"არ მინდა ვიფიქრო, რომ კიდევ ვნახავთ მწვრთნელისა და მოთამაშეების კინკლაობას"
30-03-2015
"არ მინდა ვიფიქრო, რომ კიდევ ვნახავთ მწვრთნელისა და მოთამაშეების კინკლაობას"
საქართველო 2:0 მალტა

"ჩემი პიროვნული თვისებების გამო, შესაძლოა, დღეს ბევრს არც აძლევდეს ხელს ჩემისთანა მწვრთნელი..."


საქართველოს ნაკრებმა ახალი თავკაცის ხელში უკვე ორი მატჩი მოილია. თუმცა, "კვირის პალიტრის" ფორმატიდან გამომდინარე, კვირა საღამოს გამართულ საქართველო-გერმანიაზე ვერაფერს ვიტყვით და მალტასთან 2:0 მოგებული თამაშის შეფასებას დავჯერდებით. თქვენ უკვე იცით, მიაყოლა თუ არა საქართველოს ნაკრებმა "მალტის ორდენს" გერმანული ჯილდოც, კუნძულელებთან მატჩის შეფასება კი საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელ გია გეგუჩაძეს ვთხოვეთ, რომელიც, ბედის ირონიით, დღემდე უმუშევარია...


- ახალი მწვრთნელის დანიშვნა ყოველთვის ახალ იმედებს უკავშირდება და კარგია, რომ კახა ცხადაძის თავკაცობით ნაკრებმა პირველივე მატჩი მოიგო. ახალ მწვრთნელს და მოთამაშეებს ისე ცოტა ხნით ჰქონდათ ერთად ყოფნის შესაძლებლობა, საქართველოს ნაკრების დაწყობილ-დალაგებულ თამაშს არც ველოდი. თუმცა, მონდომება, ჟინი, თავდადება, კარგად თამაშის მცდელობა, ფეხბურთელებს აშკარად ეტყობოდათ...

- კახა ცხადაძეს გაუმართლა - ნაკრებში გამოძახებულთა უმეტესობა კარგი ფორმითა და განწყობით შეხვდა ახალი მწვრთნელის სადებიუტო მატჩს. თუმცა, აჯობებდა, გერმანიასთან მატჩამდე მწვრთნელს მეტი დრო ჰქონოდა გუნდის შეთამაშებისთვის...

- მეტხანს რომ ყოფილიყვნენ ერთად, მეტსაც მოსთხოვდნენ! ახლა კი, ფეხბურთელებსაც და მწვრთნელებსაც, გარკვეულწილად, მოხსნილი ჰქონდათ ფსიქოლოგიური წნეხი. მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშს რომ ჩაატარებენ ერთად, მათ მიმართ კრიტიკული ვერ იქნები. თამაში მსოფლიო ჩემპიონთანაც შეიძლება, უბრალოდ, კომპლექსისგან უნდა გავთავისუფლდეთ - მოედანზე გავიდეთ და შევეცადოთ, "ჩვენი" ფეხბურთი ვითამაშოთ, დანარჩენს კი მატჩი გიჩვენებს... გერმანიასთან შეხვედრა საუკეთესო შესაძლებლობაა, ყველას აჩვენო, რა შეგიძლია!

- მალტასთან მატჩი სამი მცველით დავიწყეთ, მეორე ნახევარში კი მცველების რაოდენობაც შეიცვალა და ფორვარდებისაც...
- ჩვენმა გუნდმა მატჩი სამი მცველით დაიწყო, მეორე ტაიმში კი მანამდე ნახევარდაცვის ფლანგებზე მოთამაშე ფეხბურთელებმა დაცვაში დაიხიეს, შეიცვალა ფორვარდების რაოდენობაც... მომწონს, რომ მწვრთნელი არ ერიდება ექსპერიმენტებს, სურს, ყველა მოთამაშის შესაძლებლობები ნახოს. ამ თვალსაზრისით, გერმანიასთან მატჩიც გუნდის შენების ერთ-ერთ ეტაპად უნდა მივიჩნიოთ.

- სამწუხაროდ, ბოლო წლებში, იშვიათად გვინახავს, საქართველოს ნაკრებს ტაქტიკა მატჩის მსვლელობისას შეეცვალოს...
- მალტასთან მატჩი, ამ მხრივ, მეც მომეწონა. იყო ხარვეზებიც, თუმცა, ახლად შეკრებილი გუნდისთვის ეს ბუნებრივია... მალტის ნაკრები არ უნდა იყოს ჩვენთვის საზომი, მაგრამ ახალი გუნდის შენების გზაზე იმ მატჩსა და მომდევნო შეხვედრებში დანახული პლუს-მინუსები ძალიან მნიშვნელოვანია... 

- დღევანდელ ვითარებაში საქართველოს ნაკრებს გერმანიასთან დიდი ანგარიშით წაგებისთვისაც არავინ გააკრიტიკებს. აი, დადებითი შედეგი კი ძალიან დიდი სტიმულის მომცემი იქნება...
- მე გული ცუდს ნამდვილად არ მიგრძნობს. თუმცა, გერმანიის ამ ნაკრებთან დიდი სხვაობით წაგებაც არ არის ტრაგედია. სულ დაცვაში ყოფნა შედეგს არ მოგვიტანს, გერმანიას აუცილებლად უნდა შევუტიოთ! ბუნებრივია, თავადაც შეტევაზე იქნებიან დაგეშილი და კონტრშეტევის შანსი აუცილებლად მოგვეცემა. მთავარია, მაქსიმალურად ვიყოთ კონცენტრირებული, თორემ, ჩვენს ბიჭებს ნამდვილად აქვთ პოტენციალი, გერმანიას ღირსეულად ვეთამაშოთ!

- მალტასთან მატჩში რომელი ფეხბურთელის თამაშს გამოარჩევთ?
- ყველას თამაშს დადებითად ვაფასებ. მართალია, ხშირად ქაოსური შეტევები გამოსდიოდათ, მაგრამ მთავარია, რომ დავინახე უდიდესი მონდომება, შეტევის, გოლის წყურვილი, შეტევებში მცველების ჩართვა და ა.შ. კი, სახიფათო შეტევაც გამოეპარათ და გოლს გადავურჩით, მაგრამ მთლიანობაში, პოზიტივი მეტი იყო. ფეხბურთელებს დრო სჭირდებათ შეთამაშებისთვის, ზოგიერთი მათგანი დიდი ხნის განმავლობაში იყო მოწყვეტილი არა მხოლოდ ნაკრებს, ქართველ ფეხბურთელებთან ურთიერთობასაც კი. ამ ფონზე ხარვეზები გასაკვირი არ არის, თუმცა, ამ ბიჭების პოტენციალში ეჭვი არ მეპარება, ისევე, როგორც მათში, ვინც ამჯერად ვერ მოხვდა სანაკრებო სიაში. შემადგენლობაში არავის აქვს ადგილი დაჯავშნილი და ესეც დადებით მოვლენად მიმაჩნია.

- გიორგი მერებაშვილი ფიქრობს, რომ 10-15 წუთით თამაშს თუ არა, განაცხადში ყოფნას მაინც იმსახურებდა... როგორ გგონიათ, ეს ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვებია თუ მწვრთნელთან კონფლიქტების უსიამოვნო ტრადიცია ამ ფორმაციის ნაკრებსაც ემუქრება?

- შედეგზე პასუხისმგებელი მთავარი მწვრთნელია და ის განსაზღვრავს, რომელი მოთამაშეები სჭირდება ამა თუ იმ მატჩში. ეს სამუშაო პროცესია და არ მინდა ვიფიქრო, რომ კიდევ ვნახავთ მწვრთნელისა და მოთამაშეების კინკლაობას. ახლა, ამის დრო ნამდვილად არ გვაქვს! კარგი იქნება, თუ ჟურნალისტებიც გაითვალისწინებთ ამას და ნებსით თუ უნებლიეთ, უკმაყოფილების გამღვივებლის როლში არ აღმოჩნდებით... გასაგებია, რომ მერებაშვილი უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ ამ თემის კიდევ უფრო განვრცობა საჭირო არ არის. მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, რომ მერებაშვილის დარი ფეხბურთელი ნაკრებს აუცილებლად გამოადგება. ამიტომაც ამ ამბავს "კონფლიქტად" ნუ შევრაცხავთ. მსგავსი რაღაცების გამოსარიცხად კი უფრო აქტიური ურთიერთობა და განმარტებებია საჭირო.

- დიდი ხანია, ლევან ყენია ნაკრებში აღარ გვინახავს. რას იტყვით თქვენი ყოფილი შეგირდის თამაშზე?

- ძალიან გამიხარდა, როცა შევიტყვე, რომ ლევანს სათამაში პრაქტიკა აქვს - სწორედ ეს იყო ამ უნიჭიერესი ფეხბურთელის მთავარი პრობლემა! წლების წინ მეც ვიყავი მისი მწვრთნელი და კარგად ვიცი, რა შეუძლია. ვფიქრობ, როცა ბევრს ითამაშებს და უფრო თავდაჯერებული გახდება, ყენია ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდება! გულშემატკივარი იმედიანად არის განწყობილი და იმედია, მოთამაშეებიც გაამართლებენ ამ მოლოდინს...

- და შეძლებენ ყველა თამაშზე მიიყვანონ ქომაგი, რომელიც სტადიონს მხოლოდ ესპანეთის ან გერმანიის სტუმრობისას ავსებს?!
- დიახ, რადგან ამ იმედის კიდევ ერთხელ გაცრუება ქართულ ფეხბურთს აქამდე შემორჩენილ მაყურებელსაც დააკარგვინებს... ფეხბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივარი აუცილებლად მოვა სტადიონზე!

- ბოლოს, თქვენზეც ვთქვათ - "ზესტაფონიდან" წამოსვლის შემდეგ შემოთავაზება არ გქონიათ? როგორც ჩანს, საქართველოში იმდენი კვალიფიციური მწვრთნელი გვყავს, გია გეგუჩაძისთვის სამუშაო არ მოიძებნა...
- რა გითხრათ, ჯერჯერობით არავინ შემხმიანებია... კვალიფიციური მწვრთნელები ნამდვილად გვყავს საქართველოში. სამწუხაროდ, ეროვნული ჩემპიონატის ბევრ კლუბს ისევ უჭირს. თანაც, ჩემი პიროვნული თვისებების გამო, შესაძლოა, დღეს ბევრს არც აძლევდეს ხელს ჩემისთანა მწვრთნელი...

giorgi
31 მარტი 2015 16:46
გერმანიასთან თამაშზე რატომ არაფერს იტყვი, როცა როგორც ამბობენ ამ 2 დღის განმავლობაში ამდენი პოზიტივი იყო? შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ, მართალია თამაში პირველივე ტაიმში წავაგეთ და მთელი 90 წუთის განმავლობაში კარებში ერთხელაც არ დაგვირტყამს, მაგრამ ოქრიაშვილმა ხომ მოატყუა შვაინშაიგერი?
kote
31 მარტი 2015 16:35
იქნებ ვინმემ ამიხსნას რატომ ქონდა უკლებლივ ყველა ქართველ ფეხბურთელს წვერი მოშვებული, რამე ახალი მოდაა თუ რა ხდება ჩეჩენ ბოევიკებს რო დაემსგავსენ ყველანი
555 gigas
30 მარტი 2015 15:50
ასი პროცენტით გეთანხმები. ძლოვს გამოჩნდა კაცი, რომელმაც მწარე სიმართლე დაწერა, რომელიც არ მოსწონთ უნიჭო ფეხბურთელების ნაცნობ-მეგობრებს. გაიხარე გენაცვალე.

რედაქტორის რჩევით