უკრაინის "ქართველი პისარო" ჩემპიონთა ლიგაში - კვირის პალიტრა

უკრაინის "ქართველი პისარო" ჩემპიონთა ლიგაში

"ნაწყენი არა ვარ და არც არაფრის დამტკიცება დამიწყია"

"მინდა, "ნამდვილი" ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ვითამაშო!"

კახა კალაძის შემდეგ ბექა ვაჩიბერაძე მეორე ქართველია, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია! მერე რა, რომ დონეცკის "შახტარის" 19 წლის ნახევარმცველმა გასულ კვირას იუნიორთა ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ითამაშა? რა ასაკობრივი კატეგორიაც უნდა იყოს, ჩემპიონთა ლიგაზე ქართველის წარმატებული თამაში მაინც იშვიათი და მონატრებული ამბავია. თავად ამბობს, უკრაინული პასპორტის მქონე ქართველი ვარო. ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი თავდამსხმელის, ზაზა ვაჩიბერაძის ვაჟი, წლების წინ საქართველოს ასაკობრივი ნაკრების შეკრებებზეც გამოუძახებიათ, საკონტროლო მატჩებში თავიც გამოუჩენია, მაგრამ... მშობლიურ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა, უკრაინაში კი ჩვენებური საკლუბო დონეზეც გამორჩეულია და ნაკრებშიც. იყო უკრაინის 16, 17 და 18-წლამდელთა ნაკრებების წევრი, ამჟამად კი U19-წლამდელების ერთ-ერთი ლიდერია. 15 წლისამ ოდესის "ჩერნომორეცის" მაისურით 33 ბურთი გაიტანა უკრაინის 17-წლამდელთა ჩემპიონატის 40 მატჩში, ახლა კი "შახტარის" ახალგაზრდული გუნდის საყრდენი ნახევარმცველია და უკრაინელებმა "ახალი პისარო" შეარქვეს! იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (გადამწყვეტი მატჩი "შახტარმა" 2:3 წააგო ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდულ გუნდთან. - ავტ.) გუნდი სწორედ ბექას გადამწყვეტმა პენალტმა გაიყვანა და სხვა შეხვედრებშიც გამორჩეული იყო. რომელი ქვეყნის ნაკრებს უკავშირებს თავის მომავალს ბექა ვაჩიბერაძე? ამჯერად ამ თემაზე ლაპარაკისგან თავი შევიკავეთ. თუმცა, ქართველი ჟურნალისტისთვის მიცემული მისი პირველი ინტერვიუ აუცილებლად დაგაინტერესებთ:

- ქუთაისში დავიბადე. რვა წლის ვიყავი, როცა თბილისში გადავბარგდით და საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" დავიწყე ვარჯიში შოთა ჭეიშვილთან. 14 წლისა ოდესის "ჩერნომორეცში" ჩავირიცხე, სამი წლის შემდეგ დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ვარ და ყველა ასაკობრივი გუნდი გამოვიცვალე. ახალი სეზონიდან "შახტარის" "დუბლებში", ანუ 21-წლამდელთა გუნდში მიწევს თამაში, მაგრამ მითხრეს, რომ ზაფხულის შეკრებას "შახტარის" ძირითად გუნდთან ერთად გავივლი. ვნახოთ, რა იქნება...

- შეთავაზებები სხვა კლუბებიდანაც გაქვს?

- რამდენიმე შემოთავაზება არის, მაგრამ მათ მხოლოდ მას შემდეგ განვიხილავთ, როცა ზაფხულში "შახტართან" ჩემი კონტრაქტი ამოიწურება.

- ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბენფიკას" კარში გატანილი გადამწყვეტი პენალტი ძალიან ემოციურად აღნიშნე...

- ისე გამიხარდა, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი (იცინის). "ოლიმპიაკოსთან" მატჩის შემდგომი პენალტების სერიაშიც მეხუთემ დავარტყი და... ავაცილე. ამის გამო, პენალტი "ბენფიკასთანაც" შეგნებულად შევასრულე ბოლომ - დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიტანდი!

- "ჩელსისთან" ფინალი 2:3 წააგეთ. შეიძლებოდა მოგება?

- "ჩელსი" მთელ მსოფლიოში ეძებს ნიჭიერ ახალგაზრდებს, "შახტარში" კი მხოლოდ უკრაინელები ვიყავით. კი გვაჯობეს, მაგრამ ღირსეულად ვითამაშეთ და 5-10 წუთი კიდევ რომ გვქონოდა, ანგარიშის გათანაბრებას აუცილებლად შევძლებდით! იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაში შარშანაც ვითამაშეთ და მერვედფინალში 1:3 წავაგეთ "არსენალთან".

- კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ხარ, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია... იცოდი?

- ჩემი გვარის ხსენება ისეთი ფეხბურთელის გვერდით, როგორიც კალაძე იყო, ძალიან სასიამოვნოა! სხვათა შორის, ნაკრებში ჩემი ამჟამინდელი მწვრთნელი კახას კარგად იცნობს...

- ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ხშირი შექება და ცნობილ მოთამაშეებთან შედარება სტიმულია თუ დათვური სამსახური?

- სასიამოვნოა, მაგრამ ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. მით უმეტეს, ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია!

- "შახტარის" პირველ გუნდთან გაქვთ შეხება, თუ 19-წლამდელები სხვა ბაზაში ემზადებით?

- ერთ ბაზაში ვცხოვრობდით და პირველი გუნდის ვარჯიშებსაც ვადევნებდით ხოლმე თვალს. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ჩვენ და 21-წლამდელები პოლტავაში ვცხოვრობთ, პირველი გუნდი კი ხან კიევში ემზადება, ხან ლვოვში.

- მამაშენი, ზაზა ვაჩიბერაძე, ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი თავდამსხმელია და წლების წინ შენც შეტევაში თამაშობდი. ამჟამად, საყრდენი ნახევარმცველი ხარ, თუმცა, შეტევაშიც ხშირად ერთვები და გოლებიც გაგაქვს. ჩანს, ქართული სისხლი არ გასვენებს...

- გოლის გატანა უდიდესი სიამოვნებაა (იცინის)! მანამდე 10-ნომრად ვთამაშობდი, უკრაინის ნაკრებში კი საყრდენად დამაყენეს. "შახტარში" გადასვლის შემდეგაც ამ პოზიციაზე ვთამაშობ და შეტევის წამოწყების ნაცვლად, მეტოქის იერიშის ჩაშლა მევალება. რაც შეეხება მამას, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში! 3 წლის ასაკიდან სულ თან დავყავდი სტადიონზე თუ ბაზაში, ვარჯიშიც პატარა ასაკიდან დამაწყებინა და ახლაც ძალიან მეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები საქართველოში ცხოვრობენ, მე კი უკრაინაში. ჩამოსვლას წელიწადში ორჯერ თუ ვახერხებ...

- უკრაინაში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებთან გაქვს ურთიერთობა?

- როცა უკრაინაში თამაშობდა, ხშირად ვნახულობდი თორნიკე ოქრიაშვილს.

- "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდში კიდევ ერთი მოთამაშეა ქართული გვარ-სახელით - ილია იჩუაიძეზე რას გვეტყვი?

- ილია ჩემი თანატოლია. უკრაინის მოქალაქეა, თუმცა, აქაურ ასაკობრივ ნაკრებებში არ უთამაშია. ამპლუით ცენტრალური მცველია, თუმცა, ბოლო პერიოდში მარცხენა მცველად ათამაშებენ. მუხლის ტრავმის შემდეგ ოპერაცია დასჭირდა და ბოლო მატჩები ამიტომ გამოტოვა.

- უკრაინის მოქალაქე ხარ, ბოლო წლებია, მანდ ცხოვრობ, მაგრამ... უკრაინელია ბექა ვაჩიბერაძე თუ ქართველი?

- საქართველოში დავიბადე და გავიზარდე... რთული კითხვაა... ამიტომ მოკლედ გიპასუხებთ - ვარ ქართველი უკრაინული პასპორტით!

- საქართველოს ნაკრების თამაშებს თუ ადევნებ თვალს?

- რა თქმა უნდა, ვუყურებ და ვგულშემატკივრობ! სხვათა შორის, აპრილის ბოლოს ქართველ 19-წლამდელებს ვეთამაშებით და მიხარია, რომ ჩემს მეგობრებს ვნახავ.

- 2012 წელს უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში 3:1 გაიმარჯვა და იმ შეხვედრაში, სტუმართა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყავი. გაგიჭირდა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში, თუ პირიქით, გინდოდა, დაგემტკიცებინა, რომ თავის დროზე ისტორიული სამშობლოსგან მეტ ყურადღებას იმსახურებდი?

- რამდენჯერმე გამომიძახეს საქართველოს ნაკრების შეკრებაზე, მაგრამ არ ამიყვანეს... ნაწყენი ნამდვილად არა ვარ და არც არაფრის დამტკიცება დამიწყია - ევროპის ელიტრაუნდის შესარჩევი მატჩი იყო, მოედანზე გავედი და ვითამაშე...

- 17-18 წლის ასაკამდე თუ თამაშობენ, მერე რა ემართება ქართველი ფეხბურთელების უმეტესობას? მენტალური პრობლემაა, ზარმაცობენ თუ მცირედით კმაყოფილდებიან? შენც ქართველი ხარ და, ალბათ, გიფიქრია ამაზე...

- არ ვიცი... პირადად ჩემთვის, გაუგებარია, ფეხბურთელი მცირედით როგორ უნდა დაკმაყოფილდეს?!

- რაზე ოცნებობს ბექა ვაჩიბერაძე?

- მინდა, ძლიერი ევროპული კლუბის შემადგენლობაში ვითამაშო, "ნამდვილი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში! მესის გამო, "ბარსელონას" ვგულშემატკივრობ, მაგრამ ჩემი საყვარელი კლუბი ლონდონის "ჩელსია". ყველაზე მეტად ინგლისში თამაში მინდა!