გვინდა საქართველოში ფეხბურთი? - კვირის პალიტრა

გვინდა საქართველოში ფეხბურთი?

აქართველოს საფეხბურთო ნაკრების მალტაში სამარცხვინო მარცხმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა ყველას, რომ სპორტის ეს სახეობა ჩვენში უფსკრულშია გადაჩეხილი. ვერ გეტყვით, რომელი საუკუნის ფეხბურთს ვთამაშობთ, რადგან ასეთი საცოდაობა თვით იმ ბრიტანელებს არ უჩვენებიათ,

პირველად რომ გააგორეს ბურთი ნისლიან ალბიონზე. ჩვენ გვაქვს მხოლოდ რიხიანი ამბიცია, რომ მაგრები ვართ; რომ ყველა და ყველაფერი დამნაშავეა ჩვენ გარდა; რომ კარგი მწვრთნელის ხელში ბურთს თავზე დავახევთ ყველას... და საერთოდ, ილუზიებით ვცხოვრობთ. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ილუზიებით უნდათ გვაცხოვრონ მათ, ვისაც ქართული ფეხბურთის ბედ-იღბალი აბარია. ზუსტად ისე, როგორც 70-იანი წლების საბჭოთა ანეკდოტი იყო, - ვაგონებს გარედან აჯანჯღარებდნენ, რელსებზე უროებს ურახუნებდნენ და ეგონათ, წინ მიიწევდა მატარებელი. რეალობა კი ისეთია, რომ ქართველი გულშემატკივარი აღარ ტყუვდება და ნაცარს აღარ იყრის თვალებში, რადგან დიდი ხანია თვალები ამოვსებული აქვს...

მალტური ფიასკო გასაკვირი სულაც არ იყო. მე, პირადად, არც ველოდებოდი ქართველთა გამარჯვებას. რატომ უნდა მოუგო მალტას? მაგარი ხარ მასზე თუ სულისკვეთება გაქვს ისეთი, სამშობლოს გულისთვის სისხლს რომ დაანთხევ მინდორზე? არგენტინელი მწვრთნელი ეხვეწება ქართველ შეგირდებს, საქართველოს დროშის დანახვაზე სისხლი უნდა გიდუღდეთ და თავი უნდა გადადოთო. ბოლოს როდის ვნახეთ ჩვენი "ვარსკვლავების" თავდადება, ვინმეს ახსოვს? აი, ისეთი, წინათ კოჭებდასისხლიანებული რომ გამოდიოდნენ მოედნიდან. სისხლი კი არა, ზოგი ისე ჩადის გასახდელში, მაისურზე ერთი მწვანე ლაქაც არა აქვს. ვიღაცამ ხომ უნდა აუხსნას, მოუყვეს და გაუღვიძოს ის ფესვი, რომელსაც ქართული ფეხბურთის დიდება ჰქვია? რატომ არ იწვევენ ლეგენდარულ ვეტერანებს ნაკრების ყოველ შეკრებაზე? დიდ ნოდარ ახალკაცს ბაზაში მნიშვნელოვანი მატჩების წინ ისტორიკოსები და ხელოვნების მოღვაწეები მიჰყავდა, დიდგორზე უყვებოდა, ბასიანზე, მარაბდაზე... ჰამლეტ გონაშვილის ღვთაებრივ ჰანგებს ასმენინებდა ფეხბურთელებს...

ტრადიციებიდან მოვდივართ ყველა და წარსულთან დამაკავშირებელ ძაფს რომ გაუწყვეტ ახალგაზრდას, ის ვერც მალტასთან მოიგებს თამაშს და ვერც ფარერებთან. ერთხელ დათო ყიფიანმა უთხრა 1964 წლის ლეგენდარულ ვარსკვლავებს, - თუკი ჩვენ რამე მოგვიგია, სწორედ თქვენი გაკვალული გზის დამსახურებაა, თქვენ გვაძლევდით ძალასა და სტიმულს დიდი გამარჯვებების მოსაპოვებლადო... მალტა სად იყო მაშინ, "ლივერპული" და "ბაიერნი" მოედნიდან რომ გაურბოდნენ ქართველ ფეხბურთელებს...

აღარც სირცხვილის გრძნობა, აღარც გულშემატკივრების რიდი და მოკრძალება... 1979 წელს თბილისის "დინამომ" გერმანიის "ჰამბურგთან"" წააგო ჩემპიონთა თასის ორმატჩიანი რაუნდი და ფეხბურთელები სიმწრისგან ქუჩაში არ გამოდიოდნენ. იმდროინდელი "ჰამბურგი" მალტა კი არ იყო, საქართველომ რომ დაუწერა ოქროს ისტორია, არამედ ბრწყინვალე გუნდი კევინ კიგანის მეთაურობით. დასაძრახი არაფერი იყო იმ წაგებაში, რადგან ტოლ-სწორად ვეთამაშეთ და ბედმა მათ გაუღიმა, მაგრამ იმდროინდელ ფეხბურთელებს დღევანდელებისგან განსხვავებით ჰქონდათ გრძნობა, რომელიც დღეს აღარ არსებობს ქართულ ფეხბურთში - პასუხისმგებლობა! ისინი სულსა და გულს დებდნენ საქმეში და უფასდებოდათ კიდეც. ესენი სამარცხვინოდ წაგებული თამაშის შემდეგ უკანასკნელი მოდელის მანქანით ისე ჩამოგიქროლებენ, ფილტვების ანთებას შეგყრიან. არ აწუხებთ აღარც წაგება და აღარც ჩვენი ფეხბურთის ბედით დაღონებული გულშემატკივრის წუხილი. ასეთმა მიდგომამ კი იქამდე მიგვიყვანა, რომ უკვე მალტაც გვაბზრიალებს წაღმა-უკუღმა...

ახლა გამოფხიზლდნენ თითქოს ზოგიერთები იქ, ზევით: მალტასთან როგორ წავაგეთო... რადიკალურ ზომებს მივიღებთო, ამას ვიზამთო, იმასაო...

კარგს იზამენ, თუ ქართულ ფეხბურთს საერთოდ თავს დაანებებენ! ვინ უნდა უპატრონოს ფეხბურთს, ეს არ უნდა იყოს პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. საქართველოში არიან ფეხბურთის ლეგენდები და სპეციალისტები, რომლებსაც თავიანთი მხრებით აქვთ შექმნილი სახელოვანი ისტორია და როგორმე თავად მოიფიქრებენ, რით უსაშველონ სულთმობრძავ ქართულ ფეხბურთს. არ შეიძლება სახელმწიფო ერეოდეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში და იქ თავისი კაცის დანიშვნაზე ვენებს იჭრიდეს. ახალი სისხლის გადასხმა უნდა ფეხბურთს ინვესტიციების, დიდძალი ფინანსების სახით, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, ბავშვთა ფეხბურთი აყვავდეს, მწვრთნელებმა კვალიფიკაცია აიმაღლონ. უბედურება ის არის, რომ ამაზე არავინ ზრუნავს და ფეხბურთს მხოლოდ ფულის "სტანოკად" აღიქვამენ. კი, დიდი ფული ტრიალებს ფეხბურთში, მაგრამ ამ დიდ ფულს საფეხბურთო "კიტები" შოულობენ, რომლებმაც იციან, რომ ჯერ პირობები უნდა შექმნან, თავად უნდა დახარჯონ დიდი ფული და მერე იფიქრონ დივიდენდებზე. აქ ფულის დახარჯვა არავის უნდა, ტრანსფერებსა და "ატკატებზე"" მიდის ჩალიჩი და სულსწრაფობა. არადა, გასაყიდიც არავინ ჩანს სამომავლოდ. ფეხბურთელი აღარ იზრდება, ნიჭიერ ბავშვებს გასაქანს არ აძლევენ, მწვრთნელებად საეჭვო კვალიფიკაციის ხალხი მუშაობს, რომლებიც ფულის მეტს არაფერს აკეთებენ. მოედნები ყანებს ჰგავს, სადაც ბურთის გაგორებაზე კი არა, იმაზე ფიქრი უწევს მოთამაშეს, როგორმე "ბუგაროკში" ფეხი არ ჩაუვარდეს და საღ-სალამათი გამოვიდეს მოედნიდან... და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი პრობლემა და თავშისახლელია დაგროვილი. სანამ ეს არ მოგვარდება, კუპერი კი არა, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა კონსილიუმიც ვერ გვიშველის...

პ.ს. აი, ვწერ და იმედი მაინც არა მაქვს საქმის გამოსწორების. აქ ასეთი მიდგომაა, - წერეთ და იკითხეთო... მე ვიცი მხოლოდ ერთი რამ, - რა განწყობაა გულშემატკივრებში და რა დღეშია ქართული ფეხბურთი. მტკივა ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ მახსოვს და მინახავს, როგორ თამაშობდნენ ფეხბურთს ქართველები. არ უშველის ჩვენი ფეხბურთის უბედურებას კუპერის გადაყენება ან რომელიმე მოთამაშეზე ხელის შეწმენდა. ქართული ფეხბურთი უფსკრულშია ჩაჩეხილი და იქიდან ის ხალხი ვერ ამოიყვანს, ვინც თავად უბიძგა ხელი ქარაფის პირას. ახლა ის დროა, შეიკრიბოს სრულიად საქართველოს საფეხბურთო სამყარო, ერთმანეთს პირუთვნელი სიმართლე უთხრან და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტონ, გვინდა საქართველოში ფეხბურთი თუ არა!

დანარჩენს ისტორია თავად მიუზღავს, - ქართული ფეხბურთის მოამაგესაც და მედროვესაც...