სლოვაკეთს ლუქსემბურგივით მოვუგეთ - კვირის პალიტრა

სლოვაკეთს ლუქსემბურგივით მოვუგეთ

"ირლანდიასთან გამარჯვებით კმაყოფილი ვართ. ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა, თუმც გვქონდა შეცდომებიც. რაც მთავარია, თამაშიდან თამაშამდე წინ მივიწევთ.

ოღონდ, თუ სლოვაკეთსა და შვედეთთან ბოლომდე არ დავიხარჯეთ და საუკეთესო თამაში არ ვაჩვენეთ, გამარჯვება გაგვიჭირდება", - ეს სიტყვები საქართველოს ნაკრების სერბმა თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა სლოვაკეთთან მატჩის წინ თქვა.

ძნელია, არ დაეთანხმო. აუტსაიდერ ლუქსემბურგთან მძიმედ დაწყებული სერია ჩვენებმა ირლანდიისა და სლოვაკეთის ძლევით გააგრძელეს, თამაშიდან თამაშამდე უმატებდნენ და ლოგიკურად, საუკეთესო თამაში სწორედ უმთავრეს მეტოქესთან - შვედეთთან შეხვედრაში უნდა აჩვენონ.

აქამდე ჩატარებული მატჩებიდან კი საქართველოს ნაკრებმა ყველაზე კარგად სლოვაკებთან ითამაშა და 91:50 მოიგო. ერთი ქულით მეტი რომ ჩაეგდოთ, მასპინძლები სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს 42 ქულით, ანუ სწორედ ისეთივე სხვაობით დაამარცხებდნენ, მაჩანჩალა ლუქსემბურგს რომ მოუგეს. არადა, შეხვედრის დამთავრებამდე 16 წამით ადრე ბურთი ქართველებს ჰქონდათ, მაგრამ ცინცაძემ დრო ბოლომდე გაიყვანა და კალათისკენ გახედვა საჭიროდ აღარ ჩათვალა.

ვის ან რას გაუფრთხილდა "ბუ", ძნელი სათქმელია, თუმცა საკვირველი კი არის, ბოლო წამზე მაინც რატომ არ სცადა ბურთის ტყორცნა? მით უმეტეს, კარგად გვახსოვს, ირლანდიელებთან შეხვედრაში ლამის საკუთარი ფარიდან რომ მოათავსა ბურთი მეტოქის კალათში...

თუმცა ჩვენმა ნაკრებმა ისე ითამაშა, ასეთ წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. შაბათის მატჩის წინ იგორ კოკოშკოვმა შეგირდები დაცვაში თამაშსა და ინდივიდუალურ მეურვეობაში ავარჯიშა და შედეგიც მოიმკო, - სლოვაკებმა მხოლოდ 50 ქულის ჩაგდება მოახერხეს. ისიც აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა კატასტროფული ანგარიში ბოლო მეოთხედშიღა შეალამაზეს, თორემ საწყისი სამი ათწუთეულის შემდეგ სულ რაღაც 33 ქულა ჰქონდათ მოგროვებული, ანუ თითო პერიოდში საშუალოდ 11 ქულა, რაც დაცვაში ქართველების შთამბეჭდავ თამაშზე მიუთითებს.

არადა, სლოვაკეთი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. თბილისში სტუმრობამდე მილან ჩერნიცკის შეგირდები სტოკჰოლმში შვედებს ეომნენ და მხოლოდ უკანასკნელ წამებში დამარცხდნენ 64:58.

სტუმართა გუნდის შემხედვარე, ვიფიქრეთ, რომ ფარზე ძალიან გაგვიჭირდებოდა, რადგან სლოვაკებს ორი გოლიათი ცენტრი ჰყავთ, - 215 სანტიმეტრი სიმაღლის გაბრიელ სზალაი და 226 სმ-იანი მარტინ მიკლოშიკი, მაგრამ შიში უსაფუძვლო გამოდგა, თუ სზალაის კალათბურთის არაფერი გაეგება, იაო მინივით მაღალი მიკლოშიკი მთლად ტყემალზე ზის.

ამ გიგანტების ფონზე, საუკეთესო მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ. ირლანდიასთან მან ძალიან ცუდად ითამაშა, ლუქსემბურგელები კი ისეთი დაბლები იყვნენ, ფაჩულიას ბურთის მოსახსნელად ახტომაც არ სჭირდებოდა. არაერთხელ გვითქვამს, სანამ არ გაბრაზდება, ზაზა შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენს. სლოვაკებთან მატჩს კი წინა შეხვედრებში ნაჩვენები უფერული თამაშის გამო გაბრაზებული შეხვდა და... 34 ქულა და 14 მოხსნა, - ასეთია "ატლანტას" ცენტრის მონაგარი შაბათის შეხვედრაში და ლოგიკურია, მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული ჯილდოც რომ დაისაკუთრა.

ორმაგი დუბლი ჩაიწერა ანგარიშზე ვიქტორ სანიკიძემაც. ქულა, მოხსნა, დაფარება, ჩაჭრა, პასი, - ვიქტორი ყველგან იყო და ყველაფერს ასწრებდა. საბოლოოდ, 14 ქულას და ამდენივე მოხსნას მოუყარა თავი, მაგრამ რაოდენობაზე მეტად აღსანიშნავი შესრულების ხარისხი გახლავთ. სანიკიძე მართლაც ფანტასტიკურ თამაშს აჩვენებს და გასაკვირი არ არის, ესტონურ "ტარტუზე" გაცილებით ძლიერ კლუბში რომ გადავიდა. რამდენიმე დღის წინ ვიქტორმა იტალიის სამგზის ჩემპიონ და ევროლიგის მომგებ ბოლონიის "ვერტუსთან" გააფორმა კონტრაქტი.

ისიც აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგმაც და ირლანდიამაც 73-73 ქულა ჩააგდეს საქართველოს ნაკრების კალათში, სლოვაკეთმა კი, რომელიც იმ ორზე უკეთესი გუნდი გვეგონა, მხოლოდ - 50. დაცვაში კარგი თამაში შვედებთან შეხვედრაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენზე უკეთ ეს იგორ კოკოშკოვმა იცის. იმასაც გეტყვით, რომ სლოვაკთა დიდი ანგარიშით დარბევის შემდეგ ჩვენმა გუნდმა გვარიანი ჰანდიკაპი შეიქმნა და ამ მომენტისთვის, დადებით ბალანსში შვედებს 90 ქულით ვჯობივართ. სკანდინავიელები ბოლო ტურში ლუქსემბურგს მასპინძლობენ, მაგრამ რაც უნდა მოინდომონ, ამხელა სხვაობის გაბათილებას ვერ შეძლებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 26 აგვისტოს შვედეთის ნაკრების ნებისმიერი ანგარიშით დამარცხება მოგვცემს ხელს, რათა ნახევარფინალში მრისხანე მეტოქეს - მონტენეგროს ავცდეთ...

მიუხედავად იმისა, რომ თბილისელთა დიდი ნაწილი დედაქალაქიდანაა გაკრეფილი, ნაკრების მატჩებმა კარგად გამოაჩინა, როგორ არის მონატრებული ქართველი ქომაგი გამარჯვებას. ეჭვგარეშეა, სპორტის სასახლის ტრიბუნები შვედეთთან მატჩში ბოლომდე შეივსება და იმედს არც ჩვენი გუნდი გაგვიცრუებს.

იქამდე კი ბიჭებს საყვედურიც უნდა ვუთხრათ: სლოვაკეთთან მატჩში რამდენიმე მათგანს აშკარად შეეტყო, მწვრთნელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო რომ დარჩა და ცხვირიც კარგა ხნის განმავლობაში ჰქონდა ჩამოშვებული. იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთი პლუსი ისიც არის, რომ თითქმის ყოველთვის დროულ შეცვლებს აკეთებს. ასეც რომ არ იყოს, მწვრთნელის სიტყვა კანონია და ევროპის წამყვან კლუბებში მოთამაშე კალათბურთელებს ეს კარგად უნდა მოეხსენებოდეთ. ასე რომ, ახლა გაბუტვის კი არა, თამაშის დროა, ბიჭებო. საქართველო გამარჯვების მოლოდინშია!