"ლელომ" სეზონის რჩეულები დაასახელა - კვირის პალიტრა

"ლელომ" სეზონის რჩეულები დაასახელა

ქართულ საფეხბურთო სამყაროში არა მხოლოდ წარმატებები, გამორჩეულ მოთამაშეთა დაჯილდოების ცერემონიალებიც იშვიათია. არადა, ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისათვის მცირედი ყურადღებაც კი განსაკუთრებული სტიმულია...

"ლელო" ყოველი სეზონის ბოლოს ასახელებს საქართველოს ჩემპიონატის რჩეულ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, თუმცა, გასულ კვირას გამართული  საღამო მაინც განსხვავებული იყო - ნომინაციებით, მასპინძლით, სპონსორით...

ღონისძიებას "ბიბლუსი გალერიმ" უმასპინძლა და მას ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეთ ხუხაშვილი უძღვებოდა, "ლელოს" რჩეულები კი პრიზებით კომპანია "ლიდერბეთმა" დააჯილდოვა. ასეთი დაჯილდოებების ნომინანტთა შორის ჩემპიონი გუნდის წარმომადგენლები ჭარბობენ ხოლმე და სხვაგვარად არც წელს ყოფილა - თორმეტი ნომინაციიდან თითქმის ნახევარი გორის "დილას" წარმომადგენელია!

გამარჯვებულებს სპეციალური თასები გადასცეს "ლელოს" მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ, ვეტერანმა ფეხბურთელებმა რევაზ ჩელებაძემ, გელა კეტაშვილმა და თენგიზ სულაქველიძემ, "ლიდერბეთის" ხელმძღვანელმა ბესიკ ხოკერაშვილმა, სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბოკერიამ, ჟურნალისტებმა - გია ტუხაშვილმა, მიხეილ აბაიშვილმა, გიგა გვენცაძემ...

რაც შეეხება გამარჯვებულებს:

საუკეთესო მეკარე - მიხეილ ალავიძე ("დინამო", ბთ). ბათუმელებმა ჩინებული სეზონი ჩაატარეს და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საუკეთესოთა სამეულს დაუბრუნდნენ, ზღვისპირელთა კარის დარაჯი კი თანაგუნდელთა შორისაც გამოირჩეოდა და ჩემპიონატშიც. სეზონის საუკეთესო მეკარის ტიტულისთვის ბრძოლაში 27 წლის ალავიძემ თეიმურაზ კაკალაძესა ("შუქურა") და გიორგი ნადირაძეს ("ცხინვალი") აჯობა.

საუკეთესო მცველი - ლაშა თოთაძე ("დინამო", თბ). თოთაძის გარდა, სეზონის საუკეთესო მცველის ნომინაციაზე ბათუმელი ბორის მახარაძე და გორის "დილას" უკანახაზელი ალან ბაგაევიც დასახელდნენ, თუმცა, "ლელოს" ჟურნალისტებმა არჩევანი შეაჩერეს თბილისის "დინამოს" 26 წლის მცველზე, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე  შეუძლია წარმატებით თამაში.

საუკეთესო ნახევარმცველი - ნიკა კვეკვესკირი ("დილა"). ნიკას თანაგუნდელი გუგა ფალავანდიშვილი და მათე ცინცაძე თბილისის "დინამოდან" - "ლელომ" ორივე მათგანს კვეკვესკირი ამჯობინა. გორის "დილას" შუახაზელს ნახევარდაცვის ცენტრშიც უთამაშია და ფლანგებზეც, უჩა სოსიაშვილმა კი გამთამაშებლად გაამწესა და არც უნანია: კვეკვესკირმა შვიდი გოლი და არაერთი საგოლე გადაცემა მიითვალა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულთან ერთად "ლელოს" ჯილდოც მოიპოვა!

საუკეთესო თავდამსხმელი - ირაკლი მოდებაძე ("დილა"). 30 წლის ცენტრალური თავდამსხმელი 16 გოლით სეზონის ბომბარდირიც გახდა და საუკეთესო თავდამსხმელიც. ამ ნომინაციაზე "ცხინვალელი" ნიკა კაჭარავაც იყო წარდგენილი, თუმცა, მოდებაძის მთავარი კონკურენტი მაინც გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბ.) გახლდათ. საბოლოოდ, "ლელოს" ჟურნალისტებმა არჩევანი გორის "დილას" თავდამსხმელზე შეაჩერეს, პაპუნაშვილი კი "საუკეთესო ახალგაზრდის" წოდებას დასჯერდა.

საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე) - გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბ). გასულ სეზონში თბილისის "დინამოს" ძირითად ბირთვს ახალგაზრდა მოთამაშეები შეადგენდნენ და ამ ნომინაციაზე წარდგენილი სამივე ფეხბურთელიც "დინამოელია"! მათე ცინცაძესაც და ოთარ კიტეიშვილსაც ჩინებული სეზონი ჰქონდათ, თუმცა, გიორგი პაპუნაშვილმა მაინც დამსახურებულად გაიმარჯვა. 19 წლის გარემარბმა მაღალი კლასი საქართველოს თასის ფინალშიც დაამტკიცა და ასაკობრივ ნაკრებშიც!

საუკეთესო ფეხბურთელი - ირაკლი მოდებაძე ("დილა"). ჩემპიონატის ყველაზე პრესტიჟული წოდებისთვის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეები იბრძოდნენ: ირაკლი მოდებაძე, გიორგი პაპუნაშვილი და მიხეილ ალავიძე. ყველაზე ცხარე კამათიც ამ ნომინაციის გამარჯვებულის გამოვლენას ახლდა. საბოლოოდ, არჩევანი ჩემპიონი კლუბის ფორვარდზე - ირაკლი მოდებაძეზე შეჩერდა! ამგვარად, ბომბარდირობასთან ერთად, 30 წლის ცენტრფორვარდმა "ლელოსგან" კიდევ ორი ჯილდო დაიმსახურა - საუკეთესო თავდამსხმელისა და საუკეთესო ფეხბურთელის!

საუკეთესო მწვრთნელი - უჩა სოსიაშვილი ("დილა"). 25 წლის (!) მწვრთნელის თავკაცობით, გორის "დილამ" მთელი სეზონი დამაჯერებლად ჩაატარა და დამსახურებულად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. არანაკლებ კარგი შედეგი ჰქონდათ ბათუმის "დინამოს" მწვრთნელ შოთა ჭეიშვილსა და "ცხინვალის" თავკაც კახა კაჭარავას, მაგრამ აშკარაა, რომ სეზონის საუკეთესო მწვრთნელი სწორედ სოსიაშვილი გახლავთ!

დანარჩენ ნომინაციებზე კი უფრო მოკლედ ვიტყვით:

სეზონის საუკეთესო დებიუტანტად რევაზ ჩელებაძის ვაჟი - 23 წლის გიორგი ჩელებაძე ("შუქურა") დაასახელეს, სეზონის აღმოჩენა გახდა გუგა ფალავანდიშვილი ("დილა"), საუკეთესო ლეგიონერად კი "ლელომ" ბოლნისის "სიონის" პორტუგალიელი ფორვარდი ლუის ალბერტო მიიჩნია. ნომინაციაში "დაბრუნება", გაიმარჯვა ბათუმის "დინამოს" თავკაცმა შოთა ჭეიშვილმა, ახალ ნომინაციაში კი, რომელსაც "საფეხბურთო დინასტიები" ჰქვია, გამარჯვება დარჩა მამა-შვილს - კახა და ნიკა კაჭარავებს ("ცხინვალი").