ჯობავას შვიდმა აჯობა - 38 მილიონი ჭადრაკის განვითარებისთვის
02-03-2015
ჯობავას შვიდმა აჯობა - 38 მილიონი ჭადრაკის განვითარებისთვის
"ვერ ვიტყვი, რომ ჯობავამ თბილისის ტურნირი ჩააგდო, მაგრამ უკეთ გამოსვლა ნამდვილად შეეძლო!"

სხვადასხვა დროს საქართველოში ჭადრაკის არაერთი ვარსკვლავი ჩამოსულა, მაგრამ ძლიერი მოთამაშეების სიმრავლით გასულ კვირას დასრულებული თბილისის გრან-პრი, უპრეცედენტო იყო! მასპინძელ ბაადურ ჯობავას (2696) გარდა, თბილისში ისეთმა ცნობილმა მოჭადრაკეებმა ითამაშეს, როგორიც არიან ალექსანდრ გრიშუკი (2810), გირი ანიში (2797), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (2775), შაჰრიარ მამედიაროვი (2759), პიოტრ სვიდლერი (2739), დმიტრი ანდრეიკინი (2737), დმიტრი იაკოვენკო (2733), თეიმურ რაჯაბოვი (2731), ლენიერ დომინგეს პერესი (2726),
ევგენი ტომაშევსკი (2716) და რუსტამ კასიმჯანოვი (2705). ჩემპიონის ტიტული ტურნირზე მეათე განთესვის მქონე ტომაშევსკის ერგო, ჯობავამ კი მხოლოდ ოთხ მეტოქეს აჯობა და მერვე ადგილს დასჯერდა. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ტურნირიდან ყველა სტუმარი კმაყოფილი წავიდა - ასე ფიქრობს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძეც:


-
ასეთი მასშტაბის ტურნირი საქართველოში პირველად ჩატარდა. უძლიერესი მოჭადრაკეები საქართველოში აქამდეც ჩამოსულან, მათ შორის - ბოტვინიკი, ტალი, კასპაროვი, კარპოვი, მაგრამ უმაღლესი კლასის ამდენი მოთამაშე თბილისში პირველად შეიკრიბა. ეს იყო გრან-პრის ორწლიანი ციკლის მესამე ეტაპი, დასკვნით, მეოთხე ეტაპს კი წლის ბოლოს ხანტი-მანსიისკი უმასპინძლებს. საბოლოოდ, პირველ-მეორე ადგილებზე გასული მოჭადრაკეები პრეტენდენტთა ტურნირში ჩაებმებიან და მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

- ტურნირის ორგანიზებით ყველა კმაყოფილი დარჩა?

- მზადებისთვის დარჩენილი მცირე დროის მიუხედავად, გრან-პრის უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლეთ. ეს ყველამ აღნიშნა - ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტმაც, მოთამაშეებმაც, სტუმარმა ჟურნალისტებმაც... ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც ამ გამოცდასაც ღირსეულად გაართვა თავი. მართლაც კარგი ტურნირი გამოვიდა - ორგანიზებითაც და თამაშითაც. გათამაშების მსვლელობისას, ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდს 500 000-ზე მეტი მნახველი ჰყავდა! აქაური პარტიებიც დიდხანს იქნება განსჯის საგანი, რადგან თბილისში საჭადრაკო თეორიის არაერთი სიახლე ვნახეთ. ამ გამარჯვებით, ტომაშევსკი გრან-პრის საერთო ჩათვლის ლიდერი გახდა და კარგი შანსი აქვს, პრეტენდენტთა ტურნირის საგზური მოიპოვოს.

- არადა, ტომაშევსკი მხოლოდ მეათე ნომრად იყო განთესილი თბილისის ტურნირზე...

- მონაწილეთა რეიტინგებსა და ოსტატობას შორის სხვაობა იმდენად მცირეა, განთესვას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაგალითად, გრან-პრის წინა  ეტაპის გამარჯვებული დმიტრი ანდრეიკინი თბილისში ბოლო ადგილზე გავიდა!

- მონაწილეთა შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი ბაადურ ჯობავას ჰქონდა, მაგრამ მისგან მაინც მერვე ადგილზე მაღალ შედეგს ველოდით...
- ბაადურმა ჰოლანდიურ ტურნირშიც სუსტად ითამაშა, ამას გადაღლილობაც დაერთო და ფორმის სათანადოდ აღდგენა ვერ მოასწრო. ვერ ვიტყვი, რომ მან თბილისის ტურნირი ჩააგდო, მაგრამ უკეთ გამოსვლა ნამდვილად შეეძლო!

- საჭადრაკო პარტიების გარდა, ტურნირის მონაწილეებმა საფეხბურთო მატჩის გამართვაც მოასწრეს...

- მოჭადრაკეებს უყვართ დასვენების დღეების აქტიურად გამოყენება, ჩოგბურთისა და ფეხბურთის თამაში... როცა ქართველ ოლიმპიელებთან ფეხბურთში ამხანაგურად გაჯიბრება შევთავაზეთ, სიამოვნებით დათანხმდნენ. მოჭადრაკეები ჩვენი ოლიმპიელებივით კარგად შეთამაშებული არ იყვნენ, მაგრამ მატჩი მაინც დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

- ტურნირის მონაწილეთა უმეტესობისთვის, ეს თბილისში პირველი სტუმრობა იყო. მოახერხეს ქალაქის დათვალიერება?
- ძირითადად, თამაშსა და მზადებაზე იყვნენ კონცენტრირებული, მაგრამ რაც ნახეს, ძალიან მოეწონათ! გამარჯვებული ევგენი ტომაშევსკი აღფრთოვანებული იყო - სასტუმროში ვნახე წარწერა - "თბილისი Lოვეს Yოუ!" ("თბილისს უყვარხარ!") და მგონი, თქვენს დედაქალაქს მართლაც შევუყვარდი, ჩემთვის ყველაფერმა კარგად ჩაიარაო. თბილისსა და თბილისელებს მათაც სიყვარულით უპასუხეს და ამიერიდან ყოველთვის სიამოვნებით გვესტუმრებიან!

- იმედია, ქართული სამზარეულოც მოეწონათ!

- სასტუმროში უმეტესად ევროპული კერძები იყო, მაგრამ სტუმრებს ქართული სამზარეულოც გავაცანით. საფეხბურთო მატჩის შემდეგ, კუს ტბაზე რაჭულ სამზარეულოს ვესტუმრეთ. ისე მოეწონათ, რომ ფუნიკულიორზე გამართულ ბანკეტზეც კი რაჭული კერძების სახელებს იხსენებდნენ (იცინის)! ქართული ღვინის დასახელებები კი საგულდაგულოდ ჩაიწერეს, აეროპორტში უნდა ვიყიდოთო!

- დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა "ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში ჭადრაკისთვის 38 მილიონი ლარის გამოყოფას...

- ეს არის თანხა, რომელიც ჭადრაკისთვის 2015-2018 წლებში უნდა დაიხარჯოს. 32 მილიონი ლარი 2017 წლის მსოფლიო თასისა და 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობისთვის არის გამოყოფილი, დარჩენილი ექვსი მილიონი კი მოხმარდება ოთხი წლის განმავლობაში ჭადრაკის ფედერაციისა და საჭადრაკო აკადემიის მუშაობას. ასევე, ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის, ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქალთა მსოფლიო გრან-პრის, კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატისა და ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის მასპინძლობას.
avoieee
03 მარტი 2015 13:31
ფულადი ჯილდო რამდენია ასეთ ტურნირებზე? მოყვარული თუ დაიშვება?ისეთი მოყვარული,რომელიც შინაურ პირობებში სერიოზულ მოთამაშეებს ამარცხებს.

რედაქტორის რჩევით