სამინისტრო თუ კომიტეტი?! - დაპირისპირება გრძელდება - კვირის პალიტრა

სამინისტრო თუ კომიტეტი?! - დაპირისპირება გრძელდება

დეპუტატები მინისტრის წინააღმდეგ

"რა რევანშზეა ლაპარაკი, როცა 11 დეპუტატი ერთხმად აკეთებს უარყოფით შეფასებას?!"

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტმა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანის მუშაობა. რადგან კომიტეტის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ, ეროვნული სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები გასულ შაბათს სასტუმრო "რედისონში"შეიკრიბნენ, მიმდინარე პროცესებზე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტის მოსაზრებები რომ მოესმინათ და თავიანთი პოზიციაც დაეფიქსირებინათ. საპარლამენტო კომიტეტიდან შეხვედრას არც ერთი დეპუტატი არ დასწრებია. რატომ? საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე შოთა ხაბარელმა გვიპასუხა, რომ საპარლამენტო კომიტეტის კარი ყველასთვის ღიაა და თუ ფედერაციების წარმომადგენლებს კითხვები აქვთ, ნებისმიერ მათგანს მოუსმენენ.

შოთა ხაბარელი: - კომიტეტის იმ სხდომაზე მხოლოდ სპორტის მინისტრს ვუსმენდით, ფედერაციების საკითხი არ განიხილებოდა. თორემ, როცა კომიტეტში მათ საკითხს განვიხილავთ, ფედერაციებსაც ვუსმენთ და ანგარიშს სამინისტროს ვუგზავნით. სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს ყოველთვის შეუძლიათ, კომიტეტში მოვიდნენ და პრობლემებზე დაგველაპარაკონ. სამწუხაროდ, ყველა ხედავს, რამდენიმე წარმატებულ ფედერაციას თუ არ ჩავთვლით, ქართულ სპორტში ყველაფერი კარგად რომ არ არის...

- და კომიტეტის წევრების პრეტენზიებიც ამას უკავშირდებოდა?

- მინისტრის ანგარიში არადამაკმაყოფილებლად შევაფასეთ იმ საკითხების გამო, რომლებიც გასულ წელს ვერ შესრულდა. დაახლოებით თხუთმეტ საკითხზეა ლაპარაკი.

- ლევან ყიფიანის თქმით, კომიტეტის სხდომაზე ისეთ რაღაცებზე მოსთხოვეთ პასუხი, რაც მისი კომპეტენცია არ არის...

- შესაძლოა, მინისტრი არ წყვეტს, ვინ დაინიშნოს გორის სპორტული დარბაზის დირექტორად, მაგრამ დეპუტატი თემურ ხუბულური კარგად იცნობს მშობლიურ რაიონში არსებულ ვითარებას და დარბაზთან დაკავშირებული ამბით დაინტერესდა. სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა კი ნამდვილად ლევან ყიფიანის პრეროგატივა გახლდათ.

- მაგალითად, ის, თუ რატომ ვერ იბრუნებს სპორტის მინისტრი გასხვისებულ სპორტულ ობიექტებს?!

- შესაძლოა, კანონის თანახმად, ეს არც იყოს მინისტრის პირდაპირი მოვალეობა, მაგრამ იმ ფონზე, როცა გასულ წლებში, ლამის ყველა სპორტული ობიექტი გასხვისდა და სპორტული ინფრასტრუქტურის ნაკლებობას განვიცდით, სპორტის მინისტრი ხომ უნდა დაინტერესდეს და მოიკითხოს მაინც, რა ხდება?! თუ გაირკვევა, რომ ხელშეკრულებები არასწორად იყო გაფორმებული, საქმე შესაბამის ორგანოს უნდა გადაეგზავნოს გამოსაძიებლად და თუ შესაძლებელია, სახელმწიფომ ქონება უკან დაიბრუნოს... რაც შეეხება სპორტის სამინისტროს პირდაპირ მოვალეობებს, ეს სპორტის განვითარებასა და მასობრიობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას უკავშირდება...

- საპარლამენტო კომიტეტის წევრები ფიქრობენ, რომ სპორტის სამინისტრო მოვალეობებს თავს ვერ ართმევს?

- ისეთი კანონები უნდა მივიღოთ, რომ სპორტს კომფორტი შევუქმნათ. მინისტრი რომ ამბობს, ფედერაციების საქმიანობაში არ ვერევიო, თავიანთ საქმიანობასა და შედეგებზე ფედერაციები თავად აგებენ პასუხს, სამინისტროს კი გამტარის როლი ეკისრება დამფინანსებელ სახელმწიფოსა და ფედერაციებს შორის. პირველ რიგში სამინისტრომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა მიაქციოს ყურადღება, სადაც სპორტული ცხოვრების მხრივ სავალალო მდგომარეობაა. მწვრთნელებისა და მასწავლებლების კვალიფიკაციაზე იზრუნოს, საკუთარ თავზე აიღოს სპეციალისტების გადამზადება, რომლებიც 2007 წლიდან, ანუ სპორტის აკადემიის გაუქმებიდან, აღარ მოგვმატებიან...

- მაგრამ ხომ აღდგა სპორტის აკადემია?!

- მინისტრს არ აღუდგენია, ეს სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო და საარჩევნო პროგრამაშიც გვეწერა! მაგრამ სპორტის აკადემიის აღდგენა შედეგს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოიტანს, მანამდე კი სპეციალისტების გადამზადებაზე სამინისტრომ უნდა იზრუნოს. როცა ვხედავთ, რომ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 2-3%-ია სპორტით დაკავებული და კატასტროფისკენ მივდივართ, სახელმწიფომ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს. არის ქვეყნები, სადაც სავალდებულოც კი არის ბავშვების სპორტით დაკავება! ასე რომ, სპორტის პოლიტიკაა განსასაზღვრი, სასწავლო დაწესებულებებში სპორტის გაკვეთილები უნდა აღდგეს, მინისტრი კი სხვა რაღაცებზე ამახვილებს

ყურადღებას და საქმეში რევს ფედერაციებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონიათ საკომიტეტო მოსმენასთან...

- კომიტეტის სხდომაზე სპორტის მინისტრს მართლა ჰკითხეს, სფფ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების ერთი წლით გაგრძელებას ხელი რატომ ვერ შეუშალეო?

- სინამდვილეში, დავით ლორთქიფანიძემ ყიფიანს მხოლოდ ის ჰკითხა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მმართველობის ოთხწლიანი ვადა იანვარში რომ გაუვიდა და თვითნებურად გაიგრძელა უფლებამოსილება, ამაზე თუ მოახდინეთ რეაგირება და თუ ეს დარღვევაა, მიმართეთ თუ არა შესაბამის ორგანოსო... კითხვა სწორედ ასე იყო დასმული, თორემ მინისტრი რომ ფედერაციის პრეზიდენტს ვერ გადააყენებს, ჩვენც კარგად ვიცით!

- რას უპასუხებთ მათ, ვინც ამბობს, რომ კომიტეტის წევრები მინისტრს ლუკა კურტანიძის გადაყენების გამო უპირისპირდებიან და საქმე რევანშის სურვილთან გვაქვს?

- რომელ დაპირისპირებასა და რევანშზეა ლაპარაკი, როცა 11 დეპუტატი ერთხმად აკეთებს უარყოფით შეფასებას?! თავის დროზე, სპორტის კომიტეტმა ორჯერ დაუჭირა მხარი ლევან ყიფიანის დანიშვნას. მაშინ არ ვიყავით "კომუნისტური გადმონაშთები", "ინტრიგანები"და "ჩასაფრებულები"და როცა შენიშვნა მივეცით, ახლა გავხდით?! როდესაც საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც პირდაპირ ევალება სამინისტროს გაკონტროლება, დასკვნას წარმოადგენს, შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს. და რას გადაწყვეტს, ამას მალე ვნახავთ.

საპარლამენტო კომიტეტის წევრებისგან განსხვავებით, ფედერაციების ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, რომელმაც დახურული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

ლევან ყიფიანი: "სამწუხაროა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე არ მოვიდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წარმომადგენლები. გვინდოდა, არსებულ კითხვებზე პასუხი გაგვეცა, თუმცა, ამას მომავალშიც გავაკეთებთ. ჩვენ ფედერაციებს ჩავაბარეთ ანგარიში, თუ რა მოხდა და რატომ არის სპორტულ ოჯახში ასეთი გაუგებარი სიტუაცია. ეს ყველაფერი ნამდვილად არ უწყობს ხელს იმ სტაბილურობას, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მომავალში უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან, რათა მაქსიმალურად მივაღწიოთ შედეგს, რაც ჩვენს გულშემატკივრებს სურთ.

...მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას. სპორტში არ უნდა იყოს ჩასაფრებულობა, პიროვნული ფაქტორები, ამიტომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. სპორტის წარმომადგენლებმა იმაზე უნდა იმუშაონ, რომ უფრო მეტი გამარჯვება მოუტანონ ქართულ სახელმწიფოს.

...კმაყოფილი ვიქნები, წლების შემდეგ ჩემს შვილს ვაჩვენო ყველა ის ობიექტი, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობის დროს გაკეთდება საქართველოში. მინდა, ყველას მოვუწოდო კონსტრუქციულობისკენ, ამისთვის კი პირველ ნაბიჯს თავად გადავდგამ!"

რაც შეეხება ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლებს, გამომსვლელთა უმრავლესობამ სამინისტროს საქმიანობა და მინისტრის გამოსვლა დადებითად შეაფასა, პარლამენტის კომიტეტის მიერ სამინისტროს საქმიანობის უარყოფითად შეფასების გადაწყვეტილება კი არაადეკვატურად და არასამართლიანად მიიჩნია. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დღესდღეობით სრულიად აღმოფხვრილია სამინისტროს ჩარევა ფედერაციების საქმიანობაში, ფედერაციები დამოუკიდებელნი არიან გადაწყვეტილებების მიღებისას, სპორტი არ არის პოლიტიზებული, ფედერაციების დაფინანსება კი საგრძნობლად არის გაზრდილი. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციები გამოხატავენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ყველასთან, ვისაც აწუხებს ქართული სპორტის აწმყო და მომავალი.