"ელდარ-ლუკა კურტანიძე ისე დააბრმავა ღვარძლმა და შურმა..."- რის გარკვევას აპირებს ზურაბ აზმაიფარაშვილი?!
04-05-2015
"ელდარ-ლუკა  კურტანიძე ისე დააბრმავა ღვარძლმა და შურმა..."- რის გარკვევას აპირებს ზურაბ აზმაიფარაშვილი?!
"ბელა ამ ჩემპიონატის ნამდვილი გმირი იყო! სხვა სიტყვით ვერ შევაფასებ!"

"ერთი დღე მაინც დაეცადათ და მერე "დაერტყათ" ჭადრაკისთვის! იქნებ არც უნდოდათ, გოგონებს ჩემპიონობით ერი გაეხარებინათ?!


გასული კვირა ისტორიული აღმოჩნდა ქართული ჭადრაკისთვის - ჩინე­თის ქალაქ ჩენგდუში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე დიდებულად ითამაშა­ საქართველოს ქალთა ნაკრებმა და პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი! ჩენგდუში გაიმართა ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოც, სადაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერა­ციასა და საქართველოს შორის ოფიციალურად გაფორმდა კონტრაქტი 2017 წლის მსოფლიო თასისა და 2018
წლის საჭად­რაკო ოლიმპიადის მასპინძლობაზე. საბ­ჭოს დაესწრო ევროპის საჭადრაკო კავშირის­ პრეზიდენტი და 2018 წლის ბათუმის საჭად­რაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომი­ტეტის დირექტორი ზურაბ აზმაიფარაშვილიც, რომელსაც სინგაპურში შევეხმიანეთ და "მთავარი თემის" გარდა, არანაკ­ლებ­ აქტუალურ სხვა თემებზეც ველაპარაკეთ:


- მიზანი სამეულში მოხვედრა იყო, ჩემპიონობა კი, მგონი, თავად ქართველი გოგონებისთვისაც მოულოდნელი
გამოდგა...

- თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო 7 წლის მანძილზე მრავალ გუნდურ შეჯიბრებაში მიუღიათ მონაწილეობა და საუკეთესო შედეგი მხოლოდ ერთხელ, მე-3 ადგილზე გასვლა იყო...

- ამჯერად რის ხარჯზე გავიმარჯვეთ?

- სპორტი იმითაც არის მიმზიდველი, რომ მოულოდნელობებით არის აღსავსე და დამოკიდებულია მოცემულ მომენტში სპორტსმენის ფორმაზე. მართალია, გვაკლდა გუნდის რეიტინგ-ლიდერი ნანა ძაგნიძე, მაგრამ ჩენგდუში საქართველოს ნაკრები აღმოჩნდა ყველაზე უკეთესად მომზადებული როგორც საჭადრაკო, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ფსიქოლოგიას კი, ჭადრაკში და საერთოდ სპორტში, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ენიჭება. პირველად ამდენი ხნის მანძილზე გუნდი იყო მთლიანად შეკრული და ერთმანეთის წარმატებაზე ორიენტირებული, გუნდის წევრები საკუთარ სადებიუტო სიახლეებსაც კი სიამოვნებით უზიარებდნენ ერთმანეთს! თამაშიც "წაუვიდათ" და იღბალიც მათ მხარეს იყო...

- მთელი გუნდი ჩინებულად იყო მომზადებული, მაგრამ განსაკუთრებით კარგად ითამაშეს ბელა ხოტენაშვილმა და მერი არაბიძემ. არადა, ეს უკანასკნელი ასაკით ყველაზე პატარაა გუნდში...

- ბელასგან მიჩვეული ვართ ძლიერ გუნდურ თამაშს. ერთი შეხედვით, ჭადრაკი ხომ ინდივიდუალური თამაშია, მაგრამ ზოგიერთი მოჭადრაკე მაინც გამოირჩევა გუნდური თამაშით. მაგალითად, რუსეთის გუნდის "ლოკომოტივია" ალექსანდრა კოსტენიუკი. დიდწილად მისი შედარებით უფერული გამოსვლის ბრალია, ოლიმპიური ჩემპიონები მხოლოდ ვერცხლის მედალს რომ დასჯერდნენ. ბელა კი ამ ჩემპიონატის ნამდვილი გმირი იყო! სხვა სიტყვით ვერ შევაფასებ! გუნდს რომ დასჭირვებოდა და ბელას მოენდომებინა, ყველა პარტიას მოიგებდა! მერის ასეთი დამაჯერებელი გამოსვლა კი ჩემთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. არაბიძისთვის მესამე დაფაზე თამაშის შანსის მიცემით, მწვრთნელებმა ძალიან აამაღლეს მისი თავდაჯერება!

- ფაქტია, რომ ელიზბარ უბილავას დებიუტი ძალიან წარმატებული გამოდგა ჩვენი გუნდისთვის...
- გამოცდილებას მაღაზიაში ვერ შეიძენ! ელიზბარის სამწვრთნელო კარიერა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო და პიკი ჯერაც არ დამდგარა! მას დიდი ღვაწლი აქვს არაერთი სპორტსმენისა თუ გუნდის წარმატებაში და ძალიან მიხარია, რომ ახალი გამოწვევების მიჯნაზე ერთგული მამულიშვილი ჩვენ გვერდითაა.

- საქართველოს ნაკრების ეს წარმატება შეამცირებს მათ რიცხვს, ვისთვისაც გაუგებარი იყო ჭადრაკისთვის ოთხი წლის განმავლობაში გამოყოფილი 38 მილიონი ლარის საჭიროება?!
- არამც და არამც! ჩვენ ხომ უნიკალური ერი ვართ! რა გამოლევს შადიმანებს საქართველოში?! ხანდახან მიკვირს კიდეც, რა ადამიანური რესურსის ხარჯზე მოვაღწიეთ აქამდე?! მაგრამ მაშინვე მახსენდება ხოლმე ქეთევან წამებული, დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველი და პასუხიც ამაში დევს! ვერ მოერივნენ შადიმანის მემკვიდრეები ქართულ გენს და ჯილაგს და ვიმედოვნებ, ვერც მოერევიან! ქალთა ნაკრების გადამწყვეტი მატჩის წინ ისეთი ტალღა ააგორეს წარსულში წარმატებულმა სპორტსმენებმა და ახლანდელმა დეპუტატებმა, ჩემთვის გაუგებარი დარჩა, რა უნდოდათ? არ შეიძლებოდა, ერთი დღე მაინც დაეცადათ და მერე "დაერტყათ" ჭადრაკისთვის?! იქნებ არც უნდოდათ, ნონას მემკვიდრეებს თავიანთი ჩემპიონობით ერი რომ გაეხარებინათ?! დღის წესრიგში ხომ "უფრო დიდი მიზანი"“ - მინისტრის გადადგომა ჰქონდათ დაგეგმილი...

- ლევან ყიფიანის გადადგომას სოციალური ქსელით გამოეხმაურეთ: სპორტის მინისტრის შემდეგ, ჩემპიონობა მისივე ტელეფონით მოგვილოცა პრემიერ-მინისტრმა, რაც ორმაგად გაგვიხარდა, რადგან ვიფიქრეთ, რომ განეიტრალდა ყველა ის ბრალდება, რაც წინა დღეებში ჩვენმა სასიქადულო სპორტსმენებმა და ვაი-პარლამენტარებმა მოგვაყენესო...

- სამწუხაროა, რომ დეპუტატთა ჯგუფი, რომლის ლიდერადაც ჭიდაობის ფედერაციის ხელმოცარული ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი ელდარ-ლუკა კურტანიძე მოგვევლინა, ისე დააბრმავა ღვარძლმა და შურმა, მიზნის მისაღწევად საკითხის დეტალურად შესწავლაც არ სურს!
ხომ იციან, რომ სპორტის ყველა სახე სპეციფიკურია? არ შეეძლოთ, ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებს მაინც გასაუბრებოდნენ და დეტალებში გარკვეულიყვნენ?

- თქვენ მათ ქცევა დაუწუნეთ და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეთ... რისთვის?

- ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს ყიფიანი და აზმაიფარაშვილი მზაკვრული გეგმის ავტორები იყვნენ, მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები კი უჭკუოები და ბოთეები!

სხვას რას ნიშნავს, შეცდომაში შეგვიყვანეს, ბიუჯეტი არ ვიცოდითო?! მოიძიონ 2014 წლის აგვისტოს ვიდეოფირი, სადაც ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა ტელევიზიამ გამოაცხადა ის პირობები, რომლითაც მოვიპოვეთ ეს გამარჯვება! ლევან ყიფიანი და მე ყველანაირად ვცდილობდით, როგორმე შეგვემცირებინა სახელმწიფო ხარჯები და საბოლოოდ, შევძელით კიდეც ბიუჯეტის თითქმის 2 მილიონი ლარით შემცირება! მართლებიც რომ ყოფილიყვნენ და მე და ყიფიანს ეს ფული მართლაც სახლში წასაღებად გვნდომოდა, არ შეეძლოთ, ერთი დღე მოეთმინათ და ქართველი მოჭადრაკეები არ გაეწირათ?! ბოდიშს არც ველი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ზოგიერთი დეპუტატი ჩემთან შეხვედრას მაინც არ გაექცევა, სიმართლე რომ გაირკვეს!

- არც ისე დიდი ხნის წინ ლევან ყიფიანის პირველი მოადგილე იყავით. წასვლისას მიზეზი მკაფიოდ განმარტეთ, მაგრამ ამ ამბავმა მაინც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია...
- იმავე დეპუტატებმა ბრალი მაშინაც დამდეს - სამინისტრო ფეხებზე ეკიდა, თავისი გაინაღდა და წავიდაო... აჯობებდა, ჩემი ყოფილი თანამშრომლებისთვის ეკითხათ, რას ვაკეთებდი და როგორი უფროსი ვიყავი. თუმცა, რადგან ოლიმპიადის და მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობას დავთანხმდი, სამინისტროში ვეღარ ვიმუშავებდი. ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტიც ვარ და არ მინდოდა, რომელიმე სფეროსთვის ყურადღება მომეკლო! ჩემთვის ოლიმპიადის მასპინძლობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ევროპის კავშირის პრეზიდენტობა! - ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს დროს ხელი მოეწერა ოფიციალურ კონტრაქტს ფიდესა და საქართველოს შორის...

- ამას გარდა, ფიდემ მიიღო მაშინდელი მინისტრის, ლევან ყიფიანის წერილი, სადაც ის ამ უფლებამოსილებას გვანიჭებდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს და საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორს. წერილს ახლდა მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის #748 დადგენილების ინგლისური თარგმანი, რაც ფიდესთვის სახელმწიფო გარანტიაა! ასე რომ, მინდა დავამშვიდო დეპუტატები - ოლიმპიადა და მსოფლიო თასი აუცილებლად ჩატარდება საქართველოში და სხვადასხვა რანგის ბევრი სხვა შეჯიბრებაც გაიმართება!

- როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება ქართულ სპორტში ახალი მინისტრის დამტკიცების შემდეგ?
- მინისტრობა სამუდამო არ არის! ეს ლევანმაც კარგად იცოდა, მაგრამ გულდასაწყვეტია, როცა საქმეს აკეთებ და შემოდგომაზე ნაყოფს ვერ იმკი... ახალ მინისტრს კი ვუსურვებ, ლევან ყიფიანის თაოსნობით დაწყებული ყველა კარგი საქმე გაეგრძელებინოს და თავისი წვლილი შეეტანოს ქართული სპორტის განვითარებაში!

- რას იტყვით გაიოზ ნიგალიძესა და მასთან დაკავშირებულ ამბავზე? რა სასჯელი ელის ქართველ მოჭადრაკეს?
- როცა ვბრაზდები, "ფეისბუკზე" ვპოსტავ ხოლმე... გაიოზ ნიგალიძეზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ რამდენიმე დღის მანძილზე არაფერი დავწერე და ხალხის რეაქციას დაველოდე...
ლამის ჩამოსახრჩობადაც რომ გაიმეტეს, ვეღარ მოვითმინე და დავწერე: გაიოზი დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს, მაგრამ ისეთი არაფერი გაუკეთებია, გილიოტინაზე ავიყვანოთ-მეთქი! საჭადრაკო პროგრამა, რასაც ის იყენებდა, შემიძლია, შევადარო სუსტ დოპინგს.

განა სპორტის სხვა სახეობებში არ ხდება ასეთი რამ? დავსაჯოთ, მაგრამ მივცეთ გამოსწორების საშუალება! ისიც გავითვალისწინოთ, რომ აღიარა ჩადენილი, რომ ოჯახში რთული ფინანსური მდგომარეობა აქვს და ა.შ. მიმაჩნია, რომ ნიგალიძე მაქსიმუმ 1-2-წლიანი დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს. ეს ამ ნიჭიერ კაცს შესაძლებლობას მისცემს, მწარე გაკვეთილიდან სწორი დასკვნა გამოიტანოს და იმავდროულად, შეუნარჩუნდეს იმ შრომის შედეგი, რამაც დღემდე მოიყვანა.
ოტო
05 მაისი 2015 20:43
კურტნიდზეს რა უნდა პარლამენტსი, ან ზვიადაურს, ან ჩაჩვლიანს, უბრალოთ სირცხვილია ხალხო.
sano
05 მაისი 2015 15:57
აი კიდევ ერთი წმინდანი
მეგობარო ნახე რამდენი იყო დაფინანსება და ნახე ახლა 1.2 მილიონია წელიწადში, და იმ მილიონებს რომელიც სხვადასხვა ტურნირების ჩატარებას ხმარდება ნუ მიათვლი დაფინანსებას სპორტსმენებისას,ლუკას ჭიდაობაც ნანახი გვაქვს და სხვებისაც,დღეს რომ ვერსად ვარგობს და მხოლოდ ვიღაცის ფეხის ხმას არის აყოლილი ეგეც ფაქტია,მოჭადრაკეების ტვინის შესახებ რომ საუბრობ არ მგონია იყო მართალი,იმიტომ რომ სხვის ფეხის ხმას აყოლილი ადამიანი მგონი დიდი ჭკუით ვერ უნდა გამოირჩეოდეს!ლუკა დიდი მოჭიდავე იყო მარა ცუდი პოლიტიკოსი,პარლამენტარი სახელმწიფო მოსამსახურე თუ რაც გინდა ის დაარქვი!
goreli
04 მაისი 2015 21:03
ბატონო ზურაბ მადლობის მეტი რა გვეთქმის,მართლაც საოცრება მოახდინეს ჩვენმა ლამაზმნებმა დიდი მადლობა ყველას

რედაქტორის რჩევით