"ოლიმპიადების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გახსნას ველით!"
18-05-2015
"ოლიმპიადების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გახსნას ველით!"
"ასეთი ფაქტები არასასიამოვნოა, თუმცა, ოლიმპიადას ხელს ვერ შეუშლის!"

გასულ კვირას ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა ოფიციალურად წარადგინა "თბილისი-2015"-ის გახსნა-დახურვის ცერემონიალის რეჟისორი დევიდ ზოლკვერი. სახელგანთქმული ბრიტანელი არაერთი შთამბეჭდავი ღონისძიების რეჟისორია, მათ შორის - ათენის, პეკინისა და ლონდონის ოლიმპიური თამაშებისა და 2010 წლის მუნდიალის გახსნის. ის იყო დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქორწილის უშუალო ხელმძღვანელი. საქართველოში ჩამოიტანეს სპეციალურად "თბილისი-2015"-ისთვის დამზადებული ჩირაღდანიც... თუმცა, ყველაზე დიდი ხმაური მაინც ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებულ სხვა ამბავს
მოჰყვა - კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, დროულად ვერ დასრულდეს ახალი სპორტის სასახლე, სადაც ხელბურთის ტურნირი უნდა გაიმართოს! ფესტივალის ორგანიზატორთა თქმით, საგანგაშო არაფერია და ხელბურთის ტურნირს ძველი სპორტის სასახლე უმასპინძლებს, მაგრამ როცა საქმე ასეთი მასშტაბური ღონისძიების (ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ევროპის 50 ქვეყნის 4 ათასამდე ახალგაზრდა
სპორტსმენი იასპარეზებს. - ავტ.) მასპინძლობას ეხება, მსგავსი ფაქტები სასიამოვნო ნამდვილად არ არის. "თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ:


- ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა თავიდანვე იცოდა, რომ არსებობდა ორი გეგმა, არჩევანი კი 15 მაისამდე უნდა გაგვეკეთებინა. 1%-იანი რისკის უფლებაც არ გვაქვს და რადგან იყო თუნდაც მცირედი საშიშროება, სპორტის სასახლის მშენებლობა დადგენილ ვადებში ვერ დასრულებულიყო, გადაწყდა - ხელბურთის ტურნირი ძველ სპორტის სასახლეში გაიმართოს!

- მაგრამ სპორტის სასახლეს ხომ სხვა სახეობის მატჩებისთვის უნდა ემასპინძლა?

- ძველ სპორტის სასახლეში საკალათბურთო მატჩების გამართვა იგეგმებოდა. ახალი განრიგით, ვაჟ კალათბურთელთა ტურნირი ვერის ბაღის ახლად რეაბილიტირებულ დარბაზში გადაინაცვლებს, გოგონათა შეხვედრებს კი უმასპინძლებს თბილისის "დინამოს" ბაზა, სადაც მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოებია ჩასატარებელი. გეთანხმებით - ასეთი ფაქტები არასასიამოვნოა, თუმცა, ეს მხოლოდ საორგანიზაციო კომიტეტისთვის იქნება დამატებითი სამუშაო, თორემ ოლიმპიადას ხელს ვერ შეუშლის! ამ ყველაფერს დადებითი მხარეც აქვს - ახალი სპორტის სასახლე უფრო ხარისხიანად აშენდება!

- ყველა სხვა ობიექტის კეთილმოწყობა დროულად დასრულდება?
- რა თქმა უნდა! ზოგიერთ ობიექტზე წინსწრებაც გვაქვს. ჩოგბურთის კორტებისა და მძლეოსნობის ბილიკების საფარი მაისის ბოლომდე უნდა დაგებულიყო, მაგრამ ამ დროს არათუ წვიმა, სინესტეც კი დაუშვებელია და მშენებელ კომპანიებს ვთხოვეთ, სამუშაო დროებით შეეჩერებინათ. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, საფარი მაისში იქნება მზად თუ ივნისში, მთავარია, უმაღლესი ხარისხის იყოს!

- "თბილისი-2015"-ის ჩირაღდანი უკვე აქ არის, ოლიმპიურ ცეცხლს კი საბერძნეთიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს ჩამოიტანენ...
- და საქართველო გახდება 35-ე ქვეყანა, სადაც ოლიმპიური ცეცხლია ნამყოფი! ესეც ადასტურებს, რამხელა პატივი და პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის ოლიმპიადის მასპინძლობა... საგანგებოდ "თბილისი-2015"-ისთვის ოლიმპიური ცეცხლი ოლიმპიური თამაშების სამშობლოში - საბერძნეთში აინთება, 26 მაისს კი საქართველოს ტერიტორიაზე ბათუმიდან შემოიტანენ და ზღვისპირეთიდან დაიწყებს საქართველოში მოგზაურობას! ორი თვის განმავლობაში ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოს 67 ქალაქსა და დაბას მოივლის, 26 ივლისს კი თბილისში - საზეიმო კონცერტზე აენთება. ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანაში ცეცხლის ორი თვით ადრე ჩატანა დადგენილი წესია და სიმბოლურია, რომ ეს უდიდეს დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა! 

- გადაწყვეტილია, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიალს დევიდ ზოლკვერი დადგამს. არ გაგიჭირდათ ცნობილი ინგლისელი რეჟისორის დათანხმება?

- როცა საქართველოს კულტურის პალატამ ზოლკვერის კანდიდატურა წარმოგვიდგინა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მას თბილისში ვნახავდი. თუმცა, კულტურის პალატამ ეს შეძლო და დიდი მადლობა მათ! შეგახსენებთ, რომ ზოლკვერი ხელმძღვანელობდა სამეფო ოჯახის ქორწილს და არაერთ სხვა ღონისძიებას, სწორედ მან იმუშავა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზეც, რომელმაც ოლიმპიადების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა! მოკლედ, "თბილისი-2015"-ის გახსნის ზეიმს უმაღლესი რანგის რეჟისორი ეყოლება და ბუნებრივია, ფესტივალების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სანახაობას ველით!

- როგორც ცნობილია, ბრიტანელი რეჟისორი უკვე შეუდგა მუშაობას...
- გახსნის ცერემონიალის სცენარი, რომელიც კონკურსის წესით დამტკიცდა, ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ტრადიციების წარმოჩენას. ბუნებრივია, ეს დევიდმაც კარგად იცის და რამდენიმე კვირაა, საქართველოში ცხოვრობს. მოიარა ქვეყნის თითქმის ყველა კუთხე, უკვე აზარტშია შესული... ჩვენ გახსნის საუკეთესო ცერემონიალი გვჭირდება, ზოლკვერი კი არ დაუშვებს, მის რეპუტაციას საფრთხე დაემუქროს! ბრიტანელს ცნობილი ქართველი რეჟისორები, მხატვრები, დიზაინერებიც დაეხმარებიან...

- რამდენი მოხალისეა დარეგისტრირებული ოლიმპიადაზე და როგორ ემზადებიან ისინი?
- მოხალისეთა აქტივობამ გამაკვირვა და გამახარა - შვიდი ათასამდე (!) მსურველი დარეგისტრირდა, საბოლოოდ კი მხოლოდ საჭირო რაოდენობა - 2300 მოხალისე დავტოვეთ. უმეტესობა ახალგაზრდაა, მაგრამ გვყავს ასაკოვანი მოხალისეებიც - ყველაზე ხანდაზმული 71 წლის გახლავთ!

- რას გვეტყვის ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე - რით იქნება გამორჩეული "თბილისი-2015" სხვა ოლიმპიური ფესტივალებისგან?
- უმაღლესი დონის და ყველაზე ლამაზი ოლიმპიური სოფლით, ქართული სტუმართმოყვარეობით, საუკეთესო სპორტული არენებით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ "თბილისი-2015" ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიადა იყოს!
OTARI
13 ივნისი 2015 11:59
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მრავალი შეჯიბრები მსოფლიოს მასშტაბით, ოლიმპიური თამაშები და ფესტივალები ჩაგეტარებინოთ.ბევრი-ბევრი სპორტული ბაზები სტადიონები გეშენებინოთ....

რედაქტორის რჩევით