ჭადრაკის დედოფალი ისევ ქართველია! - კვირის პალიტრა

ჭადრაკის დედოფალი ისევ ქართველია!

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა დიდებულად აიღო სტარტი ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე. გაზეთის ფორმატის გამო კვირას გამართული მეშვიდე ტურის შედეგებზე ვერაფერს გეტყვით, საწყის ექვს ტურში კი ქართველების ანგარიშზე ერთი ყაიმი და ხუთი გამარჯვებაა! დიახ, პირველ ტურში რუსეთის ნაკრებთან ნათამაშები 2:2-ის შემდეგ ჩვენმა გუნდმა (ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე) ზედიზედ დაამარცხა ეგვიპტე (4:0), პოლონეთი (2,5:1,5), ყაზახეთი (3:1), უკრაინა (2,5:1,5) და აშშ (3:1) და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობდა! კვირას საქართველოს ნაკრები ინდოეთის გუნდს ეთამაშა, დარჩენილ ორ ტურში კი ჩვენებს სომხებსა და მასპინძელ ჩინეთთან თამაში ელით.