ხეჩიკაშვილი ყიფიანის ნაცვლად
04-05-2015
ხეჩიკაშვილი ყიფიანის ნაცვლად
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წარმატებასთან ერთად, გასული კვირის მთავარი თემა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლა გახლდათ. გადადგომის შესახებ განცხადება ლევან ყიფიანმა 29 აპრილს დაწერა, მის შემცვლელად კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა ტარიელ ხეჩიკაშვილის კანდიდატურა, რომელიც "იბერია ბიზნეს ჯგუფის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტია.

ახალი მინისტრი პარლამენტმა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში უნდა დაამტ­კიცოს. გასული კვირის ბოლოს ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის წევრებს და მცირე კომენტარიც გააკეთა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, სპორტის სამინისტროში ყველა პროფესიონალი შეინარჩუნებს თავის ადგილს: "ჩემთვის მთავარი პროფესიონალიზმი და პატიოსნებაა. ასე რომ, ყველა, ვინც ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თანამდებობაზე დარჩება", - თქვა ხეჩიკაშვილმა.
როგორც აღვნიშნეთ, სპორტის მინისტრობის კანდიდატი ბიზნესმენია. არც მალავს, რომ ბიზნესპარტნიორების დიდი ნაწილი
გააკვირვა მისმა გადაწყვეტილებამ: "ეს ნაბიჯი სამშობლოსა და სპორტის სიყვარულით გადავდგი. სპორტის ყველა წარმატებული ფედერაციის ხელმძღვანელი ჩემი მეგობარია. მათთან თანამშრომლობის იმედი რომ არა, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. სპორტით რაც შეიძლება მეტი ბიზნესმენის დასაინტერესებლად კი პირად ურთიერთობებსაც გამოვიყენებ. მთავარია, სპორტის სამყაროში ერთიანობა შევინარჩუნოთ, გეგმა დავსახოთ და წინსვლისთვის ყველაფერი გავაკეთოთ".

თეკლე
04 მაისი 2015 13:15
ღმერთმა ხელი მოგიმართოს!!!!

რედაქტორის რჩევით