თორნიკე შენგელია: ორივემ ვაღიარეთ, რომ არასწორად მოვიქეცით - კვირის პალიტრა

თორნიკე შენგელია: ორივემ ვაღიარეთ, რომ არასწორად მოვიქეცით

არც ერთი იყო ბასკი და არც მეორე... მაგრამ ბილბაოში გამართულ ბასკურ დერბიში მუშტი ყველაზე მეტჯერ ქართველმა და ჩერნოგორიელმა იქნიეს, რასაც გუნდი-გუნდზე ჩხუბი მოჰყვა! ინციდენტი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 22-ე ტურში, "ბილბაო ბასკეტისა" და "ლაბორალ კუჩას" მატჩის ბოლო წამებზე მოხდა: "ბილბაო" დიდი სხვაობით იგებდა და უკვე მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო, როცა მასპინძელთა ჩერნოგორიელმა ლეგიონერმა მარკო ტოდოროვიჩმა თორნიკე შენგელიასგან წესების დარღვევით შეჩერება იუკადრისა და მკერდით აგრესიულად დაეჯახა, რასაც ქართველის მუშტი მოჰყვა. ტოდოროვიჩს ლიტველი თანაგუნდელი გამოესარჩლა და... იატაკზე აღმოჩნდა. საბოლოოდ, კონფლიქტი ჯგუფურ ჩხუბში გადაიზარდა და მდგომარეობა მხოლოდ დაცვის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. შედეგად, თორნიკე შენგელია მოედნიდან გააძევეს, მოგვიანებით კი დისკვალიფიკაციითაც დასაჯეს. ქართველმა კალათბურთელმა მაშინვე აღიარა - არასწორად მოვიქეციო, მაყურებელთა კეთილგანწყობა კი ჩხუბიდან რამდენიმე წამშივე დაიმსახურა, როცა მოედნის კიდესთან მჯდომ ჩხუბით შეშინებულ ბავშვთან მივიდა და დააწყნარა. შენგელია და ტოდოროვიჩი უკვე შერიგდნენ და თორნიკეს არასასიამოვნო ამბის გახსენება აღარც უნდა. თუმცა, ჩვენი თხოვნით, "ბილბაოსთან" მატჩის ბოლო წამებიც გაიხსენა და 5 მარტს გამართული ევროლიგის მატჩიც, რომელშიც მოსკოვის ცსკა-სთან 74:81 დამარცხდა.

- ცსკა-ს 16 ქულის სხვაობით უგებდით, საბოლოოდ კი მაინც დამარცხდით...

- რას იზამ, ხდება ხოლმე... შესაძლოა, სხვა მეტოქესთან ამხელა ფორის განიავება მართლაც გასაკვირი ყოფილიყო, მაგრამ ცსკა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ყოველთვის ბოლო წამამდე იბრძვის. ასე იყო ამჯერადაც, თანაც, ბოლო წუთებზე იღბალიც მის მხარეს იყო...

- ისე, ევროლიგის წინა ტურში "ანადოლუ ეფესსაც" 17 ქულას უგებდით და... კინაღამ დამარცხდით!

-  ვფიქრობ, ეს უბრალო დამთხვევაა, თორემ "ლაბორალ კუჩას" ფსიქოლოგიური პრობლემები ნამდვილად არა აქვს და არც ნაადრევად მოდუნება გვახასიათებს.

- გული დაგწყდა, ტრავმირებული მანუჩარ მარკოიშვილი ცსკა-ს ესპანეთში რომ ვერ ჩამოჰყვა?

- რა თქმა უნდა. როცა გავიგე, რომ სამი "ქართული კლუბი" ევროლიგის ერთ ჯგუფში მოხვდა (მარკოიშვილის ცსკა-ს და შენგელიას "ლაბორალ კუჩასთან" ერთად, ტოპ-16-ის F ჯგუფშია ლევან ფაცაციას ყოფილი კლუბი "ნიჟნი ნოვგოროდიც". - ავტ.), ძალიან გამიხარდა და ჩემს მეგობრებთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდი. თუმცა, ლევანმა უკვე დატოვა რუსული კლუბი, მანუჩარი კი ჩვენთან მატჩზე ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა.

- რუსებმა კი მის გარეშეც მოიგეს და ჯგუფიდან გასვლის საქმე გაგირთულეს...

- ცსკა რომც დაგვემარცხებინა, მომდევნო მატჩები მაინც მოსაგები გვექნებოდა. ასე რომ, ჩვენი ამოცანა არ შეცვლილა. ჯერ კიდევ არაერთი მატჩია დარჩენილი. მჯერა, რომ შევძლებთ ოთხეულში მოხვედრას და ჯგუფიდან გასვლას.

- ცსკა-სთან მატჩში არცთუ სახარბიელო სტატისტიკა გქონდა. როგორც ჩანს, "ბილბაოსთან" მატჩში მომხდარმა ინციდენტმა ძალიან წაგიხდინა ხასიათი...

- განვლილ თამაშზე თითქმის არასდროს ვფიქრობ ხოლმე. ასე რომ, ეს არაფერ შუაშია. კალათბურთელს ხან ასე "წაუვა" თამაში და ხან ისე. გუშინდელ (ინტერვიუ ჩაწერილია 6 მარტს. - ავტ.), მატჩში "ისე" იყო (იცინის).

- განვლილ ამბებზე აღარ ვფიქრობო, მაგრამ ბილბაოში მომხდარზე მაინც უნდა გკითხო...

- იმ ეპიზოდში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უკვე მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო, თუმცა, ტოდოროვიჩმა თავი ვერ შეიკავა და ჩემი ჯარიმის გამო უკმაყოფილება აგრესიულად გამოხატა. ამის მიუხედავად, მეც მეტი მოთმინება მმართებდა...  მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. მთავარია, ნამატჩევს მეც და მარკომაც ვაღიარეთ, რომ არასწორად მოვიქეცით.

- მშვიდი და გაწონასწორებული თორნიკე შენგელიასგან ასეთ საქციელს არავინ ელოდა...

- ტოდოროვიჩმაც ეგ მითხრა, მაგრამ რა მექნა, სხვა გზა არ დამიტოვა (იცინის). ვიმეორებ - ორივეს ზედმეტი მოგვივიდა!

- ჩხუბის შემდეგ, მოედნის კიდესთან მჯდომ ბავშვს რომ მოუბოდიშე, მაყურებლის უმეტესობამ მაშინვე გაპატია მანამდე გამოჩენილი თავშეუკავებლობა!

- დავინახე თუ არა მოედანთან ახლოს მჯდომი ბავშვის შეშინებული სახე, მაშინვე მივედი, მოვუბოდიშე და დავამშვიდე... იმ წუთებში ნამდვილად არ მიფიქრია, რა მოჰყვებოდა ჩემს ამ ჟესტს, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი ეს საქციელი ბევრს მოეწონა... მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ცოტათი გავრისკე, რადგან ბავშვი "ბილბაოს" ქომაგების გარემოცვაში იჯდა და შესაძლოა, ჩხუბი თავიდან დაწყებულიყო, მაგრამ იმ მომენტში ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია...

- უკვე გაირკვა, რამდენმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაგსჯიან?

- ის დაზუსტებით ვიცი, რომ 7 მარტს, ესპანეთის პირველობაზე "ანდორასთან" გასამართ მატჩს გამოვტოვებ, დანარჩენი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.