"ბარსელონაც" და "იუვენტუსიც" - კვირის პალიტრა

"ბარსელონაც" და "იუვენტუსიც"

"ბარსა" თუ "იუვე"? თქვენ უკვე იცით ბოლო დღეების მთავარი კითხვის პასუხი, მაგრამ შაბათს გამართული ფინალის ანგარიშის გარდა, არსებობს სხვაგვარი პასუხიც: "ბარსაც" და "იუვეც"! ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაგახსენებთ იმ ფეხბურთელებს, ორივე ამ კლუბში რომ უთამაშიათ!

მიქაელ ლაუდრუპმა ტურინულ კლუბში მიშელ პლატინის ღირსეულად შეცვლა ვერ შეძლო. სამაგიეროდ, იოჰან კრუიფის "ბარსელონაში" გახდა სუპერვარსკვლავი...

ჯანლუკა ძამბროტა - იმ პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველი "იუვენტუსიდან" "ბარსელონაში" 2006 წელს, მას მერე გადაბარგდა, რაც "ბებერი ქალბატონი" სერია ბ-ში დააქვეითეს. თუმცა, კატალონიაში გატარებული ორი სეზონი ძამბროტასთვის წარმატებული არ ყოფილა.

ტურინში მუშაობისას კარლო ანჩელოტი ფლანგზე ათამაშებდა ტიერი ანრის. ერთწლიანი წამების შემდეგ ფრანგმა "არსენალს" მიაშურა, 2007-ში კი "ბარსელონაში" გადაბარგდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო!

ლილიან ტურამი "იუვეში" ჯიჯი ბუფონისთან ერთად მივიდა და ტურინში ხუთი დიდებული სეზონი გაატარა, 2006 წელს კი, 34 წლის ასაკში, "ბარსას" მიაშურა და კატალონიურ კლუბში ორ სეზონს დარჩა.

ედგარ დავიდსმა "იუვეში" კარიერის შვიდი საუკეთესო წელი გაატარა, უკანასკნელი ექვსი თვე კი არენდით "ბარსელონაში" ითამაშა და, დეკუსა და რონალდინიოსთან ერთად, კატალონიელებს მეორე ადგილზე გასვლაში დაეხმარა.

ბუნებრივია, სერია B-ში თამაში არც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისურვა და "ინტერს" მიაშურა, სამი წლის შემდეგ კი კატალონიაში ჩავიდა. ერთი წლის განმავლობაში შვედმა გვარდიოლასა და მესისთან წაჩხუბება მოასწრო და... "მილანში" წავიდა!

იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაბრწყინების შემდეგ ხუან პაბლო სორინი არგენტინის ჩემპიონატიდან ტურინში გადაბარგდა, თუმცა, მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა. 2003 წელს სორინი არენდით აღმოჩნდა "ბარსელონაში", თუმცა, დიდხანს ვერც იქ გაჩერდა.

"ბარსელონამ" მარტინ კასერესი 2008 წელს იყიდა და მალევე, ტურინში გაანათხოვრა. მას მერე ურუგვაელმა რამდენიმე კლუბი გამოიცვალა, ამჟამად კი ისევ "იუვეს" ფეხბურთელია.