ზაზა ფაჩულიაც "ბარსელონას" გულშემატკივარი ყოფილა - კვირის პალიტრა

ზაზა ფაჩულიაც "ბარსელონას" გულშემატკივარი ყოფილა

"ბექას ორმაგად ვგულშემატკივრობ - როგორც ჩემს მამიდაშვილს და ქართული კალათბურთის მომავალ ვარსკვლავს!"

"არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, თავის გუნდს მხოლოდ გამარჯვებისას რომ გულშემატკივრობს!"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ივლისში დაიწყებს ევრობასკეტისთვის მზადებას. მანამდე კი ნაკრების მოთამაშეები ოჯახის წევრებთან ატარებენ შვებულებას და არც წლის მთავარ სპორტულ ღონისძიებებს აკლდებიან. აშშ-ში დაბრუნებამდე ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასწრებაც მოასწრო და შთაბეჭდილებების ჩვენთვის გაზიარებაც. საქართველოს ნაკრების კაპიტანთან ინტერვიუ სწორედ ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ მატჩზე ლაპარაკით დავიწყეთ:

- ჩემპიონთა ლიგის ფინალი ნამდვილი ზეიმია და გერმანიიდან ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდი. ასეთ ატმოსფეროს, როგორიც ფინალის დღეს ბერლინში ვნახე, აშშ-ში იშვიათად შეხვდები... ფინალში ორი ძალიან კარგი გუნდი ვნახეთ.

- "ოლიმპიაშტადიონზე" გადაღებული ფოტოს შემდეგ, ყველა მიხვდება, ვის ქომაგობდა ბერლინში ზაზა ფაჩულია. დიდი ხანია, "ბარსელონას" გულშემატკივრობ?

- პატარა ვიყავი, როცა ჩვენმა საკალათბურთო გუნდმა ბარსელონას ტურნირში ითამაშა. ტურნირის დასრულების შემდეგ, ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, "კამპ ნოუც" დაგვათვალიერებინეს. დღემდე მახსოვს ის საოცარი განცდა, მოედანზე შესვლისას რომ დამეუფლა... ისე ძალიანაც არ მოვუნუსხივარ, კალათბურთის ნაცვლად, ფეხბურთის თამაში რომ დამეწყო, მაგრამ მას შემდეგ "ბარსას" ვგულშემატკივრობ!

- ჩემპიონთა ლიგის ფინალს პირველად დაესწარი?

- არა, ათი წლის წინ, "მილანისა" და "ლივერპულის" მონაწილეობით სტამბოლში გამართულ "თრილერსაც" დავესწარი (პირველი ტაიმის შემდეგ, იტალიური კლუბი 3:0 იგებდა, თუმცა "ლივერპულმა" ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა. - ავტ.) "მილანის" ღირსებას მაშინ კახა კალაძეც იცავდა და სტამბოლში მის საქომაგოდ ჩავედი.

- საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშებს თუ ადევნებ თვალს?

- საფეხბურთო ნაკრებს ყოველთვის და ყველგან ვქომაგობ, არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, თავის გუნდს მხოლოდ გამარჯვებისას რომ გულშემატკივრობს! ფეხბურთელებს შორისაც ბევრი მეგობარი მყავს. სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენლები ერთ საქმეს ვაკეთებთ - ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გაგვაქვს! ჩვენზე ბევრია დამოკიდებული - უამრავი ახალგაზრდა გვიყურებს და მათთვის სამაგალითონი უნდა ვიყოთ...

- კალათბურთზე გადავიდეთ: კმაყოფილი ხარ განვლილი სეზონით?

- შარშანდელი სეზონის შემდეგ, ცოტა თუ ელოდა, რომ "მილუოკის" ასეთი წარმატებული სეზონი ექნებოდა. დასანანია, რომ ფლეი-ოფში პირველივე რაუნდში დავმარცხდით, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშეების უმეტესობისთვის ეს პირველი ფლეი-ოფი იყო და დიდი გამოცდილება მიიღეს. დიახ, "მილუოკი" მომავლის გუნდია!

- ხომ თქვი კიდეც, გაისად გაცილებით ძლიერი გუნდი გვეყოლებაო!

- წლევანდელ ფლეი-ოფში მიღებული გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება და მომავალ სეზონში თამაშიცა და შედეგიც ბევრად უკეთესი გვექნება. მე მჯერა გუნდის მწვრთნელების დანერგილი ახალი, ძალიან კარგი სისტემისა!

- "ჩიკაგოსთან" 0:3 ჩამორჩენის შემდეგ, ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვეთ და თითქოს ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვეთ, მაგრამ პირიქით მოხდა - სერიის მეექვსე შეხვედრა საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით წააგეთ...

- სერიის მესამე მატჩი ოვერტაიმში რომ არ წაგვეგო, შესაძლოა, 3:2 "მილუოკი" დაწინაურებულიყო. თუმცა დავმარცხდით და 0:3 ჩამოვრჩით. "ბაქსში" ბევრი ახალგაზრდა, გამოუცდელი მოთამაშეა, მაგრამ გუნდი არ გატყდა, ბოლომდე იბრძოლა და ზედიზედ ორი მატჩი მოიგო. სამწუხაროდ, მეექვსე შეხვედრაში ვერ ვითამაშეთ ისე აგრესიულად, როგორც წინა მატჩებში, არც პერიმეტრს გარედან სროლა გამოგვივიდა... ჩიკაგოელები კი ძალიან აგრესიულები იყვნენ დაცვაშიც და შეტევაშიც, საწყისი წუთებიდან დიდი სხვაობით დაწინაურდნენ და... ვეღარ დავეწიეთ. თუმცა მთლიანობაში "მილუოკისთვის" სეზონი მაინც წარმატებული იყო.

- გასული სეზონიდან მოსაგონარი ბევრი გაქვს: ერთ მატჩში მეტოქის ფარზე მოხსნილი 18 ბურთი, არაერთი ორმაგი დუბლი, ბოლო წამებზე შესრულებული ზუსტი ტყორცნები... ყველაზე სასიამოვნოდ რომელი მატჩი გახსენდება?

- ცუდი დღეებიც მქონდა, მაგრამ პოზიტიური მეტი იყო... ყველაზე სასიამოვნო? მეტოქის ფარზე მოხსნილი 18 ბურთი! ჩემთვის დიდი პატივია NBA-ს ისეთი მოთამაშეების მიღწევის გამეორება, როგორიც დენის როდმანი და ჩარლზ ოკლი იყვნენ. გარდა ამისა, წლევანდელ სეზონში მხოლოდ სამმა მოთამაშემ (მათ შორის, ლებრონ ჯეიმსმა. - ავტ.) შევძელით ერთ მატჩში 10-ზე მეტი ქულის, 10-ზე მეტი მოხსნის, 5-ზე მეტი პასისა და 5-ზე მეტი ჩაჭრის მოგროვება! იყო მატჩები, როცა ძალიან მნიშვნელოვანი ქულებით, მოხსნით ან პასით დავეხმარე ჩემს გუნდს, წლის საუკეთესო მომენტებშიც მოვხვდი... თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გამარჯვებაა - რაც უნდა კარგად ითამაშო, თუ შენი გუნდი აგებს, ინდივიდუალური წარმატება მნიშვნელობას კარგავს...

- ღვინის მსგავსად, წლების მატება კალათბურთელსაც უკეთესს ხდის?

- ხშირად მახსენდება "დალასის" მწვრთნელის სიტყვები: თუ ტრავმამ არ შეუშალა ხელი, ცენტრალური თავდამსხმელები 30 წლის ასაკის შემდეგ არიან კარიერის პიკშიო... რაც უფრო გამოცდილი ხარ, მოედანზე ყოფნა მით უფრო ადვილი და სასიამოვნოა, თამაშს გაცილებით ადვილად "კითხულობ", შეცდომას უფრო იშვიათად უშვებ, ნაკლებ ძალას ხარჯავ და ა.შ. ახლა სწორედ ასე ვარ - ძალიან მსიამოვნებს მოედანზე ყოფნა... ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომაც სჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ საუკეთესო წლებია ჩემს კარიერაში...

- შენი მამიდაშვილი, ბექა ბურჯანაძე,  NBA-ს წლევანდელ დრაფტში მონაწილეობას გეგმავდა. ხომ არ გადაიფიქრა?

- ბექა უკვე დაფიქსირებულია წლევანდელი დრაფტის (დრაფტი - ანუ, NBA-ს კლუბების მიერ ახალგაზრდა კალათბურთელების არჩევის ცერემონიალი 25 ივნისს გაიმართება. - ავტ.) ბაზაში. ზუსტად ვერ გეტყვით, მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ეს თავად უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორიც მისი კარიერისთვის იქნება უკეთესი. ბექას ორმაგად ვგულშემატკივრობ - როგორც ჩემს მამიდაშვილს და ქართული კალათბურთის მომავალ ვარსკვლავს!

- NBA-საც კარგად იცნობ და ბექას შესაძლებლობებსაც - მზად არის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციისთვის?

- ჯერ ახალგაზრდაა, შესაძლოა, ბოლომდე არ იყოს მზად ასეთ დონეზე სათამაშოდ, მაგრამ მოსამზადებლად უამრავი გზა არსებობს - თავად  NBA-შიც,  D-ლიგაშიც, ევროპულ კლუბებშიც... ამ ეტაპზე ბექასთვის მთავარია, სათამაშო დრო ჰქონდეს და გამოცდილება დააგროვოს. ძალიან შრომისმოყვარეა, აქამდე მხოლოდ თავისი შრომით და ნიჭით მოვიდა და იმასაც კარგად აცნობიერებს, რომ ჯერ არაფრისთვის მიუღწევია - ეს მხოლოდ კარიერის დასაწყისია...

- საუბრის ბოლოს, ნაკრებსა და მომავალ ევროპის ჩემპიონატზეც ვილაპარაკოთ - რას ელის ზაზა ფაჩულია 2015 წლის ევრობასკეტისგან?

- პირველ რიგში, იმას, რომ ნაკრების ყველა კალათბურთელი კარგ ფორმაში შეხვდება ევროპის ჩემპიონატს! რომ არ გამეორდება წინა წლების სამწუხარო მაგალითები, როცა ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი მოთამაშეები მოისაკლისა... მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ, დანარჩენი კი ჩვენს ხელში იქნება - შრომისმოყვარე, თავდაუზოგავი და გულიანი ბიჭები რომ არ გვყავდეს, ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ სამჯერ ვერ გავიდოდით!