"ვეცდები, ასეულში "უიმბლდონის" დაწყებამდე მოვხვდე" - კვირის პალიტრა

"ვეცდები, ასეულში "უიმბლდონის" დაწყებამდე მოვხვდე"

"რაც უფრო თავდაჯერებულია, ჩოგბურთელი მით უკეთესად თამაშობს"

ინტერვიუზე იშვიათად თანხმდება - ჯერ ისეთს რას მივაღწიე, პრესაში და ტელეეკრანზე ხშირად რომ ვჩანდეო. ასეთი თავმდაბლობის მიუხედავად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სწორედ აპრილში აჩვენა კარიერის საუკეთესო შედეგი - ბოლო თვეებია, საქართველოს პირველი ჩოგანი სტამბოლის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვარჯიშობს და ეს მის თამაშსაც დაეტყო: ებრაული რაანანის 125-ათასიან ტურნირზე გამარჯვების შემდეგ ნიკამ ნეაპოლის ტურნირის წყვილთა ფინალშიც ითამაშა და რაც მთავარია, 134-ე პოზიციაზე აინაცვლა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში, რაც საუკეთესო შედეგია მის კარიერაში! დანარჩენს ნიკოლოზ ბასილაშვილი თვითონ იტყვის:

- რამდენიმე თვეა, ვცხოვრობ სტამბოლში, სადაც ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი საჩოგბურთო აკადემია აშენდა. ჩინებულ პირობებში ვვარჯიშობ და თურქების თქმით - აკადემიასაც ვეხმარები პოპულარობის მოპოვებაში. კარგად შევეწყვე ავსტრალიელ მწვრთნელსაც, რომელიც სტამბოლში მავარჯიშებს.

- თურქებმა სპორტის ყველა სახეობაში ჩადეს ინვესტიცია, როგორც ჩანს, ჩოგბურთსაც დიდ ყურადღებას აქცევენ...

- დიახ და ამის დასტურია ახალაშენებული, 64-კორტიანი კომპლექსიც, სადაც ჩოგბურთელებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. თანაც, სტამბოლიდან ნებისმიერი მიმართულებით ადვილია გამგზავრება და ჩემთვის ესეც მნიშვნელოვანია...

- ვიცი, რომ რეიტინგს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევ, მაგრამ კარიერის საუკეთესო პოზიცია მაინც გაგახარებდა.

- საუკეთესოთა ასეულთან მიახლოებამ მოტივაცია გამიორმაგა და ვეცდები, ტოპ-100-ში "უიმბლდონის" დაწყებამდე მოვხვდე, პირდაპირ ძირითად ბადეში რომ ვითამაშო. რაც შეეხება რეიტინგს, სრულად ვიხარჯები ვარჯიშისა და თამაშის დროს, წარმატებულ თამაშს კი თავისთავად მოსდევს რეიტინგის ამაღლება!

- რაანანის ტურნირზე განთესილთა შორისაც არ იყავი, მაგრამ... ჩემპიონი გახდი! ელოდი ასეთ შედეგს?

- ყოველ შემთხვევაში, მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ისრაელში კარგად მომზადებული ჩავედი და ტურნირზეც ყველაფერი კარგი დამხვდა - ამინდი, კორტები, ორგანიზება... ფინალში გამარჯვება ძალიან მინდოდა და დაძაბული გავედი ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ლუკაშ ლაცკოსთან სათამაშოდ. ამის გამო პირველ სეტში სლოვაკმა მაჯობა, მეორესაც ვაგებდი, მაგრამ მობილიზება შევძელი და თამაში შემოვაბრუნე!

- ნეაპოლის ტურნირიც კარგად დაიწყე...

- იტალიაში წასვლა შეცდომა იყო, წყვილებში მით უმეტეს არ უნდა მეთამაშა! როცა ჰარდიდან ქვიშისსაფრიან კორტზე გადადიხარ, კუნთები სრულიად სხვაგვარად იტვირთება და ფეხმა შემაწუხა.

- ნეაპოლში არ უნდა მეთამაშაო, მაგრამ შენ და ალექსანდრ ბური წყვილთა თანრიგის ფინალში გახვედით!

- კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, ნეაპოლის ტურნირის ყველაზე ძლიერ წყვილებსაც მე და ბურმა მოვუგეთ... ამ ეტაპზე წყვილთა თანრიგი დიდად არ მაინტერესებს, მაგრამ როცა ასეულში შევალ, წყვილებშიც უფრო ინტენსიურად ვითამაშებ.

- ეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ შენი მთავარი პრობლემა არასტაბილურობაა?

- ტურნირების არასწორი დაგეგმვის გამო კარიერაში არაერთხელ შემქმნია პრობლემა და ბუნებრივია, ასეთი რამ შედეგზეც აისახება ხოლმე. მაგრამ მას შემდეგ, რაც თურქეთში ვვარჯიშობ, ყველაფერი კარგად არის და სტაბილური შედეგებიც მექნება.

- იანვარში დოჰას პრესტიჟული ტურნირის მერვედფინალში გახვედი. მსოფლიოს 47-ე ჩოგან მიხაილ იუჟნისთან გამარჯვებაც გავიხსენოთ.

- ტოპ-50-ის წარმომადგენელთან პირველმა გამარჯვებამ უფრო თავდაჯერებული გამხადა, ჩოგბურთელი კი, რაც უფრო თავდაჯერებულია, მით უკეთესად თამაშობს. გამონაკლისი არც მე ვარ...

- მიხაილ იუჟნი შენზე უფროსიც არის და გამოცდილიც, როგორ აჯობე?

- გამოცდილება ჩემზე მეტი აქვს, მაგრამ ფიზიკურად დავჯაბნე - წინააღმდეგობა ვერ გამიწია! კარგ ფორმაში ვიყავი და იუჟნისთან სათამაშოდ ძალიან თავდაჯერებული გავედი, შიში ან დაძაბულობა არ მიგრძნია. გავედი, ჩემი თამაში ვითამაშე და გავიმარჯვე!

- იუჟნის მანამდეც იცნობდი? წლების წინ ხომ შენც თამაშობდი რუსეთის სახელით...

- ხშირი ურთიერთობა არც მაშინ გვქონია. ისე კი, რა თქმა უნდა, ვიცნობთ ერთმანეთს. ვიცი, რომ საქართველოში ბევრს გაუხარდა, რუსს რომ მოვუგე, მაგრამ მე ასეთ რაღაცებს მნიშვნელობას არ ვანიჭებ - კორტზე სათამაშოდ გავდივარ, მეტოქის ეროვნებას კი ყურადღებას არ ვაქცევ.

- იუჟნის შემდეგ მერვედფინალში მსოფლიოს 27-ე ჩოგან ივო კარლოვიჩს შეხვდი. მისთვისაც რომ მოგეგო, მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან მოგიწევდა თამაში!

- პირველ სეტში კარლოვიჩს "ბრეიკი" გავუკეთე და 3:1 ვუგებდი, მაგრამ უპირატესობა ვეღარ შევინარჩუნე... დაძაბული ვიყავი, ვინერვიულე და თავიდანვე არეული შევედი ხორვატთან სათამაშოდ. მასავით ტანმაღალ (ივო კარლოვიჩის სიმაღლე 211 სანტიმეტრია. - ავტ.) და ძლიერი მოწოდების მქონე მოთამაშეებთან შეხვედრაში ბურთის გათამაშება ძალიან იშვიათია, შესაბამისად - გახურება და თამაშში "შესვლაც" გვიან ხდება. ამის გამო მობილიზება გამიჭირდა... ჯოკოვიჩი? ის სხვა სტილის ჩოგბურთელია. მასთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ მომცემოდა, მერწმუნეთ, უკეთესი თამაში იქნებოდა, ვიდრე კარლოვიჩთან მატჩში!

- ნოვაკ ჯოკოვიჩი 5 ათასი სარეიტინგო ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ როჯერ ფედერერს! რა არის სერბი ჩოგბურთელის ამხელა უპირატესობის საიდუმლო?

- ნიჭის გარდა, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი: შესაძლოა, ნოვაკი არც ისე ბევრს სჯობდეს ტექნიკით ან ფიზიკური მონაცემებით, მაგრამ მათზე უკეთეს პირობებში ემზადება - ჰყავს რამდენიმე მწვრთნელი, მასაჟისტი, დიეტოლოგი და ა.შ. ძალიან სერიოზული სისტემა აქვს აწყობილი. არცთუ იშვიათად სწორედ ასეთი "წვრილმანები" წყვეტს კონკრეტული მატჩებისა თუ რეიტინგის ბედს...

- საჩოგბურთო სამყარო მეგობრული ურთიერთობებით არ გამოირჩევა, მაგრამ ცნობილი ჩოგბურთელებიდან ვისთან გაქვს შედარებით ახლო ურთიერთობა?

- გეთანხმებით - ჩოგბურთელების მეგობრობა ძალიან იშვიათია. ისე კი, შედარებით ახლოს ვარ მილოშ რაონიჩთან და დმიტრი ტურსუნოვთან.

- ყველაზე მეტად რომელ საფარზე გიყვარს თამაში?

- ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ - თითქმის ყველანაირ კორტზე თავისუფლად ვთამაშობ, მათ შორის - ბალახის საფარზეც! თუმცა, ყველაზე კომფორტულად თავს მაინც ჰარდზე ვგრძნობ - რაც უფრო სწრაფია საფარი, უფრო მიყვარს!

- ჩოგბურთელებიდან?

- კერპი ნამდვილად არ მყავს. ისე კი, ყველაზე მეტად, როჯერ ფედერერის თამაშის სტილი მომწონს.

- ჩოგბურთის გარდა რა უყვარს ნიკოლოზ ბასილაშვილს? რით ერთობი თავისუფალ დროს?

- ყველაზე მეტად ჩემს მეუღლესა და ოჯახის წევრებთან ყოფნა მიყვარს. როცა სახლში ვარ, ძირითადად, ფილმების ყურებით ვერთობი. აი, ჰობისთვის კი დრო არ მრჩება.

- ბოლოს უახლოეს გეგმებზეც ვთქვათ...

- ჯერ სტამბოლში ვითამაშებ, სადაც 27 აპრილს ATP-ს დიდი ტურნირი იწყება - თურქეთის დედაქალაქში ფედერერი, დიმიტროვი, მონაკო, იუჟნი, მელცერი და სხვა ცნობილი ჩოგბურთელები ითამაშებენ. ვგეგმავ რომის "მასტერსის" საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშსაც, ამასობაში კი "როლან გაროს" დროც მოვა.