"რუსი მეტოქეების დამარცხება განსაკუთრებულად მახსოვს!" - კვირის პალიტრა

"რუსი მეტოქეების დამარცხება განსაკუთრებულად მახსოვს!"

"ადრიანა ლიმა პერსონალურ მწვრთნელთან ვარჯიშობს"

21 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლე ტრაგიკულად გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის, M1-ის (შერეული ორთაბრძოლების უმაღლესი ლიგა)  ვერსიით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონ გურამ გუგენიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლებს. ტურნირში თხუთმეტამდე ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, წესების გარეშე ბრძოლის ისეთი ვარსკვლავები იასპარეზებენ, როგორიც არიან ამერიკელი კენი გარნერი, ჩეჩენი ასლანბეკ მუსაევი და ხორვატი მარო პერაკი! ტურნირის ორგანიზება გურამ გუგენიშვილმა დაიწყო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი საქმე ბოლომდე გურამის მეგობრებმა მიიყვანეს. გიგა ჭიკაძეც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია K1-სა (კიკბოქსის უმაღლესი ლიგა) და კარატეში, მარტის დასაწყისში კი ლოს-ანჯელესში მიემგზავრება და MMA-ში (შერეული საბრძოლო ხელოვნება) მოსინჯავს ძალებს. მასთან ლაპარაკი ბევრ თემაზე შეიძლება - წარმატებული სპორტული კარიერის პარალელურად, 26 წლის გიგა ჭიკაძე აქტიურად არის ჩართული ქალთა მიმართ ძალადობისა და სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაში, უძღვება საკუთარ ბლოგს და ა.შ. თუმცა, ინტერვიუ მომავალ ტურნირზე ლაპარაკით დავიწყეთ:

- ასეთი რანგის ტურნირი საქართველოში პირველად იმართება და მისი მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. სხვათა შორის, ტურნირის ორგანიზება გურამმა დაიწყო და თვითონაც აპირებდა მონაწილეობას... სპორტის სასახლეში არაერთ ცნობილ მებრძოლს ვნახავთ. მათ შორის M1-ის ჩემპიონებს - კენი გარნერს, ასლანბეკ მუსაევს და ა.შ. მასპინძლებსაც ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება - ნოდარ კუდუხაშვილი, ლევან რაზმაძე, არჩილ თაზიაშვილი, სოსო ნიჟარაძე, რაულ თუთარაული.

- შენც ხომ აპირებდი ტურნირში მონაწილეობას?

- იანვარში ხელი მოვიტეხე, თორემ ძალიან მინდოდა გურამის სახელობის ტურნირში მონაწილეობა. მით უმეტეს, რომ K1-დან ჩემი წასვლა უკვე გადაწყვეტილია - 4 მარტს აშშ-ში მივემგზავრები და MMA-ში გავაგრძელებ კარიერას! რა თქმა უნდა, ისევ საქართველოს სახელით ვიასპარეზებ, ოღონდ, ჰოლანდიურის ნაცვლად, ამერიკულ კლუბში - 2014 წლის საუკეთესო კლუბ Kings MMA-ში!

- ფეხბურთელებს თუ არ ჩავთვლით, ჰოლანდიაში არც ისე ბევრი ქართველი სპორტსმენია და იქაურები შენგანაც ბევრს შეიტყობდნენ საქართველოს შესახებ...

- რა თქმა უნდა. ჰოლანდიაში უკვე ძალიან ბევრმა იცის, რომ ქართული მეგობრობა და ქართული კერძები განსაკუთრებულია! სხვათა შორის, როცა დედაჩემის გარდაცვალება შეიტყო, ჩემი ჰოლანდიელი მეგობარი მაშინვე ჩამოვიდა თბილისში და ჩემ გვერდით იდგა! ამ მხრივ ნამდვილად გამაკვირვეს, რადგან აქამდე მეგონა, რომ მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია ასეთი მეგობრობა!

- მეგობრობა ახსენე და... მოგვიყევი, როგორი იყო გურამ გუგენიშვილი...

- ძალიან წარმატებული სპორტსმენი და უაღრესად თავმდაბალი ბიჭი. სწორედ "გეკოს" (გურამ გუგენიშვილის ზედმეტსახელი. - ავტ.) დამსახურებაა, წესების გარეშე ბრძოლაში გამოსვლის სურვილი რომ გამიჩნდა. ფაქტობრივად, ერთნაირი გზა გავიარეთ, სულ ერთად ვიყავით, ჰოლანდიაშიც ერთ კლუბში ვვარჯიშობდით... M1-ის მსოფლიო ჩემპიონობა ნამდვილად არ იყო მისი მაქსიმუმი. რომ დასცლოდა, გურამი აუცილებლად მოიგებდა UFC-ს ქამარსაც, რაც უმაღლესი მიღწევაა შერეულ ორთაბრძოლებში.

- ბედის ირონიაა, რომ სპორტსმენები, რომელთათვის ყოველი დღე სიცოცხლისთვის საშიშ რისკს უკავშირდება, უბედური შემთხვევისას (გურამ გუგენიშვილი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა - ავტ.) იღუპებიან...

- გეთანხმები... თუნდაც, მიხაელ შუმახერი, ან ცნობილი დრიფტერი გიორგი თევზაძე გავიხსენოთ, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როცა მის ავტომანქანას სხვა მართავდა. გურამი კი... ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მისნაირი ფიზიკური მონაცემების ვაჟკაცი ასე უაზროდ დაიღუპებოდა...

- შენს კარიერაზეც ვთქვათ... ყველაზე ემოციურად რომელი გამარჯვება გახსენდება?

- მსოფლიო ქამრების მოგება დაუვიწყარია, მაგრამ რუსი მეტოქეების დამარცხებაც განსაკუთრებულად მახსოვს! 2011 წლის ორთაბრძოლა ორმაგად საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის - ჯერ ერთი, იმ შეხვედრას მთელი საქართველო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს და თანაც, პუტინის საყვარელ სპორტსმენს ვხვდებოდი... ემოციურად მახსენდება რუს სპორტსმენთან შარშანდელი შეხვედრაც - არმენ ზაკიანს მეორე რაუნდში ნოკაუტით მოვუგე!

- ბავშვობაში ფეხბურთშიც ხომ ვარჯიშობდი - რატომ არ დადგა გიგა ჭიკაძისგან ფეხბურთელი?

- კარატეში მეტისმეტი ვარჯიშისგან გულის პრობლემები შემექმნა. ამის გამო ცოტა ხნით ჩამომაშორეს კარატეს და ფეხბურთზე მიმიყვანეს. საკმაოდ კარგი მონაცემებიც მქონდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშის ჩატარება მოვასწარი, მერე კი ჩვენი გუნდის მწვრთნელის შვილი შემომელახა და... დარბაზში დამაბრუნეს (იცინის). თუმცა, ფეხბურთი დღემდე ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ.

- ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში იზრდება ტაილანდური კრივის და კიკბოქსის პოპულარობა. რას მივაწეროთ ეს ტენდენცია?

- გარდა იმისა, რომ ეს სახეობები ძალიან განვითარდა, 2012 წელს ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ სხეულის თანაბრად განვითარებისთვის, კიკბოქსი და კრივი იდეალურია! ამ დროს ყველა კუნთი თანაბრად იტვირთება და შედეგთან ერთად, სპორტსმენი "ჩამოსხმულ" სხეულსაც იღებს. ამიტომაც, პერსონალურ მწვრთნელებთან ვარჯიში დაიწყო არაერთმა ვარსკვლავმა, მათ შორის "Victoria’s Secret"-ის მოდელებმა - ადრიანა ლიმამ, დაუტცენ კრესმა და სხვებმა. სხვათა შორის, უცხოელებს ქართველებმაც მიჰბაძეს. მიხარია, რომ საქართველოში ამ სახეობის პოპულარიზაციაში წვლილი ჩემს წარმატებებსაც მიუძღვის!

- წარმატებული სპორტსმენი ბლოგერობასაც ითავსებდეს - საქართველოში სიახალეა. საიდან გაჩნდა ბლოგის იდეა?

- მეტი ინტერესი რომ გამოგვეწვია, ტურნირთან ერთად შარშან ბლოგიც გავაკეთეთ. ბლოგის მეშვეობით ვახერხებ ჩემი იდეებისა და გამოცდილების გამოქვეყნებას. რაც მთავარია, კომუნიკაცია შედგა - ბლოგს საკმაოდ ბევრი მკითხველი ჰყავს და ხშირადაც მწერენ.

- გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქციაშიც...

- ეს არის გაეროს გენერალური მდივნის კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. უკვე დიდი ხანია, კამპანიაში ქართველი მორაგბეებიც არიან ჩართული და სწორედ მათ გამიწიეს რეკომენდაცია გაეროს წარმომადგენლებთან. ვცდილობთ, ყველას გავაგებინოთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დაუშვებელია. სხვათა შორის, ცნობილი სპორტსმენების აზრს ბევრი ახალგაზრდა უწევს ანგარიშს.

- "დაამარცხე სიმსივნე" - ასე ჰქვია შენს დაფუძნებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას.

- დედაჩემს სიმსივნე ჰქონდა და როცა ამ სენს ვებრძოდით, დევიზად მქონდა არჩეული - Knockout cancer ("დაამარცხე სიმსივნე"), რათა მე და დედას ეს სენი ერთად "დაგვენოკაუტებინა"! სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ და ნინო გარდაიცვალა... კარგად ვიცი, რა ფინანსები სჭირდება სიმსივნის მკურნალობას და ვიცი, რომ რიგითი მოქალაქისთვის ამ დაავადებასთან საკუთარი ძალებით ბრძოლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომ, როცა დედა გარდაიცვალა, ჩემს დასთან - კესოსთან ერთად დავაფუძნე საქველმოქმედო ფონდი Kნოცკოუტ ცანცერ. ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად დავაფინანსოთ ის კვლევები თუ მედიკამენტები, რომელთაც სახელმწიფო არ აფინანსებს.

- ვიცი, რომ რამდენიმე დღის წინ თქვენი დახმარებით განკურნებულ ქალბატონებს შეხვდით...

- 31 იანვარს სწორედ ფონდის დახმარებით განკურნებულებს ვესტუმრე და ისეთი ამაღელვებელი შეხვედრა გამოვიდა, მხოლოდ შვილის შეძენის ან დედის გარდაცვალებისას განცდილ ემოციას თუ შევადარებ! მსოფლიო ჩემპიონი რომ გავხდი, ასეთი სიხარული მაშინაც კი არ განმიცდია! თვითონაც მითხრეს - დაკარგე ერთი დედა, მაგრამ ჩვენი სახით, რამდენიმე ათეული დედა შეიძინეო!