"დრიფტის მეფის" სახელზე - კვირის პალიტრა

"დრიფტის მეფის" სახელზე

5 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში. "კვირის პალიტრის" ფორმატიდან გამომდინარე, რბოლაში გამარჯვებულებზე გაზეთის ამ ნომერში ვერაფერს გეტყვით. სამაგიეროდ, მოგიყვებით რუსთავის ავტოდრომზე ერთი კვირით ადრე გამართულ დრიფტის ჩემპიონატზე, რომელიც გიორგი თევზაძის ხსოვნას მიეძღვნა. "დრიფტის მეფე" გიორგი თევზაძე ("თევზი") 2013 წლის 23 ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. გიორგის BMჭ M5-ის საჭესთან მისი მეგობარი იჯდა, როდესაც ავტომანქანა ხეს შეეჯახა... 27 მარტი "თევზის" დაბადების დღეა და ზედიზედ მეორე წელია, მარტის ბოლო კვირადღეს, გიორგის მეგობრები დრიფტში "გიორგი თევზაძის თასის" გათამაშებას აწყობენ. 29 მარტს გამართული ტურნირი შარშანდელზე ბევრად მასშტაბური და საინტერესო გამოდგა და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მონაწილეცა და მაყურებელიც მრავლად მიიზიდა. ტურნირი გიორგი თევზაძის დაფუძნებული საავტომობილო სოციალური ქსელის NeedForDrive.com-ისა და საქველმოქმედო ფონდის "გიორგი თევზაძე და მეგობრები" ორგანიზებით ჩატარდა. დეტალები კი "თევზის" მეგობარსა და ასპარეზობის ერთ-ერთ ორგანიზატორ გოგა თოლორაიას გამოვკითხეთ:

- შარშანდელთან შედარებით, გიორგი თევზაძის სახელობის თასი წელს გაცილებით შთამბეჭდავი გამოვიდა - მონაწილეთა რაოდენობით, მაყურებელთა აქტივობით და შეჯიბრების სირთულითაც. გამარჯვებულები ორ კლასში გამოვლინდნენ - პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის. პროფესიონალთა კლასში 14 მონაწილე გვყავდა, მოყვარულებში - 35.

- წელს უსაფრთხოების ზომებიც უფრო გამკაცრებული იყო და შეჯიბრებაც გაცილებით დაძაბული გამოდგა...

- მოყვარულებს შედარებით იოლი დავალებების შესრულება უწევდათ და მათთან განსაკუთრებული მოთხოვნები არ გვქონია. აი, პროფესიონალთა ტურნირში მონაწილეებს კი აუცილებლად უნდა სცმოდათ სპეცტანსაცმელი, ავტომანქანა კი ტურნირზე არ დაიშვებოდა, თუ აღჭურვილი არ იყო სპეციალური დაცული სავარძლით, "დუგებიანი" კარკასითა და ა.შ.

- ალბათ, წლევანდელ ტურნირზე ახალი სახეებიც გამოჩნდნენ...

- რა თქმა უნდა. განსაკუთრებით - მოყვარულთა ასპარეზობაში. თუმცა, ეს ტურნირი პროფესიონალთა ტურნირის გამარჯვებულისთვისაც სადებიუტო იყო! სხვათა შორის, გიორგი ჯავახაძემ ნახევარფინალში ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი დაამარცხა... რაც შეეხება სამოყვარულო კლასს, იქ გამარჯვება ლაშა ჯანაშიას დარჩა და სამახსოვრო პრიზთან ერთად, 100 ლიტრი საწვავიც გადაეცა ტურნირის სპონსორ "სოკარისგან". პროფესიონალთა კლასში გამარჯვებულს კი გადაეცა გიორგი თევზაძის სახელობის თასი, 500 ლიტრი საწვავი "სოკარისგან", ვაუჩერი საავტომობილო ზეთების მწარმოებელი კომპანია "კასტროლისგან" და სამახსოვრო პრიზები ორგანიზატორებისგან.

- ტურნირში მონაწილე დრიფტერ გოგონაზეც გვითხარით...

- შეჯიბრების ერთადერთ მონაწილე ქალს, სოფი ხოჯავას, საპატიო სიგელი გადაეცა. გარდა ამისა, ორივე კლასში გამოვლინდა "მაყურებლის სიმპათიის" მფლობელი დრიფტერი: პროფესიონალებში - გიორგი სარიშვილი, მოყვარულებში - ავთო ხელხელაური.