მუხამბაზი ქართულია, ანთიმოზი - ივერიელი! - რუმინეთი 6:15 საქართველო
23-03-2015
მუხამბაზი ქართულია, ანთიმოზი - ივერიელი! -  რუმინეთი 6:15 საქართველო
რუმინეთი 6:15 საქართველო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ხუთივე მატჩი მოიგო "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" (ყოფილი ერთა თასი. - ავტ.) წლევანდელ გათამაშებაში და მერვედ გახდა ამ ტურნირის ჩემპიონი! ბოლო ტურში ბორჯღალოსნებმა ბუქარესტში 15:6 აჯობეს რუმინეთის ნაკრებს და "ევროპის ჩემპიონის" ტიტულთან ერთად, "ანთიმოზ ივერიელის თასიც" შეინარჩუნეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი წმინდანის სახელობის თასი 2002 წლიდან თამაშდება საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის და ბორჯღალოსნებმა მეცხრედ მოიგეს, რუმინეთმა - ხუთჯერ.

საქართველოს ნაკრებმა მთლად "მუხამბაზი" ვერ იცეკვა ბუქარესტის
სტადიონზე, მაგრამ დამაჯერებლად კი ითამაშა, "მუხის ფოთლები" (რუმინეთის ნაკრების მეტსახელია. - ავტ.) სამშობლოშივე აკაფა და ჩვენთვის სასიამოვნო ტრადიცია გააგრძელა. ბუქარესტში 2010 წლის მერე აღარ წაგვიგია, ბოლო წლებში, საერთო სტატისტიკაც ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნეთ, ბოლო გამარჯვებით კი ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რეიტინგში იტალია ჩამოიტოვეს!
წელს რუმინეთმა ყველასთვის მოულოდნელად წააგო
რუსეთში, გაჭირვებით (17:12) აჯობა გერმანიას, მაგრამ ფინალის ტოლფას მატჩში, მით უმეტეს, ქართველებთან რომ მაქსიმუმს დადებდა, ცხადი იყო. მოინდომა კიდეც, მაგრამ... ბორჯღალოსნებმა, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ითამაშეს დაცვასა და შერკინებაში, პირწმინდად დაჯაბნეს მასპინძლები დერეფანში, 100%-იანი სიზუსტით შეასრულეს ჯარიმები და... მეტი რა არის რაგბი?!
ლელო ვერ გავიტანეთ, მაგრამ მოვიგეთ. მოვიგეთ დამაჯერებლად და რაც მთავარია, გამოვასწორეთ ბოლო შეხვედრების უმთავრესი ხარვეზი - დერეფანში თამაში! ბუქარესტში ქართველები ერთადერთხელ შეცდნენ საკუთარი აუტის მოწოდებისას, მეტოქის დერეფანში კი შვიდჯერ(!) იმარჯვეს! როგორც უკვე ვთქვით, ჩინებულად ითამაშა დაცვამ და შერკინებამაც, მერაბ კვირიკაშვილმა კი, წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც ყველა საჯარიმო გაიტანა! 

ბოლო წლებია, "რუმინული მუხა" გვარიანად მოვარყიეთ და ქართულ-რუმინულ რკენაშიც "მუხამბაზი" მხოლოდ ქართულად ისმის...

ანთიმოზი კი... ივერიელია და მისი თასის ადგილიც მხოლოდ ივერიაშია!
vaso
05 აპრილი 2015 01:34
Gaixaret,sul tsin DA gamarjvebebi qartvelo lomebo!vamakob tkvenit!sul sixaruli DA mogebebi dagbedebodet!
gocha
01 აპრილი 2015 00:01
მაგრები ხარტ. აბა მიაწეკიტ
tini
30 მარტი 2015 20:18
გაიხარეტტტტტტტტტტტტტ.გმერტმა დაგლოცოტ და გაგაცლიეროტტტტტ

რედაქტორის რჩევით