამდვილად სუსტია თავის კონკურენტებზე. ასეთ ვითარებაში კი კრიტიკა ზალიან ზუდად მოქმედებს მწვრთნელზე და ფეხბურტელებზე. ქმნის დესტაბილიზაციას და დიკომფორტს გუნდის შიგნით. ქეცბაიას მაგალიტი წინ გვიდევს და აღარ უნდა მოხდეს მსგავსი რა. ქეცბაიას ნამდვილად ქონდა კომუნიკაციის პრობლემა, მაგრამ თემური მაგარი მწვრთნელია. სხვა ყველაფერს კარგს გისურვებთ მწვრთნელასაც, ფეხბურთელებსაც, ჟურნალისტებსაც და გულშემატკივრებსაც. გენაცვალეტ ქარტველებო
ზაზა
28 თებერვალი 2015 15:09
არ მესმის რაში იყო მართალი ქეცბაია?
იმაში,რომ წარუმატებელი 4-5 წელიწადი ჰქონდა?
იმაში,რომ შემტევ ფეხბურთს არ ათამაშობდა ნაკრებს?
კარებში რომ ვერ არტყამდნენ?
გოლები რომ ვერ გაჰქონდათ?
ასე დაბალ ადგილას მსოფლიოს რეიტნგში ფეხბურთის ისტორიის მანძილზე რომ არასდროს ვყოფილვართ?
ხელფასის კონტრაქტს რომ ხელს აწერდა,არ იცოდა რა პორდუქტიც ხვდებოდა ნაკრებში? არ იცოდა ვინ ყავდა და რა პოტენციალი გააჩნდა ნაკრებს? ასეთ შედეგს ნებისმიერი მწვრთნელი მიაღწევდა,ვინც საფეხბურთო საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულია.ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას არავინ სთხოვდა,მაგრამ ის,რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგვჭრა თავი,ეს ხომ ფაქტია? ისეთი ქვეყნები გვისწრებენ რეიტინგში,გეოგრაფიაში არც კი მისწავლია ეს ქვეყნები და მე მგონი, მსოფლიოს რუკაზე არ კი არიან...
არ იცოდა ქეცბაიამ ვინ იყო საქართველოს ფეხბურთის ორეზიდენტი და რა რეზერვები გააჩნდა ქართულ ფეხბურთს?
არ იცოდა,რომ 4-5 წელიწადში ჩვენ არც პრემიერლიგის დონის და არც ბუნდესლიგის დონის ეროვნული ჩემპიონატი არ გვექნებოდა?
ჩვენ ახალი სისხლი და ახალი იდეები გვჩირდებოდა.ის კი მთელი 4-5 წელი თავს იმით იმართლებდა,მოთამაშეები არ მყავსო...
კონტრაქტს რომ აწერდა ხელს,მაშინ თავი ბუენოს აირესში ეგონდა,თუ ბერლინში?რომელი ნაკრების მწვრთნელი ხდებოდა,არ იცოდააააააა???
sissycici
13 თებერვალი 2015 13:44
ასეტი, მარტალი ადამიანი, დალიან ისჰვიატია, საქარტველოსჰი...მოდასჰი ხომ აფერისტობისა,და არაადამიანობის,უგრდნობი,უვარგისი ადამიანების, აგზევებაა... დგეს,..იმასაც ვიტკვი, ზოგიერტი,ასეტები-ზოგჯერ, დაფასებული არიაან,,,.მაგრაამ GOGA გახოკიდისტანა - ისჰვიატიაა,.Gოგა, კარგმა მსჰობლებმა გაზარდეს და ბუნებიტ, არის უდლიერესი,ადამიანური, კეტილსჰობილებისა და სამარტლიანი ადამიანის განსახიერება...სამაგალიტო,,.. ენა ვერ აგწერს - მის კარგ ადამიანობას...ვინც იცნობს ახლოს - დამეტანხმება..და ბოლოს = მინდა ვუსურვო გოგას - ჯანმრტელობა,ბედნიერება - ტავისი, ნამდვილად ბრწკინვალე მსჰობლებიტა, ბრწკინვალე ცოლ-სჰვილიტ, და ვისაც იგი ნამდვილად უგვარს და ერტგულია მისი,...გმერტმა უფრო მეტად გაგადლიეროს - გოგა...სჰენ ხარ სამაგალიტო დიდი ქარტველი...გაიხარეე...პატივისცემიტა და სიკვარულიტ - ციცი

რედაქტორის რჩევით