აკაკი გოგია: "მინდა, ჩემს ქვეყანას დავეხმარო"
01-06-2015
აკაკი გოგია: "მინდა, ჩემს ქვეყანას დავეხმარო"
"ჩემთან ერთად თამაშობდნენ ანდრე ტერ შტეგენი, შკოდრან მუსტაფი... მარიო გიოტცესთან ერთადაც მითამაშია"

"ერთხელ ელაპარაკნენ ჩემს ოჯახს, პირადად მე არავინ დამკავშირებია..."


საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა უკვე დაასახელა ივნისის მატჩებისთვის გამოძახებული 24 ფეხბურთელი. ჩამონათვალში ვერ ნახავთ ახალ გვარებს, თუმცა, ცნობილი ამბავია - კახა ცხადაძის ინტერესის არეალში ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეებიც არიან და ქართული წარმომავლობის "უცხოელი" ფეხბურთელებიც. ერთ-ერთი მათგანია აკაკი გოგია - 23 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც გერმანიის მოქალაქეა და გასულ სეზონში III ბუნდესლიგის
"ჰალეშერშის" მაისურით ჩატარებულ 35 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

ცოტა ხნის წინ გოგია ინგლისის ჩემპიონშიფის "ბრენტფორდში" გადაბარგდა, გერმანელ ჟურნალისტს კი გამოუტყდა, რომ თუ მიიწვევენ, სიამოვნებით მოირგებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურს! აკაკი 9 წლის ასაკიდან გერმანიაში ცხოვრობს და გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია, თუმცა, ეროვნულ გუნდში ასპარეზობა ისტორიული
სამშობლოს სახელით გადაწყვიტა. "ანდი" - როგორც მას გერმანიაში უწოდებენ, რამდენიმე წლის წინ გამოიძახეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე, თუმცა, მაშინ ახალგაზრდა ფეხბურთელმა არჩევანი გერმანიის ასაკობრივი ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა.

მოგვიანებით აკაკის ოჯახს ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც დაუკავშირდა, მაგრამ... ეს ის შემთხვევაა, როცა წარსულზე უფრო მნიშვნელოვანი მომავალი გახლავთ. აკაკი გოგიას მომავალი კი სწორედ საქართველოს უკავშირდება! ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელსაც თანაბარი წარმატებით გამოსდის შეტევის წამოწყებაცა და გოლების გატანაც, გერმანულ გამოცემას უთხრა, რომ ძალიან უნდა 11 ოქტომბერს გასამართ გერმანია-საქართველოს მატჩში "ჯვაროსანთა" შემადგენლობაში ითამაშოს... აკაკის თავის გამოჩენის შანსი აუცილებლად რომ მიეცემა, კახა ცხადაძის სიტყვებიც ადასტურებს: "ინგლისის ჩემპიონშიფის მოწინავე გუნდში მოხვედრა პატარა ამბავი არ არის. გოგიას აუცილებლად მოვიწვევთ, თავადაც თუ ექნება საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი"... რა გამოვა ამ საქმიდან, მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი წაიკითხეთ ექსკლუზიური ინტერვიუ აკაკი გოგიასთან:


- ფეხბურთში ვარჯიში რუსთავში დავიწყე: "მეტალურგის" მწვრთნელი თამაზ დოდაშვილი ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა და სწორედ მან შემამჩნია ეზოში თამაშისას... საფეხბურთო სკოლა ჩვენი სახლიდან მოშორებით იყო და როცა მამაჩემი გერმანიაში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად, დედას გაუჭირდა ვარჯიშებზე ჩემი ტარება... მოგვიანებით ვარჯიში მაინც გავაგრძელე საფეხბურთო სკოლა "რუსთავი-2000"-ში, მამუკა მურჯიკნელთან. 2001 წლის მარტში კი, როცა ცხრა წლის ვიყავი, გერმანიაში გადავედით საცხოვრებლად...

- მას შემდეგ რამდენიმე კლუბი გამოიცვალე...

- ჰალეში ვცხოვრობდით და ჩემი პირველი გუნდიც ამავე ქალაქისა იყო - "ჰალე-67". რამდენიმე თვის შემდეგ "ჰანოვერ-96"-ში გადავედი, 2004-2011 წლებში კი "ვოლფსბურგში" ვითამაშე. იქვე დავამთავრე საშუალო სკოლა და გავხდი პროფესიონალი ფეხბურთელი. შემდეგ თამაში გავაგრძელე ჯერ პირველი ბუნდესლიგის "აუგსბურგში", მოგვიანებით კი მეორე ბუნდესლიგის "ზანკტ პაულში". 2013 წლიდან მიმდინარე წლის მაისამდე "ჰალეშერის" ფეხბურთელი ვიყავი.

- შედეგიანობით და სათამაშო დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე კარგად სწორედ "ჰალეშერში" გრძნობდი თავს...
- თავს ყველა გუნდში კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მთავარი მაინც სათამაშო დროა - რაც უფრო ხშირად გეძლევა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა, მით უფრო თავდაჯერებული და შედეგიანი ხარ.

- ინგლისური ფეხბურთი გერმანულისგან განსხვავებულია... არ გაგიჭირდება ადაპტაცია?

- ყველაფერს გავაკეთებ, მაღალ დონეზე რომ ვითამაშო. ინგლისში რამდენჯერმე უკვე ვიყავი. ბოლოს მაისის შუა რიცხვებში ჩავედი და საცხოვრებელი ადგილიც შევარჩიე. ინგლისურ ენას სკოლაშიც ვსწავლობდი და გარკვეული საფუძველი მაქვს.

- ინგლისურის სწავლა კარგია, მაგრამ...ქართულად ლაპარაკი გიჭირს!
- ბოლოს საქართველოში 2012 წლის იანვარში ვიყავი. ქართულად თითქმის ყველაფერს ვიგებ, ვლაპარაკობ კიდეც, თუმცა, რადგან პრაქტიკა იშვიათად მაქვს, რთული წინადადებების გადმოცემა მიჭირს. შინ მშობლები ქართულად მელაპარაკებიან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან დღის განმავლობაში, ძირითადად, გერმანელებთან მიწევდა ურთიერთობა...

- "ბრენტფორდთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმე. არ გერჩივნა, უფრო ხანმოკლე ხელშეკრულებისთვის მოგეწერა ხელი?

- ასეთი კონტრაქტი ინგლისური კლუბის შემოთავაზება იყო. თუმცა, ეს ოთხი წელიწადი ჩემთვის კარგი გამოცდილებაც იქნება და უკეთეს კლუბში გადასასვლელი ერთგვარი ტრამპლინიც. მით უმეტეს, კარგი შეთავაზების შემთხვევაში, დროზე ადრე წასვლაშიც არ შემიშლიან ხელს! წელს პრემიერლიგაში გადასასვლელ ფლეი-ოფში "ბრენტფორდი" "მიდლსბროსთან" დამარცხდა. ასე რომ, მთავარი მიზანი მომავალ სეზონშიც პრემიერლიგის საგზურის მოპოვება იქნება.

- უფრო დაწვრილებით მოგვიყევი შენს სათამაშო პოზიციაზე...
- შემტევი ნახევარმცველი ვარ, ვთამაშობ ნახევარდაცვის ცენტრშიც და ფლანგებზეც, ფლეიმეიქერის ფუნქციასაც ვასრულებ და "სტანდარტულებსაც".

- ნაკრებზე გადავიდეთ: ცნობილია, რომ 2009 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე მიგიწვიეს, გადაწყვეტილიც გქონდა ჩამოსვლა, მაგრამ უკანასკნელ მომენტში გადაიფიქრე. რატომ?

- დეტალებზე ახლა ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ეს ოჯახის გადაწყვეტილება იყო...

- თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროსაც იყო ლაპარაკი ეროვნულ ნაკრებში შენს მიწვევაზე, თუმცა, თავი შეიკავე... რა შეიცვალა მას შემდეგ?

- თემურ ქეცბაია ერთადერთხელ დაუკავშირდა ჩემს მშობლებს - 2011 წლის თებერვლის დასაწყისში. სამწუხაროდ, მალე ტრავმა მივიღე და სეზონის ბოლომდე აღარ მითამაშია. მას შემდეგ არავინ დამკავშირებია...

- "მიტელდოიჩე ცაიტუნგს" უთხარი, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დაგიკავშირდნენ. ეს როდის იყო?

- ერთხელ ელაპარაკნენ ჩემს ოჯახს, პირადად მე არავინ დამკავშირებია... თუმცა, მაქვს ინფორმაცია, რომ ნაკრების წარმომადგენლები მაკვირდებიან.

- მართალია, რომ აკაკი გოგიამ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა საქართველოს სახელით თამაში, როცა მიხვდა, რომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი არ ექნებოდა?
- რომელიმე ქვეყნის ნაკრებში თამაშზე არც თანხმობა მითქვამს და არც უარი. მინდა, ჩემი ქვეყნის ნაკრებს დავეხმარო - ეს არის და ეს!

- საქართველოს ნაკრებში შენს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა...
- თუ ნაკრებში გამომიძახებენ, შევეცდები, შეკრებაზე მაქსიმალურად გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები, დანარჩენი კი მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია!

- საქართველოს მოქალაქეობის მიღების საქმე როგორ არის?

- თითქმის ორი თვეა, რაც განაცხადი შევიტანეთ მოქალაქეობაზე. პასუხს ველით...

- 11 ოქტომბერს ლაიფციგში გერმანია საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს და დიდებული იქნება, თუ იმ მატჩში ვითამაშებო... როგორ ფიქრობ, ეს რეალურია?!
- მომავალი გვიჩვენებს. მე ძალიან მინდა.

-  გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრებში სამჯერ ითამაშე და გოლიც გაიტანე.. იმ შემადგენლობიდან დღეს ბევრი ფეხბურთელი თამაშობს ძლიერ კლუბებში?

-  ჩემი თანაგუნდელები იყვნენ ანდრე ტერ შტეგენი, რომელიც ახლა "ბარსელონას" მეკარეა, შკოდრან მუსტაფი "ვალენსიადან", ჰოფენჰაიმელი კევინ ფოლანდი, "მაინცის" თურქული წარმოშობის ნახევარმცველი იუნუს მალი, "ლევერკუზენის" მეკარე ბერნდ ლენო და ა.შ. მარიო გიოტცესთან ერთადაც მითამაშია 18-წლამდელთა ნაკრებში...

-  დასასრულ, რას ეტყვის გერმანიის მოქალაქე აკაკი გოგია საქართველოს?
-  ქართველ ჟურნალისტს პირველად ველაპარაკები და მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს და მთელ საქართველოს... საქართველოში დავიბადე და სისხლით და ხორცით ქართველი ვარ!
ჩემბერლენა
08 ივნისი 2015 16:32
შეეშვით უაზრო ლაპარაკს, ბიჭი ამბობს მინდა ვითამაშო საქართველოს ნაკრებშიო ! მორჩა და გათავდა ...

მიდი აკაკი , მწვანეეეეე.
zura
04 ივნისი 2015 21:30
ეს და ამის ოჯახი არ იყო,რომ ქეცბაია კინაღამ ცემეს საქართველოს ნაკრების გაგონება არ გვინდაო? გერმანიის ასაკობრივში ათამაშეს და მაშინ აღარც უნდოდა საქართველოსკენ გამოხედვა,ახლა პრასვეტი აღარ აქვს და გაახსენდა სამშობლო?
ფან.39
01 ივნისი 2015 23:07
ეს ერთი და სხვა მრავალი! დაბრუნდებიან...

რედაქტორის რჩევით