სტიქიამ სპორტი ვერ დაჩაგრა! - კვირის პალიტრა

სტიქიამ სპორტი ვერ დაჩაგრა!

ღვარცოფს იქამდეც რომ მიეღწია, "თბილისი-2015"-ის ორგკომიტეტს ჩოგბურთელებისთვის ახალი კორტების გამოძებნა მოუწევდა...

თბილისს კიდევ კარგა ხანი დასჭირდება 13 ივნისის დამანგრეველი სტიქიისგან მიღებული ჭრილობების მოსაშუშებლად. არადა, 26 ივლისიდან, დედაქალაქმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უნდა უმასპინძლოს, 11 აგვისტოს კი "დინამო არენაზე" უეფას სუპერთასის მატჩია - "ბარსელონა"-"სევილია"!

ასე რომ, ივლისის ბოლოდან ორი კვირის განმავლობაში, თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ამ ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვები: რა მასშტაბით დააზიანა სტიქიამ თბილისის სპორტული ინფრასტრუქტურა? მზად ხვდება თუ არა საქართველოს დედაქალაქი უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებებს?

"დინამო არენასა" და ვერეს ხეობას საკმაოდ დიდი მანძილი და რაც მთავარია - მტკვარი ყოფს, ჰოდა, სუპერთასის მასპინძელი სტადიონი და მიმდებარე ტერიტორია სტიქიას უვნებლად გადაურჩა. აი, "თბილისი-2015" კი კინაღამ ახალი არენის გარეშე დარჩა! საქმე ის არის, რომ სპეციალურად ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აგებული საჩოგბურთო კომპლექსი სწორედ ტრაგედიის ადგილის მიმდებარედ, უფრო ზუსტად კი, ე. წ. ახალი გზის ზედა მხარეს, გზიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრით მაღლაა განლაგებული...

ღვარცოფს იქამდეც რომ მიეღწია, "თბილისი-2015"-ის ორგკომიტეტს ჩოგბურთელებისთვის ახალი კორტების გამოძებნა მოუწევდა... ძლიერი ნალექის გამო ნაწილობრივ დაიტბორა ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი, თუმცა, პრობლემა უკვე მოგვარებულია და საკალათბურთო ტურნირი დაუბრკოლებლად ჩატარდება. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მაისში ორგანიზატორებმა უკვე შეცვალეს ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძელი ერთ-ერთი დარბაზი (არსებობდა მცირე შანსი, რომ სპორტის ახალი სასახლის მშენებლობა დადგენილ ვადაში ვერ დასრულებულიყო, ამიტომ, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ხელბურთის ტურნირს ძველმა სპორტის სასახლემ უმასპინძლოს. - ავტ.), სპორტის კიდევ ერთი ან რამდენიმე სახეობის წარმომადგენლებისთვის დისლოკაციის შეცვლა კი ნამდვილად არ წაადგებოდა მასპინძელთა იმიჯს...

საბედნიეროდ, სხვა ოლიმპიური ნაგებობების მსგავსად, სტიქიას საჩოგბურთო კომპლექსიც გადაურჩა. ამაში დასარწმუნებლად თბილისს ესტუმრნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის (ჩOჩOM) თავმჯდომარე და მენეჯერი. ჯოზეფ ლიბამ და კატერინა ნიცოვამ დაათვალიერეს ოლიმპიური ობიექტები და როგორც "თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანისგან, ისე საქართველოს პრემიერ-მინისტრისგანაც მიიღეს პირობა, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დაუბრკოლებლად ჩატარდება!

საქართველოს დედაქალაქში ჩამოვა ევროპის 49 ქვეყნის 4 ათასამდე ახალგაზრდა სპორტსმენი, რომლებიც სპორტის ცხრა სახეობაში გაეჯიბრებიან ერთმანეთს. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დასრულებიდან ათ დღეში კი თბილისი საფეხბურთო ევროსეზონის ბოლო მატჩს უმასპინძლებს - "დინამო არენაზე" სუპერთასისთვის "ბარსელონა" და "სევილია" იბრძოლებენ. სუპერთასის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ გვითხრა, რომ სტიქიას სუპერთასისთვის მზადების პროცესი არ შეუფერხებია:

- ბოლო მოვლენებს უეფას დელეგაციის სტუმრობა დაემთხვა. დაათვალიერეს მიმდინარე სამუშაოები და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ სუპერთასისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიდის. ქალაქის ხელმძღვანელობაც და შსს-ც ყველანაირად გვეხმარება, რათა დედაქალაქის სტუმრებს პრობლემები არ ჰქონდეთ არც გადაადგილების და არც უსაფრთხოების მხრივ.

- თბილისის გზებზე შექმნილი პრობლემები მანამდეც აქტუალური იყო, 13 ივნისის სტიქიამ კი ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფრა. გაქვთ გარანტია, რომ აგვისტოს დასაწყისისთვის ყველა პრობლემური მონაკვეთი მოწესრიგდება?

- ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს ყველა იმ სამსახურთან, ვისაც ეს საკითხი ეხება. სტიქიის შედეგად, დედაქალაქს უდიდესი ადამიანური და მატერიალური ზარალი მიადგა და ასეთ დროს, ნამდვილად ვერ დავიწყებდით იმის გარკვევას, რა და როგორ იქნება - ისედაც ყველამ იცის, რა არის გასაკეთებელი და დარწმუნებული ვარ, აგვისტომდე ქალაქის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოწესრიგდება.

- რაც შეეხება სტადიონს? ცნობილია, რომ სუპერთასის მატჩისთვის "დინამო არენა" მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის...

- უკვე შეიძლება ითქვას, რომ ივლისის ბოლოსთვის "დინამო არენაზე" ყველა სამუშაო დასრულებული იქნება. სტადიონს რამდენიმე ადგილას ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, ტრიბუნებზეც და შიდა სივრცეებშიც მთლიანად იცვლება ინდივიდუალური სკამები, მნიშვნელოვნად გაძლიერდა ინტერნეტის სიჩქარე, ხმისა და განათების სისტემები, დამონტაჟდა ელექტრონული ტურნიკეტები, თანამედროვე ტაბლო. სპეციალური ადგილები გამოიყოფა სატელევიზიო ტექნიკისთვის, მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია, გაიხსნება აკრედიტაციის ცენტრი, სტადიონზე შემსვლელები შემოწმების რამდენიმე ეტაპს გაივლიან და ა.შ.

- ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე აქტუალური სწორედ ბილეთების თემაა და რამდენიმე სიტყვით ამაზეც ვთქვათ.

- მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინრეჟიმში შეეძლებათ. ბილეთები სამი კატეგორიისაა და მათი ფასია 7, 14 და 30 ევროს ეკვივალენტი ლარში. რაც შეეხება კვოტებს, კორპორაციულ გაყიდვები არ იქნება, ერთი პირადობის მოწმობით კი მხოლოდ ოთხი ბილეთის შეძენა იქნება შესაძლებელი. დაახლოებით 1000 მოსაწვევია გამოყოფილი უეფას სპონსორების და პარტნიორებისთვის, 3-3 ათასამდე ბილეთი ეკუთვნით "ბარსელონას" და "სევილიას" წარმომადგენლებს. სუპერთასს გააშუქებს უამრავი ტელეარხი და კორესპონდენტი... მოკლედ,  2-3 დღის განმავლობაში, საფეხბურთო ევროპის ეპიცენტრი თბილისში იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დედაქალაქის სტუმრებს მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ და თბილისის სუპერთასის მატჩს ახლდეს ყველაფერი, რაც ასეთი დონის შეხვედრებს ახასიათებს.

13 ივნისს, თბილისში მოსულმა დამანგრეველმა სტიქიამ მთელი საქართველო გააერთიანა. ქართველი სპორტსმენები ასეთ ამბებს არც მანამდე გამოჰკლებიან, თუმცა, ტრაგედიის მომდევნო დღეებში კიდევ ერთხელ  გვაჩვენეს, რომ ძალა ერთობაშია, სიკეთე კი გადამდები