ვარშავამაც გაგვაშავა - კვირის პალიტრა

ვარშავამაც გაგვაშავა

პოლონეთი 4:0 საქართველო

"ვიცით, რომ ლევანდოვსკი პოლონეთის ნაკრების მთავარი ვარსკვლავია, მაგრამ ერთი კაცი თამაშს ვერ მოიგებს. ფეხბურთი გუნდური თამაშია", - ეს სიტყვები კახა ცხადაძემ პოლონეთთან მატჩამდე თქვა.

დიახ, ფეხბურთი გუნდური თამაშია. ოღონდ, პოლონეთმა გუნდურადაც გვაჯობა და ინდივიდუალურადაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ნაკლებს "მატაობდა". იმ "ერთმა კაცმა" კი, რაც პირველ ტაიმში დაგვაკლო, ბოლო სამ წუთში სამმაგად გვაზღვევინა...

საქართველოს ნაკრებმა ტრადიციას არ უღალატა და ისევ 0:4 წააგო პოლონეთთან. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არ არის სამართლიანი ანგარიში, რომ მეორე ტაიმში ქართველებმა პირველზე უკეთ ითამაშეს და ასეთი სხვაობით მარცხს არ იმსახურებდნენ, მაგრამ... ფეხბურთში იმას "იმსახურებ", რაც ტაბლოზე წერია. ტაბლოზე კი ამჯერადაც 0:4 დაიწერა!

მეორე ბურთის გაშვების შემდეგ საქართველოს ნაკრები გაჩერდა. დაავიწყდა, რომ თამაში საფინალო სასტვენამდე გრძელდება. აი, ლევანდოვსკის კი არ დავიწყებია და ბოლო სამ წუთში სამი გოლი გაუტანა მაყურებლის როლში დარჩენილ ქართველებს.

პოლონეთი ჯგუფის ლიდერია. პოლონეთმა 2:0 აჯობა მსოფლიო ჩემპიონ გერმანიას. სატურნირო თვალსაზრისითაც, მასპინძლებს ჩვენზე მეტად სჭირდებოდათ გამარჯვება, მაგრამ... რა "სჭირდებოდა" საქართველოს ნაკრებს? სამარცხვინო ანგარიშის თავიდან არიდება ხომ მაინც?!

ეს იყო მატჩი, სადაც პოზიტივის დანახვას ვცდილობდით. რამდენიმე ეპიზოდში დავინახეთ კიდეც. მაგრამ ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება და მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი ან ფეხბურთელი არ კმარა.

ნავალოვსკის რომ გაეტანაო...

და ლევანდოვსკის ერთხელ მაინც რომ გაეტანა პირველ ტაიმში, მაშინ?!

არადა, საქართველოს ნაკრებმა სწორედ მაშინ გაუშვა ბურთი, როცა თითქოს გამოასწორა თამაში. სადაც სამართალია, მასპინძლებს ანგარიში პირველ ტაიმში უნდა გაეხსნათ, თუმცა, ლორიამ რამდენჯერმე გვიხსნა აშკარა გოლისგან. თუმცა, ვითომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ყველა ბურთს მეორე ნახევარში გაუშვებ თუ ორ ტაიმზე გადაანაწილებ?!

საქართველოს ნაკრები ახლა უფრო ხშირად იწევს მეტოქის კარისკენ, ვიდრე წინა მწვრთნელის დროს, მაგრამ ჩვენს გუნდს დღესაც იგივე პრობლემები აქვს, რაც წინა მწვრთნელის დროს ჰქონდა.

ეს იყო მატჩი, სადაც პოზიტივის დანახვას ვცდილობდით, მაგრამ... მხოლოდ 0:4 დავინახეთ!

თბილისური 0:4-ის შემდეგ, ვარშავამაც გაგვაშავა...