რუსეთმა ჩვენთვის მოიგო - კვირის პალიტრა

რუსეთმა ჩვენთვის მოიგო

ესპანეთი 13:26 საქართველო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მადრიდშიც ძალიან გაუჭირდა. გაუჭირდა, მაგრამ რაც მთავარია, მოიგო და 14 მარტს რუსეთთან გასამართ მატჩს ჯგუფის ლიდერის რანგში ხვდება. საქმე ის არის, რომ ყველასთვის მოულოდნელად რუსმა "დათვებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს, ბორჯღალოსნებმა კი მადრიდში ესპანელ  "ლომებს" (ესპანელთა მეტსახელია.  - ავტ.) აჯობეს და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ!

ლომი ყველგან ლომია, საკუთარ ბუნაგში კი ორმაგად სახიფათო გახლავთ და ეს აგერ მერამდენედ დამტკიცდა. ნატურალიზებული მოთამაშეებით გაძლიერებულმა მასპინძლებმა მეტისმეტად მოინდომეს, ამას ქართველთა შეცდომებიც დაერთო და საქართველოს ნაკრებმა დაწინაურება მხოლოდ 35-ე წუთზე შეძლო! მანამდე, გუნდებმა თითო გარდასახული ლელოსა და თითო ზუსტი საჯარიმოს გაცვლა მოასწრეს. პორტუგალიასთან მატჩის მსგავსად, ქართველებს ისევ აკლდათ რამდენიმე ლიდერი, ამჯერადაც ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მეორე ტაიმი პირველზე დამაჯერებლად ჩაატარეს და ეს სტატისტიკიდანაც ჩანს - მასპინძელთა მოპოვებული 13 ქულა მხოლოდ პირველი ნახევრისაა, მეორე ტაიმში კი, "ლეონესმა" კინკილა ქულაც კი ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ, ქართველებმა გაიტანეს - ჯერ ორი საჯარიმო, მატჩის მიწურულს კი კაჭარავას ლელოც! პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრები, ძირითადად, ხელდახელ ცდილობდა მეტოქის ჩათვლის მოედნამდე მისვლას, ესპანელთა გადათელვა კი სიმძლავრის ხარჯზე დააპირა და შერკინებაში დაჯაბნა კიდეც პირწმინდად. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ქართველები რაქსაც უფრო სწრაფად ასუფთავებდნენ. ეგაა, ჩვენებს პასის სიზუსტე აკლდათ, დერეფანშიც ხშირად სცოდავდნენ და ხაზის გამჭრელისთვის მხარი ერთხელ მაინც რომ აებათ, ორ ლელოზე ნამდვილად არ გავჩერდებოდით.

ასე კი, ბოლო ორ მატჩში ქართველთა ანგარიშზე მხოლოდ სამი ლელოა, რაც ძალიან ცოტაა. თუმცა, მთავარია, მოვიგეთ და ჯგუფის ლიდერები ვართ.

P. ს. და თუ ბევრი ლელოს ნახვა გინდათ, 14 მარტს რუსეთთან მატჩზე მოდით!