ევრო 2012: საქართველოს მეტოქეები ცნობილია - კვირის პალიტრა

ევრო 2012: საქართველოს მეტოქეები ცნობილია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულმა კენჭისყრამ ის გუნდები გამოავლინა, რომლებიც საქართველოს ნაკრებს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურს

შეეცილებიან. ჩვენი გუნდი  F ჯგუფში მოხვდა ხორვატიასთან, საბერძნეთთან, ისრაელთან, ლატვიასა და მალტასთან ერთად.

პირველ კალათში განთესილი გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მეტოქე - ხორვატია გვერგო წილად. იმავეს თქმა შეიძლება მეორე და მესამე კალათში განთესილ საბერძნეთსა და ისრაელზე. რაც შეეხება ლატვიასა და მალტას, თავმოყვარე გუნდმა ისინი სერიოზულ მეტოქეებად არც უნდა განიხილოს, მაგრამ, რადგან ქართული ფეხბურთი და თავმოყვარეობა ერთმანეთთან ძნელი დასაკავშირებელია და თანაც, ბოლოს გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში მალტამაც "გვასიამოვნა" და ლატვიამაც, პროგნოზის გაკეთებისგან თავის შეკავება გვმართებს.

საერთო ჯამში კი, შეიძლება ითქვას, რომ საშუალო სიძლიერის ქვეჯგუფში მოვხვდით და თუ რამის დამტკიცება გვსურს, მეტოქეები ნამდვილად ზედგამოჭრილია. მოგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებენ, მეორე ადგილზე გასული რვა გუნდი კი დარჩენილი 4 საგზურისთვის ფლეი-ოფში იბრძოლებს.