შავდათუაშვილის ოქრო - კვირის პალიტრა

შავდათუაშვილის ოქრო

ოქროს მედლით დაასრულა ზაგრების გრან პრი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ). ქართველმა ძიუდოისტმა მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარა და 73-კილოგრამ წონით კატეგორიაში გადაბარგების შემდეგ, საუკეთესო ჭიდაობა სწორედ ზაგრებში აჩვენა! პირველ წრეში ალბანელი იგლი რამოსაკაის ძლევის შემდეგ, მიყოლებით დაამარცხა ჰოლანდიელი სამ ვან ტ ვესტენდე, არაბეთის სახელით მოასპარეზე ვიქტორ სკვორტოვი, უკრაინელი არტიომ ხომულა და ფრანგი პიერ დუპრატი, ფინალში კი იპონით აჯობა მონღოლ ცაგანაატარ ხაშბაატარს. შავდათუაშვილი ისედაც ვაზარის უგებდა მონღოლს, საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე კი, ხაშბაატარმა ილეთის გაკეთება სცადა და ჩვენებურმა ლამაზი გდებით დააიპონა! საქართველოს ნაკრებმა ხორვატიის დედაქალაქში გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა და ტურნირის საწყის ორ დღეს მხოლოდ შავდათუაშვილის ოქროს დასჯერდა. გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, კვირას გამართულ ორთაბრძოლებზე ვერაფერს გეტყვით.