ალექსეი ანდრონოვი: სადღა არიან ყიფიანისთანა "მხატვრები"?! - კვირის პალიტრა

ალექსეი ანდრონოვი: სადღა არიან ყიფიანისთანა "მხატვრები"?!

"დარწმუნებული ვარ, მაგალითად, ალექსანდრე ჩივაძე დღესაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო

მცველი იქნებოდა!"

შესაძლოა, ვინმესთვის საქართველო და უკრაინა მტერია, მაგრამ ჩემთვის ეს გამორიცხულია!" - ამბობს ალექსეი ანდრონოვი, რომელსაც საქართველოს სიყვარული ბევრჯერ დაუმტკიცებია. "ენ-ტე-ვე ფეხბურთის" კომენტატორი ბუნდესლიგის ექსპერტია, თუმცა, ქართული ფეხბურთის განსაკუთრებული სიყვარულითაც გამოირჩევა, თბილისის "დინამოს" კი სულაც 5 წლის ასაკიდან ქომაგობს! მარტის ბოლოს ალექსეი ანდრონოვი კიდევ ერთხელ ჩამოვა თბილისში, საქართველო-გერმანიის მატჩს დაესწრება და კახა ცხადაძეს უქომაგებს. მანამდე კი, რუსი კომენტატორი ჩვენი ექსკლუზიური სტუმარია:

- ფეხბურთს პირველად ხუთი წლისამ თბილისის "დინამოს" მონაწილეობით ვუყურე და ქართველების თამაში ისე მომეწონა, მას შემდეგ ვქომაგობ... კარგად მახსოვს ის სეზონიც, როცა ქართველებმა თასების მფლობელთა თასი მოიგეს. დღეები გადიოდა იმის ლოდინში, როდის გავიგებდი ნანატრ ფრაზას: "ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი"...

- ახლა? პირველად რა გახსენდებათ, როცა საქართველოს ახსენებენ?

- რა თქმა უნდა, ფეხბურთი! ასევე, ქართული სამზარეულო და ღვინო... ქართველი მეგობრები მოსკოვშიც საკმაოდ მყავს. ახლაც ქართველი მეგობრის კაფეში ვარ და გარშემო რუსულ-ქართული ლაპარაკი ისმის (იცინის).

- მართალია, რომ 29 მარტს თბილისში მეგობრის, კახა ცხადაძის მხარდასაჭერად ჩამოდიხართ? თუ მთავარი მიზეზი მაინც საქართველო-გერმანიის მატჩზე დასწრებაა?

- მართალია. გერმანიასთან მატჩზე ჩამოსვლა ისედაც დაგეგმილი მქონდა, თანაც, კახას საქართველოს ნაკრები ჩააბარეს და ამ შეხვედრას მით უმეტეს ვერ გამოვტოვებ! ცხადაძეს 20 წელიწადზე მეტია ვიცნობ, ჯერ კიდევ მოსკოვის "დინამოდან". ხშირად ვერ ვხვდებით, მაგრამ ამჯერად აუცილებლად ვნახავ! მე და ჩემი გადამღები ჯგუფი თბილისში 26 მარტს ჩამოვალთ და მთელი კვირა დავრჩებით, საქართველოში 1-2 დღით ჩამოსვლას რა აზრი აქვს (იცინის)?!

- ცხადაძის გარდა, კიდევ რომელ ქართველ ფეხბურთელებს იცნობთ?

- დემეტრაძეს, ყაველაშვილს, კალაძეს და კიდევ ბევრს... ალექსანდრე ჩივაძეს ვერ ვაკადრებ, ჩემი მეგობარი ვუწოდო, მაგრამ მასთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა. ძალიან მწყდება გული, რომ რამაზ შენგელია აღარ არის ცოცხალი... საქართველოში წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვდივარ და ყოველთვის დადებითი ემოცია მიმაქვს! 2011 წლის 13 მაისს, როცა თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლისთავი აღნიშნეთ, რუსული საფეხბურთო სამყაროდან მხოლოდ "ენ-ტე-ვეს" გადამღებმა ჯგუფმა და "სპორტექსპრესის" ჟურნალისტმა საშა ბობროვმა მოვახერხეთ ჩამოსვლა. თბილისის ოპერის სცენაზეც კი წარმოვთქვით მისალოცი სიტყვა...

- უკანასკნელ წლებში წარმატებებით არც საქართველოს ნაკრები გამოირჩევა და არც ჩვენი კლუბები - ქართულ ფეხბურთს "ინერციით" ქომაგობთ?!

- ბოლო დროს საქართველოს ნაკრებს მართლაც ძალიან უჭირს გოლის გატანა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მცველი იყო, ვიმედოვნებ, კახა ცხადაძე უფრო შემტევ და გაბედულ თამაშზე გადააწყობს გუნდს. 5 მცველით თამაში ნამდვილად არ შეეფერება ქართული ფეხბურთის მენტალიტეტს!

- ქართველი ფეხბურთელებიდან, ვისმა თამაშმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

- ყველაზე მეტად შენგელიას თამაში მომწონდა! მოგვიანებით, გიორგი ქინქლაძის - დიდებული მოთამაშე იყო! თბილისის "დინამო" პირველად რომ ჩამოვიდა თანამეგობრობის თასზე სათამაშოდ, ის გუნდიც კარგად მახსოვს - არველაძეები, ინალიშვილი, ქინქლაძე, ჯამარაული, ნემსაძე, ცხადაძე, შელია და სხვ. კუდინოვი და არზიანიც კი, რომლებმაც ჯერ კიდევ საბჭოეთის პირველობაზე მოასწრეს თამაში.

- თანამედროვე ფეხბურთელებიდან ვინმე გახსენებთ შენგელიას, ყიფიანის, ჩივაძის თამაშს?

- ფეხბურთი ძალიან შეიცვალა... თანამედროვე ფეხბურთში თითქმის აღარ არიან გამთამაშებლები, მით უმეტეს, ყიფიანისთანა "მხატვრები", ასე რომ, მისთვის ვინმეს მიმსგავსება ძნელია. დათოს თამაში ხელოვნება უფრო იყო, ვიდრე სპორტი. ყიფიანს "ფეხბურთის კომპოზიტორს" ვეძახი...

- ფეხბურთი შეიცვალა, მაგრამ... ძველი თაობის ვარსკვლავები დღევანდელ ფეხბურთშიც იბრწყინებდნენ?

- რატომაც არა?! დარწმუნებული ვარ, მაგალითად, ალექსანდრე ჩივაძე დღესაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იქნებოდა!

- როგორ ფიქრობთ, რატომ აღარ არის ძველებური მოთხოვნა ქართველ ფეხბურთელებზე?

- უკრაინისა და რუსეთის ჩემპიონატში გამოირჩევიან ჯაბა კანკავა და სოლომონ კვირკველია, დროდადრო გაიბრწყინებენ ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, სხვა ახალგაზრდები, მაგრამ მთლიანობაში ბევრი გამორჩეული მოთამაშე აღარ გყავთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, საქართველოს კიდევ არაერთი საინტერესო, შემტევი ფეხბურთელი ეყოლება!

- ანანიძე ახსენეთ: მოსკოვის "სპარტაკი" ჯანოს არც ათამაშებს და არც სხვაგან უშვებს!

- ვეჭვობ, ახლანდელი მწვრთნელის ხელში "სპარტაკში" ჯანოს მომავალი ჰქონდეს. საერთოდაც, ანანიძის გაბარიტების პატრონს გაუჭირდება რუსულ ფეხბურთში - მისთვის ესპანეთის ან ჰოლანდიის ჩემპიონატია ზედგამოჭრილი!

- საქართველო, როგორც ქვეყანა, რით არის მიმზიდველი თქვენთვის?

- სილამაზით, ღვინით, სამზარეულოთი, კულტურით... ახლახან მოსკოვში რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრის წარმოდგენას დავესწარი მეუღლესთან ერთად. საოცრება იყო! კიევში ჩემი საყვარელი ადგილია რესტორანი "ვარენიჩნაია", სადაც დაუსრულებლად ატრიალებენ "მიმინოს" - ფილმს, რომელიც რამდენჯერაც უნდა ნახო, არ მოგბეზრდება!

- რომელი ქართული კერძი გიყვართ გამორჩეულად?

- ქართულ სამზარეულოში ყველაფერი გასაოცარია! მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს ქართული ყველი, ლობიო, ჩიხირთმა, საცივი. ხინკალზე არაფერს ვამბობ, თუმცა, ნამდვილი ხინკალი მხოლოდ საქართველოში მზადდება! ღვინო? - "გორული მწვანე" და "საფერავი"!

- მაგრამ ბოლო წლებში რომ რუსეთში მოდური აღარ არის საქართველოზე თბილი სიტყვის თქმა?

- სინამდვილეში, რუსების უმეტესობას ძველებურად უყვარს საქართველოც და ის ყოველივეც, რასაც თქვენი ქვეყანა მსოფლიოს ჩუქნის! მოსკოვში უამრავი ქართული რესტორანია და პოლიტიკური პრობლემები ნამდვილად არ ასახულა მათი სტუმრების რაოდენობაზე.

- მეკარეს, ისევე, როგორც ქალს, ასაკს არ ეკითხებიანო, კომენტატორების ნათქვამია... თავად სპორტულ კომენტატორს რას არ ეკითხებიან? თქვენთვის თუ არსებობს "დახურული თემები"?

- "დახურული" არა, მაგრამ არის არასასიამოვნო თემები და ის ყოველთვის პოლიტიკას უკავშირდება... 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პეკინის ოლიმპიადაზე ვიყავით და იმდენი სევდა, რაც იმ დღეებში ალექსანდრე მეტრეველის თვალებში იკითხებოდა, არასდროს მინახავს! ამავე დროს, არ დამავიწყდება ტყვიის მსროლელთა ასპარეზობის შემდეგ, როგორ გადაეხვივნენ ერთმანეთს კვარცხლბეკზე ასული ნინო სალუქვაძე და რუსი ნატალია პადერინა... უკრაინაში უკვე წელიწადია გრძელდება ეს საშინელება, რამაც ბევრისთვის უკვე გამოუსწორებელი შედეგი მოიტანა. ამ ყველაფერზე ლაპარაკიც კი არ მინდა, რადგან ჩემი სული აპროტესტებს ამას... შესაძლოა, ვინმესთვის საქართველო და უკრაინა მტერია, მაგრამ ჩემთვის ეს გამორიცხულია!