ჯაბა კანკავა: "გერმანელებს მესის მსგავსად გამოკვეთილი ლიდერი არც სჭირდებათ" - კვირის პალიტრა

ჯაბა კანკავა: "გერმანელებს მესის მსგავსად გამოკვეთილი ლიდერი არც სჭირდებათ"

"მუდმივად დაცვაში გვიწევდა ყოფნა. ასეთ დროს ორმაგად იღლები და როცა ბურთს იღებ, შესატევად არც ენერგია გყოფნის და აღარც ფანტაზია"

"არ მიმაჩნია, რომ ძალიან თავმდაბალი ვარ, ცხოვრებაშიც ვარ ხოლმე აგრესიული - გააჩნია ვითარებას

და ხასიათს"

იშვიათი რესპონდენტია ჯაბა კანკავა და როცა ინტერვიუზე დაითანხმებ, სიტყვაუხვობით არც მაშინ გამოირჩევა. არადა, ეროვნული ნაკრების კაპიტანთან სალაპარაკოს რა დალევს?! მით უმეტეს გერმანიასთან მატჩის შემდეგ... რით გააბრაზა ბასტიან შვაინშტაიგერი, რა უთხრა მოედანზე შეჭრილ ქართველ ფანს და რატომ არ უყვარს ინტერვიუს მიცემა, ჯაბა კანკავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში წაიკითხავთ. საუბარი კი გერმანიასთან მატჩით დავიწყეთ:

- ასეთ გუნდთან თამაში ძალიან ძნელია - წამიერ მოდუნებასა და მცირე შეცდომასაც არ გაპატიებენ! უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში სტუმრებს ჰქონდათ, მაგრამ გოლებზე მაინც ძალიან მწყდება გული - შემთხვევითს ვერ დავარქმევ, თუმცა, ორივე ბურთი ისე გავიდა, შეიძლებოდა, არც გაგვეშვა...

- თამაშამდე ყველანი ვამბობდით, მთავარია, გერმანიასთან მატჩი დაწყებამდე არ წავაგოთ, მოედანზე შიშით არ გავიდეთო. შევძელით?

- ვფიქრობ, შევძელით. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე შიში არც ერთი თანაგუნდელისთვის არ შემინიშნავს! მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრას კი არა, ღელვა და დაძაბულობა ყველა მატჩს ახლავს, მთავარია, ნერვიულობამ თამაშში არ შეგიშალოს ხელი.

- მსოფლიო ჩემპიონთა შემადგენლობაში ყველა ვარსკვლავია, მაგრამ... მაინც ვინ იყო სტუმართა გუნდში ყველაზე სახიფათო?

- რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება - მესის მსგავსად გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავთ და არც სჭირდებათ - გერმანიის ნაკრები ერთი "მექანიზმია", სადაც ყველა თავის საქმეს აკეთებს და პასსაც დროულად იძლევა. და ამ ერთიანობის პარალელურად, სათითაოდ, ყველა ფეხბურთელს ეტყობა უმაღლესი კლასი!

- ერთ ეპიზოდში შენ და შვაინშტაიგერმა ერთმანეთზე გაიწიეთ. რა მოხდა იმ მომენტში?

- გერმანელები საჯარიმოს დასარტყმელად ემზადებოდნენ და რომ არ "გამქცეოდა", შვაინშტაიგერს ხელით ვიჭერდი. ამაზე გაბრაზდა და ძალიან აგრესიულად იქცეოდა, ბოლოს კი თავითაც წამოვიდა ჩემკენ... თუმცა, ეს ფეხბურთია, სადაც ჩხუბი ბოლომდე არასდროს მიდის, მატჩის დასრულების შემდეგ "საქმის გარჩევა" კი მეტიჩრობად მიმაჩნია!

- შეტევას თქვენც ცდილობდით, მაგრამ... ჰუმელსი და ბოატენგი "კლდესავით" იდგნენ დაცვაში, ერთი შეცდომაც არ დაუშვიათ!

- მხოლოდ ჰუმელსი და ბოატენგი რომ ყოფილიყვნენ, რაღა გვიჭირდა (იცინის), მაგრამ ბურთს სულ გერმანელები აკონტროლებდნენ, ჩვენ კი მუდმივად დაცვაში ყოფნა გვიწევდა. ასეთ დროს ორმაგად იღლები და როცა ბურთს იღებ, შესატევად არც ენერგია გყოფნის და აღარც ფანტაზია... ამის გამო, ფაქტობრივად, არც გვქონია შეტევის შანსი. არც კონტრშეტევები გამოგვივიდა... თუმცა, რამდენიმე მოთამაშეს მაინც აღვნიშნავ: ჭანტურია   და  ყენია კარგად ჩაერთვნენ თამაშში, ნაკრებში სხვა მოთამაშეებიც არიან, თამაშის "დალაგება" და შეტევის წამოწყება რომ შეუძლიათ - დვალი, ყაზაიშვილი, ძალამიძე და სხვ.  ასე რომ, თუ სწორად მივუდგებით საქმეს, შეტევაშიც მეტი წარმატებით შევძლებთ თამაშს.

- მალტასთან მატჩში გატანილი პირველი გოლის დროს რა მოხდა? კუნძულელები ამტკიცებდნენ, კანკავამ ბურთი ხელით გაიტანაო...

- აშკარად რომ მომხვედროდა ხელზე, ხომ ყველა დაინახავდა?! ჩამოწოდებული ბურთისთვის რამდენიმე ფეხბურთელი ვიბრძოდით, ყველას დავასწარი და... ბიჭებმა მითხრეს, ბურთი სხვას არავის შეხებიაო და გოლი მომილოცეს. ეს იყო და ეს...

- ვიცით, რომ შეტევას არც ქეცბაია გიშლიდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ნაკრები ახლა უფრო მეტად იწევს შესატევად! რა შეიცვალა ნაკრებში კახა ცხადაძის მოსვლის შემდეგ?

- ჯერ ნაადრევი მგონია იმაზე ლაპარაკი, როგორ შეიცვლება ნაკრების თამაში. ყველა მწვრთნელს თავისებური სათამაშო სქემა და ტაქტიკა აქვს - ქეცბაიას თავისი სტილი ჰქონდა, ცხადაძეს თავისებური აქვს და ა.შ. ვეცდებით, მწვრთნელის დავალებები შევასრულოთ და რა გამოვა ამ საქმიდან, მომავალი გვიჩვენებს.

- სიმკაცრე თუ მეგობრობა? როგორ ეტყობა, რა გზას ამჯობინებს ახალი მწვრთნელი ნაკრების ფეხბურთელებთან საურთიერთოდ?

- თუ ფეხბურთელი მოუმზადებელი გამოცხადდა სანაკრებო შეკრებაზე, მეგობრულად მიუდგები თუ მკაცრად, მაინც ისე ითამაშებს, როგორც უნდა და როგორც შეუძლია! ეროვნული ნაკრები პროფესიული დონეა და მწვრთნელი როგორც უნდა მოექცეს ფეხბურთელს, გადამწყვეტი მაინც მოედანია. მთავარია, როგორ ითამაშებ და შეასრულებ მწვრთნელის დავალებას.

- გერმანიასთან მატჩის შესვენება იწყებოდა, მინდორზე მაყურებელი რომ შეიჭრა და დემონსტრაციულად "გაგიწმინდა" ბუცები. შეგეტყო, რომ დაიბენი...

- დავიბენი კიდეც, რადგან ასეთ რამეს არ ველოდი. თანაც, ძალიან მომერიდა, უხერხულად ვიგრძენი თავი. იმ ბიჭსაც ვუთხარი, ჯიგარი ხარ, მაგრამ ასეთი რამ არ უნდა გაგეკეთებინა, ზედმეტი იყო-მეთქი...

- სტიუარდებსაც ხომ უთხარი რაღაც?

- უხეშად გაჰყავდათ მოედნიდან და ვთხოვე, უფრო ზრდილობიანად მოექეცით-მეთქი... იმედია, მოედანზე ამდენი ქომაგის შემოჭრის გამო, "დინამო არენას" მკაცრად არ დასჯიან.

- გიორგი მერებაშვილთან დაკავშირებულ ამბავზე რას ფიქრობს ნაკრების კაპიტანი? გვინდა, გვჯეროდეს, რომ საქმე მხოლოდ ცხელ გულზე ნათქვამ სიტყვებთან გვაქვს და ნაკრებში ბოლო წლებში დამკვიდრებული უსიამოვნო ტრადიცია აღარ გაგრძელდება...

- კიდევ ერთხელ გავიმეორებ - კონფლიქტების გამომზეურების და პრესაში გადატანის მომხრე არა ვარ! უკეთესი იქნება, ყველამ თავი შევიკავოთ და პირადი წყენა პირადად გავარკვიოთ და არა გაზეთების მეშვეობით...

- "დნიპროზეც" ვთქვათ. ევროპის ლიგის მეოთხედფინალში ბელგიურ "ბრიუგეს" შეხვდებით. სუპერთასის მატჩს წელს თბილისი მასპინძლობს და, ალბათ, ევროპის ლიგაზე ჩემპიონობას შენთვის ორმაგი ფასი აქვს...

- სუპერთასის მატჩში მონაწილეობაზე ფიქრი ძალიან ნაადრევია. ჯერ მხოლოდ მეოთხედფინალში ვართ და დასამარცხებელი გვყავს "ბრიუგე", რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია!

- მინდორზე ნამდვილი კაპიტანი და ლიდერი ხარ - შეუპოვარი, აქტიური, აგრესიულიც კი. მოედანს მიღმა კი რადიკალურად განსხვავებული - მშვიდი, წყნარი, თავმდაბალი...

- არ მიმაჩნია, რომ ძალიან თავმდაბალი ვარ (იცინის). ცხოვრებაშიც ვარ ხოლმე აგრესიული - ისევე, როგორც ყველა. გააჩნია ვითარებას და ხასიათს...

- დნიპროპეტროვსკი ფრონტის ხაზიდან მოშორებით არის, მაგრამ ომის "სურნელი", ალბათ, მთელ უკრაინაში იგრძნობა... ეს ყველაფერი ფეხბურთზეც აისახა?

- რა თქმა უნდა. უკრაინული კლუბების უმეტესობა ფინანსურ კრიზისს განიცდის და ფეხბურთელი ხელფასს რომ არ იღებს, ბუნებრივია, ეს მის თამაშზეც აისახება. საბედნიეროდ, "დნიპროში" ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია.

- დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდი, რომელშიც ბექა ვაჩიბერიძე ბრწყინავს, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ბექასთან ან უკრაინაში მოთამაშე სხვა ქართველებთან თუ ურთიერთობ?

- ვაჩიბერიძეს არ ვიცნობ, ქართველი ფეხბურთელებიდან კი, ძირითადად, სანდრო კობახიძეს ვეხმიანები.

- ოლეგ გუსევის გადარჩენის შემდეგ, მთელი უკრაინა შენს გმირობაზე ლაპარაკობდა. როცა ერთმანეთს ხვდებით, თავად გუსევი რას გეუბნება ხოლმე?

- გუსევი მას შემდეგ არ მინახავს.

- თუმცა, ჟურნალისტებისთვის ეს თემა ისევ აქტუალურია და "საფეხბურთო გმირობების" ათეულშიც მოხვდა. საინტერესოა, მედიის წარმომადგენლები ხშირად გისვამენ უცნაურ კითხვებს?

- ერთმა თქვენმა კოლეგამ მკითხა: სტიმულია თუ არა შენთვის ნაკრებში გამოძახებაო? - რა უნდა მეპასუხა?!

- ჟურნალისტებთან ურთიერთობასაც ასეთი კითხვების გამო ხომ არ არიდებ თავს?

- არა, უბრალოდ, არ მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი, არაფრისმომცემი ინტერვიუები, ყოველი მატჩის შემდეგ კომენტარის გაკეთება და ა.შ.

- უდიდესი სტიმული რომ არის, ვიცი, ამიტომ სხვაგვარად გკითხავ: რას ნიშნავს ჯაბა კანკავასთვის ეროვნული ნაკრების კაპიტნობა?

- გრძნობას, რომლის გადმოცემაც შეუძლებელია, შესაძლებლობას, მოედანზე დაამტკიცო, როგორ გიყვარს შენი სამშობლო! ნაკრების კაპიტნობა დიდი პატივი და სიამოვნებაა, იმავდროულად კი, უდიდესი ტვირთი და პასუხისმგებლობაც!