პა-სპორტი - ტოჩინოშინი (ლევან გორგოძე)
09-03-2015
პა-სპორტი - ტოჩინოშინი (ლევან გორგოძე)
- სუმოისტი რომ არა, ვინ იქნებოდი?
- იაპონიაში ჩამოსვლამდე ძიუდოში ვვარჯიშობდი და რომ არა სუმო, ალბათ, ძიუდოს გავყვებოდი. ისე კი, ბავშვობიდან მინდოდა, წარმატებული სპორტსმენი ვყოფილიყავი!

- სუმოს გარდა რა გიყვარს?
- ბრძოლა წესების გარეშე. ასევე, სპორტის სხვა სახეობები.

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- უპასუხისმგებლობა და ტყუილი!

-  ორთაბრძოლა, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...
- შეხვედრა, როცა პირველად დავამარცხე ოძეკი - ჰარუმაფუჯი!

- დოჰიოს (მოედანი, სადაც სუმოს ორთაბრძოლა იმართება. - ავტ.)
გარდა, ყველაზე ხშირად სად შეიძლება ტოჩინოშინის ნახვა?

- თავისუფალ დროს კლუბში წასვლა მიყვარს და, ალბათ, ღამის კლუბში. :)

- საყვარელი საჭმელი...

- ყველა რომ ჩამოვთვალო, ძალიან შორს წავალთ. ამიტომ ამჯერად მხოლოდ ხინკალსა და სუშის გამოვყოფ. ყველაზე ეგზოტიკური კერძი? კუს ხორცისგან დამზადებული იაპონური კერძი. სხვათა შორის,
გემრიელია!

- საყვარელი ნივთი ან აქსესუარი თუ გაქვს?
- საათი.

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...
- "შენ გენაცვალე"!

- ადამიანი, ვინც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა შენზე...

- ჩემი მშობლები.

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...

- არა მგონია, საქართველოს გარდა, დიდი ხნით სადმე ცხოვრება შევძლო!

- საყვარელი წიგნი, ფილმი, მუსიკოსი...
-  "მგლები", "დათა თუთაშხია", თემურ ყვითელაშვილი.

- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...

- "უბრალო" :)

- იდეალური ქალი შენთვის არის...
- დედა!

- შენი საყვარელი სპორტსმენი...
- ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი!

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?
- დიახ, საკმაოდ ხშირად.

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად­ ღიღინებ...
- "ჩამოვიარე მე შენს ქუჩაზე" :)

- შინაური ცხოველი თუ გყავს?
- ტოკიოში არა. აი, საქართველოში კი მყავს - ქართული ნაგაზი.

- ტოჩინოშინის გარდა, მეტსახელი თუ გაქვს?
- "გრუზინ"!

- კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, შეცვლიდი რამეს?
- არ ვიცი... ალბათ, არაფერს.

- ორთაბრძოლის წინ რამე ჩვევა თუ გაქვს?
- ყოველთვის მარჯვენა ფეხით ავდივარ დოჰიოზე!

- გულმავიწყი ხარ?
- არა, იშვიათად, რომ რამე დამავიწყდეს.

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...

- ...კიდევ ბევრს შევძლებ!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით