ორი გიორგი ბერძნულ ოფი-საიდში - "ნაკრების ხათრით ვუძლებ ამ ყველაფერს" - კვირის პალიტრა

ორი გიორგი ბერძნულ ოფი-საიდში - "ნაკრების ხათრით ვუძლებ ამ ყველაფერს"

"ნაკრების ხათრით ვუძლებ ამ ყველაფერს, თორემ წამოვიდოდი საქართველოში და მაისამდე ფეხს არ გავანძრევდი"

"მსოფლიო ჩემპიონს ეთამაშები - მეტი რა მოტივაცია გინდა?! "

საბერძნეთის სუპერლიგაში 18 კლუბია, კრეტის "ოფი" კი მაინცდამაინც ყველაზე წყალწაღებულთა შორის არის. საქართველოს ჩემპიონატში გაჭირვებული კლუბების მეტი რა გვინახავს, კრეტის ამბები კი იმიტომ გვაინტერესებს, რომ ბოლო თვეებია, საბერძნეთის ამ კუნძულის კლუბში ორი გიორგი ირიცხება - მერებაშვილი და ლორია. სწორედაც რომ ირიცხებიან, რადგან ნახევარი წელიწადია, ხელფასი არ აუღიათ და კლუბი აღარც ბინის ქირას უხდის... როგორ აღმოჩნდა ოფი-საიდში, რატომ არ მოდის საბერძნეთიდან და რომელ კლუბებს სურთ მისი გადაბირება - საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიასთან ინტერვიუდან გაიგებთ:

- როცა კონტრაქტი გავაფორმე, "ოფს" სხვა ხალხი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ჯენარო გატუზოსთან ერთად უფროსობაც შეიცვალა. კლუბის სათავეში ისეთი არაპროფესიონალები არიან და ისე ხშირად იცვლებიან, უამრავი ვალი დაუგროვდათ. ყოფილი ფეხბურთელები უჩივიან და ამის გამო კლუბს ლამის ყოველი სასამართლო პროცესის შემდეგ აკლებენ ქულებს! ამიტომაც ვართ სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილზე... ხელფასი არც მე და არც გიორგის აგვიღია სექტემბრის შემდეგ, თუმცა, ჯერჯერობით, კრეტაზე ვრჩებით. პირველი გუნდის ბევრმა ფეხბურთელმა კი "ოფი" უკვე დატოვა და გუნდის ძირითად ბირთვს ახლა დუბლშემადგენლობის მოთამაშეები შეადგენენ.

- აშკარაა, რომ "ოფი" გასავარდნად არის განწირული, თუმცა, ეს უკვე აღარ იქნება თქვენი პრობლემა...

- როცა ხედავ, რომ კლუბის მფლობელები არაპროფესიონალურად უდგებიან საქმეს და კლუბის ბედი არ ანაღვლებთ, ფეხბურთელს რაღა უნდა მოსთხოვო, ან კლუბს რა გადაარჩენს გავარდნისგან?! თუ დაკლებული 10 ქულა დაუბრუნეს და "ატრომიტოსთან" მატჩის გადათამაშების უფლებაც მისცეს, "ოფს" კიდევ ექნება დარჩენის შანსი. ასე კი...

- გიორგი მერებაშვილმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "ოფში" მხოლოდ ივარჯიშებს. ასეა?

- მე როგორც ვიცი, ოფიციალურად არ უთქვამს, რომ კლუბის შემადგენლობაში აღარ ითამაშებს (ინტერვიუ ჩაწერილია 6 მარტს. - ავტ.), ჯერჯერობით, ორივენი კლუბში ვვარჯიშობთ, თუმცა, "ქსანთან" სათასო მატჩში მონაწილეობა არ მიგვიღია. ვინც უჩივლა, იმ მოთამაშეებს "ოფი" თანდათანობით უსტუმრებს დავალიანებას და როგორც ჩანს, სანამ ჩვენც იმავეს არ გავაკეთებთ, სიმართლეს თვალს არ გაუსწორებენ.

- "ოფში" მისვლისას რას წარმოიდგენდით, რამდენიმე თვეში ასეთ მძიმე ვითარებაში რომ აღმოჩნდებოდით...

- ეს რომ მცოდნოდა, კრეტაზე ფეხს რა დამადგმევინებდა (იცინის)?! მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა იხურებოდა და სხვა ვარიანტი არც მქონია, თორემ დეკემბრამდე, თბილისის "დინამოდან" წამოსვლას არ ვაპირებდი. ახლაც, როცა ხედავენ, რა ხდება "ოფში", საქართველოში ბევრი წერს, საბერძნეთში რა უნდოდა, თბილისში დარჩენილიყოო. ისიც კი არ იციან, "დინამოდან" ჩემი სურვილით რომ არ წამოვსულვარ... სამწუხაროა, ჩვენთან მხოლოდ ცუდს რომ ხედავენ. იმაზე რატომ არავინ წერს კომენტარს, მძიმე პირობების მიუხედავად, საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ რომ დამასახელეს?!

- "მძიმე პირობებში" რას გულისხმობ?

- ვარჯიშის შემდეგ, კლუბის ბაზაში ცხელი წყალი რომ არ იქნება, რაღაზეა ლაპარაკი?! სასტუმროში ვცხოვრობ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კონტრაქტშიც გარკვევით წერია, ფეხბურთელის საცხოვრებლის ფულს კლუბი იხდისო, "ოფს" სასტუმროს რამდენიმე თვის დავალიანება დაუგროვდა და 10 მარტს ნომერი უნდა დავცალო! არც ვიცი, სად ვიცხოვრებ სამშაბათიდან...

- თუმცა, ჯერჯერობით, კრეტაზე რჩები...

- მხოლოდ იმიტომ, რომ სათამაშო ფორმა შევინარჩუნო მაისამდე, როცა "ოფიდან" წავალ. რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის, სანაკრებო მატჩებს უნდა შევხვდე კარგ ფორმაში! ნაკრების ხათრით ვუძლებ ამ ყველაფერს, თორემ საბერძნეთიდან წამოსვლაში რა მიშლის ხელს?! წამოვიდოდი საქართველოში და მაისამდე ფეხს არ გავანძრევდი, მაგრამ ეს არაპროფესიონალური დამოკიდებულებაა, ასე ვერც ნაკრებს გამოვადგები და ვერც მომავალ კლუბს.

- "ოფი" 90-წლიანი ისტორიის კლუბია. ასეთ დღეში რატომ აღმოჩნდა?

- არაპროფესიონალი მმართველები ჰყავს, თორემ "ოფს" არც ტრადიციები აკლია და არც გულშემატკივრობა. მეტიც, ჩვენი კლუბის სტადიონი საბერძნეთში მესამე ადგილზეა გულშემატკივრების დასწრების მხრივ! კლუბის სავალალო მდგომარეობის მიუხედავად, "ოფის" სტადიონი თითქმის ყველა მატჩზე ივსება და ქომაგები წაგებული თამაშების შემდეგაც კი ტაშით გვაცილებენ! ირაკლიონში (კუნძულ კრეტის მთავარი ქალაქი. - ავტ.) ფეხბურთი ძალიან უყვართ და ნებისმიერ გამვლელს რომ ჰკითხოთ, კლუბის ამბებს დაწვრილებით მოგიყვებათ. კლუბში დარჩენილი ფეხბურთელების მიმართაც განსაკუთრებულ სითბოს გამოხატავენ... საერთოდ, საბერძნეთში ფეხბურთისადმი გამორჩეული დამოკიდებულება აქვთ - რომელ ადგილზე ან ლიგაშიც უნდა იყოს მათი საყვარელი კლუბი, მაინც ბოლომდე ქომაგობენ. მაგალითად, "აეკი" და "არისი" ახლა პირველ ლიგაში არიან, მაგრამ მათ თამაშებზე სტადიონი ბოლომდე ივსება. არ დაგავიწყდეთ, რომ "აეკი" ათენის ოლიმპიურ სტადიონზე თამაშობს, სადაც 70 ათასი მაყურებელი ეტევა!

- სწორედ "აეკს" არ სურდა შენი გადაბირება?

- უნდოდა და ახლაც უნდა! და არამხოლოდ "აეკს"...

- ამ ყველაფრის შემდეგ, საბერძნეთზე გული აგიცრუვდა, თუ ძლიერი კლუბის მიწვევის შემთხვევაში, მაინც დარჩები?

- "აეკის", "ოლიმპიაკოსის", "პანათინაიკოსის" დონის კლუბებში საქმეს პროფესიულად უდგებიან. ფინანსური კრიზისი არც საბერძნეთის ჩემპიონატის სხვა კლუბებს აქვს. კრიზისი დღეს მხოლოდ "ოფს" აქვს! ჩემი გადაბირებით თურქეთის საკმაოდ ცნობილი კლუბიც არის დაინტერესებული, მაგრამ უფრო კონკრეტულად მაისში ვილაპარაკებ!

- კრეტაზე გატარებული თვეებიდან პოზიტიური რაღაცებიც ხომ გახსოვს?

- რა თქმა უნდა. თუნდაც, ჯენარო გატუზოსთან მუშაობა, "ოფის" მეკარეების მწვრთნელი და ა.შ. მეკარეების აქაური მწვრთნელისგან ბევრი ახალი რამ ვისწავლე. თანამედროვე ფეხბურთში მეკარე მხოლოდ კარის დარაჯი აღარ არის, თამაშის დროს ბევრი სხვა რაღაცაც მოეთხოვება... მეკარეების მწვრთნელთან ყოველდღე ვვარჯიშობ, იმის მიუხედავად, რომ ბაზაში ცხელი წყალი არ არის, მოედნის საფარსა და ეკიპირებაზე კი ლაპარაკიც აღარ მინდა... აქაურები? კრეტაზე ჰავაც ძალიან თბილია და ხალხიც. ფეხბურთი უზომოდ უყვართ... საბერძნეთიდან, პირველ რიგში, სწორედ "ოფის" ქომაგების თბილი დამოკიდებულება გამახსენდება. კიდევ - ზღვა და მზე! ასეთი თბილი ზამთარი პირველად იყო ჩემს ცხოვრებაში (იცინის).

- ბოლოს, ნაკრებზე ვთქვათ - ახალი მწვრთნელი, ახალი იმედები...

- კახა ცხადაძეს წარმატებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, ქომაგს ამჯერადაც არ გავაწბილებთ. მით უმეტეს, ქართველი გულშემატკივარი ერთდროულად სათუთიც არის და "საშიშიც" - ადვილად შეუძლია შეგიყვაროს კიდეც და პირველივე წარუმატებლობისთვის მიწაზეც დაგანარცხოს...

- არ მეგულება მეკარე, გერმანიის ნაკრებთან მატჩს მშვიდად ელოდებოდეს... ნერვიულობ?

- მსოფლიო ჩემპიონს ეთამაშები - მეტი რა მოტივაცია გინდა?! მიყვარს ასეთ ძლიერ გუნდებთან თამაში და თუ შანსი მომეცემა, შევეცდები, დავამტკიცო, რომ ნებისმიერ გუნდთან შეიძლება თამაში!