დიდება-შვილითაც და მის გარეშეც... - კვირის პალიტრა

დიდება-შვილითაც და მის გარეშეც...

საქართველო 77:3 გერმანია

11 ლელო, ამდენივე გარდასახვა და 77 ქულა სამის წინააღმდეგ - ასე დაიწყო საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელი გათამაშების მეორე წრე. ტიმ ლეინის შეგირდებმა გერმანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს და 77:3 გაიმარჯვეს. გერმანია გათამაშების აუტსაიდერი კი არის, მაგრამ არა გვგონია, ქართველ ქომაგთაგან ვინმე შედეგით უკმაყოფილო იყოს.

მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული გუნდი მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, არასრული შემადგენლობით შეიკრიბა, მთავარი მწვრთნელის გარეშე ვარჯიშობდა და არც ამინდმა შეუწყო ხელი. ტიმ ლეინზე აქამდეც ვთქვით - ნაკრების თავკაცს მამა გარდაეცვალა და თბილისში მხოლოდ თამაშის  წინ ჩამოვიდა. რაც შეეხება ამინდს, მატჩის დღეს თბილისში ისე მოთოვა, მოედნის გასაწმენდად, შესაბამის სამსახურს გვარიანი ოფლის ღვრა მოუხდა და შეხვედრის დაწყების დრომაც ერთი საათით გადაიწია.

თავად შეხვედრაზე სალაპარაკო ბევრი არაფერია. ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, ვისი ჩათვლის მოედანი უფრო იყო ატალახებული. მხოლოდ ლელოს ავტორებს ჩამოგითვლით: ორ-ორჯერ გამოიჩინეს თავი გია ნემსაძემ, ირაკლი მაჩხანელმა და ბიძინა სამხარაძემ, თითოჯერ თედო ზიბზიბაძემ და ბესო უდესიანმა. ერთხელ საჯარიმო ლელო დავდეთ, მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი მერაბ კვირიკაშვილი გახდა 32 ქულით: "მეკომ" ორი ლელო გაიტანა და 11 გარდასახვიდან ყველა ზუსტად შეასრულა!

გერმანიის ნაკრები ჯერ ისედაც მაჩანჩალაა და თბილისს მთლად დასუსტებული ეწვია. ამ ქვეყანაში რაგბი ნახევრად სამოყვარულო დონეზეა, მოთამაშეთა უმრავლესობას სტუდენტები შეადგენენ და რაკი თებერვალი გამოცდების თვეა, მორაგბეთა უმრავლესობამ საქართველოში გამომგზავრებას წიგნებში თავის ჩარგვა არჩია. თუმცა, ალემანებს ყველა უძლიერესიც რომ ჰყოლოდათ, ბევრს ვერაფერს შეცვლიდნენ და ამის დასტურად პირველ წრეში, ჰაიდელბერგში ჩატარებული მატჩიც გამოდგება - მაშინ ბორჯღალოსნებმა 38:5 იმარჯვეს.

ჰო, მატჩის ერთადერთი ინტრიგაც ჰაიდელბერგს უკავშირდება - სწორედ ამ ქალაქის კლუბის, "ნოიენჰაიმის" ღირსებას იცავს გერმანიის ნაკრების მესამეხაზელი შალვა დიდებაშვილი. თბილისში დაბადებულ-გაზრდილი დიდებაშვილი თავის დროზე "აკადემიის", "ყოჩებისა" და "ხულიგანას" ღირსებას იცავდა, 2003 წელს კი გერმანიაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად და ჯერ "ნოიენჰაიმში" მოხვდა და ახლა გერმანიის ნაკრებშია.

შალვა დღემდე საქართველოს მოქალაქეა, თუმცა, გერმანული კანონების თანახმად, ლეგიონერს, რომელიც მინიმუმ სამ წელს გაატარებს ადგილობრივ კლუბში, გერმანიის ნაკრებში თამაშის უფლება ეძლევა და... ბედის ირონიით, ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა შალვა დიდებაშვილმა მშობლიური ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. "იმედია, მოღალატედ არ ჩამთვლიან, მე კი შევეცდები, საქართველოს ეროვნული ჰიმნისას ყელს მობჯენილი ცრემლი არ შევიმჩნიო" - თქვა მატჩამდე დიდებაშვილმა... ასეც იყო, თამაშის შემდეგ კი თავისიანებმა "მამლუქი" ისე მძლავრად ჩაიკრეს გულში, ცრემლის შეკავება მართლა გაუჭირდებოდა...

გერმანიის ნაკრები მოთელვა იყო. მთავარი ბრძოლა ჩვენებს 13 თებერვალს, პორტუგალიაში ელით ადგილობრივ "მგლებთან". და თუ პირინეზე გავიმარჯვეთ, 27-ში, ესპანელ ლომებსაც ავაღრიალებთ და მსოფლიო თასის საგზურს ვეღარავინ შეგვეცილება. შესაბამისად, მარტში რუმინელებისა და რუსების დამარცხება მხოლოდ პრინციპის ამბავიღა იქნება...

P.S. იმავე დღეს, სოჭში რუსეთმა პორტუგალიას 14:10 მოუგო.