ბაქოში პირველ Яრუსზე! - "თუ ჩემპიონობა გინდა, ყველას უნდა მოუგო! " - კვირის პალიტრა

ბაქოში პირველ Яრუსზე! - "თუ ჩემპიონობა გინდა, ყველას უნდა მოუგო! "

ჭრიკიშვილი მეტოქის გვარ-სახელსა და ეროვნებას მნიშვნელობას არ ანიჭებს - თუ ჩემპიონობა გინდა, ყველას უნდა მოუგოო. და უგებს კიდეც!

ბაქოში 28 ივნისს დასრულებულ ევროპულ თამაშებში პირველი ოქრო ტურნირის დაწყებიდან ორი კვირის თავზე მოვიგეთ: რა თქმა უნდა, ძიუდოისტმა და, რა თქმა უნდა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა!

ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო რეიტინგის უპირობო ლიდერი ყველა ტურნირს დამაჯერებლად იგებს და ტრადიცია არც პირველ ევროპულ თამაშებზე დაურღვევია. ფინალში მსაჯმა გამოგონილი ვაზარი აჩუქა "ჩირიკას" (ჭრიკიშვილის მეტსახელია. - ავტ.) რუს მოწინააღმდეგე ივან ნიფონტოვს, მაგრამ ცივსისხლიანმა ქართველმა მეტოქესაც და მსაჯსაც მალევე აჩვენა, როგორია ნამდვილი ვაზარი!

თავად ჭრიკიშვილი მეტოქის გვარ-სახელსა და ეროვნებას მნიშვნელობას არ ანიჭებს - თუ ჩემპიონობა გინდა, ყველას უნდა მოუგოო. და უგებს კიდეც!

ავთოსგან განსხვავებით, ქართველი ქომაგი ნამდვილად ანიჭებს მნიშვნელობას და ორმაგად კმაყოფილია, "ჩირიკა" პირველი ევროპული თამაშების "პირველ იარუსზე" რუსის გავლით რომ აღმოჩნდა...

ბაქოშივე ძიუდოს ტურნირის დაწყების წინ დააჯილდოეს ის და საქართველოს ნაკრების თავკაცი ირაკლი უზნაძე, როგორც 2014 წლის საუკეთესო ძიუდოისტი და მწვრთნელი!

მანამდე ბაქოში ქართველების ანგარიშზე 12 მედალი იყო - 4 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. ჩვენი დელეგაციის ყულაბაში პირველი მედალი მხოლოდ ასპარეზობის დაწყებიდან მეხუთე დღეს ჩავარდა: ქართველ მშვილდოსანთა შერეულმა წყვილმა - ხათუნა ნარიმანიძემ და ლაშა ფხაკაძემ - ვერცხლის მედალი მოიგო. ვერცხლს დასჯერდნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები: ელიზბარ ოდიკაძე, ბექა ლომთაძე და ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი. ბრინჯაოს მედლები მოიგეს: ჯუმბერ ყველაშვილმა, ალექსანდრე ამინაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), სალომე ფაჟავამ (ტანვარჯიში), ვახტანგ ჩიდრაშვილმა, კახა მამულაშვილმა და დავით კარბელაშვილმა (სამბო) და ამირან პაპინაშვილმა (ძიუდო).

დასანანი სწორედ ის არის, ოქროს მედალი სხვა სახეობებში რომ ვერ მოვიგეთ, თორემ ძიუდოისტების წარმატება არც გაგვკვირვებია. პაპინაშვილისა და ტატალაშვილის მედლებზე უკვე ვთქვით, ჭრიკიშვილის ოქროს შემდეგ კი, მომდევნო წონების წარმომადგენლებმაც წარმატებით იჭიდავეს: ვარლამ ლიპარტელიანმა ქართულ ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილს აჯობა (მოგვიანებით, ბრინჯაოსთვის მატჩში ღვინიაშვილი ილიას ილიადისთან დამარცხდა. - ავტ.) და ფინალში გავიდა. სამწუხაროდ, გადამწყვეტ მატჩში დაშვებული ერთადერთი შეცდომა ლიპოს ძვირად დაუჯდა და რუს კირილ დენისოვთან იუკოთი დამარცხდა. სამაგიეროდ, ფინალში წარმატებით იჭიდავა ადამ ოქრუაშვილმა. გადამწყვეტ მატჩში ქართველმა მძიმეწონოსანმა ებრაელი ორ სასონი გააკრა ბეჭებზე და მეორე ოქრო მოგვიტანა. საბოლოოდ, ქართული დელეგაციის ანგარიშზე 15 მედალია - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო...

თუმცა, ეს ყველაფერი 27 ივნისის საღამოს იყო და ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, შაბათის შეხვედრებზე ბევრს ვერ ვილაპარაკებთ. მით უმეტეს, კვირას გამართულ გუნდურ ტურნირზე. სამაგიეროდ, წაიკითხავთ ინტერვიუს პირველი ევროპული თამაშების პირველ ქართველ ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილთან. 2014 წლის საუკეთესო ძიუდოისტმა მითხრა: ბაქოში რომ მოვდიოდით, თბილისი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული 13 ივნისის სტიქიის შოკიდან და ქართული დელეგაციის ყველა წევრს გვინდოდა, წარმატებული გამოსვლით მცირედით მაინც შეგვემსუბუქებინა ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე დღეებიო... ახლა კი ინტერვიუ, რომელიც ევროპის ძიუდოს კავშირის დაფასებით დავიწყეთ:

- გმადლობთ მოლოცვისთვის, ირაკლი უზნაძესაც ვულოცავ ამ აღიარებას... სასიამოვნოა, როცა შრომა გიფასდება და წლის საუკეთესო ძიუდოისტად გასახელებენ. თანაც, დამატებითი მოტივაციაც არის, კიდევ უფრო მეტი რომ მოინდომო და ივარჯიშო...

- ტურნირს ეტყობა, რომ ევროპული თამაშები პირველად იმართება? ორგანიზებით კმაყოფილი ხართ?

- ორგანიზებით ბაქოს თამაშები ლონდონის ოლიმპიადასაც არ ჩამოუვარდება! ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. იმედია, მომდევნო ევროპული თამაშებიც ასეთ მაღალ დონეზე ჩატარდება.

- "ბაქო-2015"-ის რამდენიმე მონაწილემ გულახდილად თქვა, რომ რადგან ევროპული თამაშები "ახალი ხილია", სპორტსმენები უფრო ნერვიულობენ, ვიდრე ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე... მართლაც ასეა?

- ევროპული თამაშები ევროპის ჩემპიონატის ტოლფასია. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ჩემთვის ყველა ოფიციალური ტურნირი მნიშვნელოვანია, ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. მეორე მხრივ, გაისად გასამართი ოლიმპიური თამაშების წინ ახალ ტურნირზე ასპარეზობა ახალი გამოცდილების მომტანი იქნება ჩემთვის.

- ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა იოლად, იპონით მოიგე, რუს ნიფონტოვს კი ვაზარი აკმარე...

- რომ გითხრათ, დავიღალე ან სხვა მხრივ გამიჭირდა-მეთქი, ტყუილი იქნება. სპორტია, ყველაფერი ხდება, მაგრამ, როცა ნიფონტოვისგან გდება გავუშვი, მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვუგებდი! საბოლოოდ ასეც მოხდა - ძლიერმა გაიმარჯვა!

- გდება გავუშვიო, ამბობ... შენ "გაუშვი" თუ მსაჯმა?!

- ნიფონტოვისთვის რომ გეკითხათ, ვაზარი კი არა, შესაძლოა, იპონიც კი ეთქვა (იცინის). ჩემი აზრით კი, გდება რომც ყოფილიყო, ვაზარი ნამდვილად არა, მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა მსაჯს იმ ეპიზოდში ნიფონტოვისთვის მიეცა, იუკოა... ტურნირის მსაჯობას რაც შეეხება, სხვა ტურნირების მსგავსად, მცირე მიმხრობა და სიმპათიები იქაც იყო, თუმცა ბაქოში რომელიმე სპორტსმენი აშკარად დაეჩაგროთ, მე არ მინახავს...

- პირველი ოქროს მედალი ევროპული თამაშების სტარტიდან თითქმის ორი კვირის თავზე მოვიგეთ... როგორი გრძნობაა, როცა შენი ქვეყნის წარმომადგენელთაგან პირველი ხდები ახალი ტურნირის ჩემპიონი?

- ძიუდოს ტურნირებზე გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, როცა შენ გვერდით სხვა სახეობების წარმომადგენლებიც არიან, ისეთივე განწყობა გეუფლება, როგორიც ოლიმპიადის დროს... ყველანი ერთად ვიყავით, ერთმანეთს ვამხნევებდით და ორმაგად გახარებული ვარ, რომ საქართველოს სწორედ მე მოვუტანე ევროპული თამაშების პირველი ოქრო! ძიუდოს ნაკრების დანარჩენმა წევრებმაც კარგად იჭიდავეს და ვეცდებით, გუნდურ ტურნირშიც წარმატებით ვიასპარეზოთ (ინტერვიუ შაბათს არის ჩაწერილი. - ავტ.)!

- ბაქოში ლევან მატიაშვილმა აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურს მოუგო, ვარლამ ლიპარტელიანმა - "ესპანელ" ნიკოლოზ შერაზადიშვილს... სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე ქართველებთან შენც გიჭიდავია და როგორი გრძნობაა? მოქალაქეობაშეცვლილი ძიუდოისტები ქართველ მეტოქესთან  ერთგვარი კომპლექსით ჭიდაობენ თუ პირიქით - ორმაგი მოტივაციით?

- სპორტი სპორტია, ერთი ეროვნების წარმომადგენლები კი არა, ძმები ჭიდაობენ ხოლმე ერთმანეთთან... ვიცი, რომ ფინალში რუს მოწინააღმდეგესთან ჩემი გამარჯვება საქართველოში ორმაგად გაუხარდათ, მაგრამ თავად ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ - თუ ჩემპიონობა გინდა, ყველას უნდა მოუგო!