სტარტის წინ სპორტსმენმა ანდერძი უნდა დაწეროს და ისე დაეშვას? - კვირის პალიტრა

სტარტის წინ სპორტსმენმა ანდერძი უნდა დაწეროს და ისე დაეშვას?

გასულ შაბათს, ვანკუვერში საზეიმოდ გაიხსნა ზამთრის XXI ოლიმპიადა. გახსნის ცერემონიალზე 82 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, ქართული დელეგაციაც მიაბიჯებდა, ოღონდ, ერთი წევრით ნაკლები, შავი სამკლაურებისა და შარფების თანხლებით. შავი არშია ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო დროშასაც. საქართველო და მასთან ერთად მთელი მსოფლიოც 21 წლის მოციგავეს - ნოდარ ქუმარიტაშვილს გლოვობს, რომელიც ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, სავარჯიშო დაშვებისას მიღებული ტრავმით დაიღუპა.

ტრაგედია უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე მოხდა. ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვებისას, ქუმარიტაშვილმა მართვა დაკარგა და 145 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ბორტს დაეჯახა. დარტყმის ძალამ სპორტსმენი ციგიდან ამოაგდო და ტრასის გვერდით მდგარ ლითონის კონსტრუქციას მიანარცხა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამწუხაროდ, სპორტსმენის გადარჩენა ვერ მოხერხდა...

ორგანიზატორთა ოფიციალური განცხადებით, ტრაგედია მოციგავის შეცდომას მოჰყვა. "ქუმარიტაშვილმა მე-15 მოსახვევიდან გამოსვლა დააგვიანა და მომდევნოში სწორად შესვლა ვერ შეძლო. ამის გამო ყველა მცდელობის მიუხედავად, ციგის მართვა დაკარგა", - ნათქვამია ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIL) ერთობლივ განცხადებაში.

KvirisPalitra.Geთუმცა, ორგანიზატორებს ის არ უხსენებიათ, რომ უისტლერის ტრასა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია მსოფლიოში. და სპორტსმენები ხშირად უჩივიან ტრასის კონფიგურაციას, რის გამოც ქუმარიტაშვილზე ბევრად გამოცდილი სპორტსმენებიც ხშირად კარგავენ ციგაზე კონტროლს. ამის დასტურად წლევანდელი თამაშებიც გამოდგება: ტრაგედიამდეც და მის მერეც, რამდენიმე სპორტსმენმა უარი განაცხადა უისტლერის ტრასაზე დაშვებაზე. მოგეხსენებათ, შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული და ნუთუ, უსაფრთხოების ნორმები ისე არ უნდა იყოს დაცული, სპორტსმენს შეცდომა სიცოცხლის ფასად არ დაუჯდეს?

რადგან ბაკურიანში საციგაო ტრასა აღარ არსებობს, ქუმარიტაშვილი შეჯიბრებისთვის ავსტრიასა და გერმანიაში ემზადებოდა. ამიტომაც, ინფორმაცია მისი გამოუცდელობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

დაღუპული სპორტსმენისთვის "ხელის შეწმენდა" ყველაზე იოლი გამოსავალია, თუმცა, ტრაგედიის მიზეზი რომ მხოლოდ ქუმარიტაშვილის შეცდომა არ უნდა იყოს, ამაზე რუსეთის ციგაობის ფედერაციის პრეზიდენტისა და ამავდროულად FIL-ის აღმასკომის წევრის, ვალერი სილაკოვის განცხადებაც მეტყველებს. სილაკოვი ტრაგედიაში ოლიმპიადის ორგანიზატორებს ადანაშაულებს.

"ტრაგედია დატრიალდა მეექვსე, დასკვნითი სავარჯიშო სესიის დროს, რომელმაც სტარტი ადგილობრივი დროით, დილის 10 საათზე აიღო. რატომღაც, ორგანიზატორები არ დაელოდნენ ვარჯიშის დასრულებას და ტრასის სპეციალური ტენტებით გადახურვა დაიწყეს, რათა ყინული მზის სხივებისგან დაეცვათ, თანაც, პირველად უკანასკნელი, ყველაზე სახიფათო მოსახვევი დაფარეს. იმის მიუხედავად, რომ FIL-ის წესებში მკაფიოდაა ნათქვამი: ყველა დაშვება, ოფიციალურიც და სავარჯიშოც, ღია ხილვადობის პირობებში უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპორტსმენები აბსოლუტურად სხვა ორიენტირებს აღიქვამენ. დახურული ტრასისას, ისინი, ფაქტობრივად, გვირაბში მისრიალებენ და ვერაფერს ხედავენ. და სწორედ უსაფრთხოების ზომების დარღვევა გახდა ტრაგედიის მიზეზი".

KvirisPalitra.Geაღსანიშნავია, რომ საწვრთნელი დაშვებისას, ზუსტად იმ მოსახვევში, ძლივს გადაურჩა ტრაგედიას ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი არმინ ცოგელერი, რომელმაც მართვა დაკარგა, ციგიდან გადმოვარდა და 200 მეტრი ზურგზე დაცემულმა ისრიალა. შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს რუმინელი მოციგავე ვიოლეტა სტრამატურარუ, რომელსაც დაცემისას ტვინის შერყევა დაუდგინეს და ექიმებმა შეჯიბრებიდან მოხსნეს.

საგულისხმოა რუსი მოციგავის, ოლიმპიური ვერცხლის მედალოსნის და მსოფლიო ჩემპიონის, ალბერტ დემჩენკოს მოსაზრებაც: "უისტლერის ტრასაზე ოთხჯერ მომიწია გამოსვლამ. აქ მოციგავე 154 კმ/სთ სიჩქარეს აღწევს, მაშინ, როცა ტურინის ტრასაზე სიჩქარე 138 კმ/სთ-ს არ აჭარბებს. ასეთი სისწრაფის დროს შეცდომა რომ დაუშვა, გადარჩენის ძალზე მცირე შანსი გაქვს".

ტრაგედიამდე ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჯოზეფ ფენდტმა "დეილი ტელეგრაფთან" საუბრისას განაცხადა, რომ უისტლერის ტრასა არასწორად არის დაპროექტებული(?!): "ძალიან სწრაფი ტრასაა. ჩვენ ვგეგმავდით, რომ მასზე განხორციელებული მაქსიმალური სიჩქარე უნდა ყოფილიყო 137 კმ/სთ, სინამდვილეში კი 20 კმ/სთ-ით მეტია დასაშვებზე".

თუ ტრასას არ ჰქონდა დეფექტები, რატომ გახდა მისი გადაკეთება საჭირო? სასწრაფოდ რატომ ასწიეს მისი ბორტები ტრაგედიის შემდეგ ორგანიზატორებმა? თუ ხედავდნენ, რომ სპორტსმენები დასაშვებზე 20-30 კმ/სთ-ით სწრაფად სრიალებდნენ, რატომ მანამდე არ გაითვალისწინეს, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამას? მათი დასკვნიდან ისე გამოდის, რომ სპორტსმენებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, - შეგეშლება? - მოკვდები!"

ან რატომ იყო ასე ახლოს (ზედ ბორტთან!) განლაგებული ლითონის ბოძები ტრასასთან? არ შეიძლებოდა ისინი სხვანაირად დაემონტაჟებინათ ანდა დამცავი შრეებით დაეფარათ?

ასე კი ეს ტრასა სიკვდილის ატრაქციონია და მეტი არაფერი! გამოდის, სტარტის წინ სპორტსმენმა ანდერძი უნდა დაწეროს და ისე დაეშვას?

ირაკლი ჯაფარიძე (ვანკუვერის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი): - ერთ ღამეში ააშენეს დამცავი კედელი. აქამდე სად იყვნენ? მაინცდამაინც ტრაგედია უნდა მომხდარიყო, უსაფრთხოების ნორმები რომ გაემკაცრებინათ? ჩემი შვილი, ოთარ ჯაფარიძე, რომელსაც ამ დღეებში უწევს საციგურაო მოედანზე გასვლა, გაგიჟებულია, - მამა, ახლა დაიწყეს ჯებირების შენებაო... მხოლოდ ის კი არა, მთელი დელეგაცია საშინელ მდგომარეობაში ვართ. ყველაზე მეტად მაინც ფელიქს ქუმარიტაშვილის (საქართველოს მოციგავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძა. - ავტ.) დანახვა მიკლავს გულს. ისე ცუდადაა, ნემსებით გვიწევს ხოლმე მისი მობრუნება. ნოდარის დაღუპვას ხომ საშინლად განიცდის და მერე იმას ტირის, - მის მშობლებს რა ვუთხრაო...

- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უისტლერის ტრასაზე სპორტსმენი ციგის მართვას კარგავს. სამწუხაროდ, ნოდარი ყველაზე უიღბლო აღმოჩნდა...

- ძალიან ბევრი მწვრთნელი და სპეციალისტი გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ ტრასით. ცუდად არის დაპროექტებული და ხშირია შემთხვევა, როცა სპორტსმენები კონტროლს კარგავენ. კარგი, ტრასას თავიდან ვერ ააშენებდნენ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ჯებირი აემაღლებინათ, ანდა, რკინა-ბეტონის ბოძები დამცავი ფენით შეეფუთათ? უშეცდომო არავინაა და შეცდომა სიცოცხლის ფასად არავის უნდა დაუჯდეს. სწორედ ეს თქვა საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე. მიხეილ სააკაშვილი ოლიმპიურ სოფელში გვეწვია სპორტსმენთა გასამხნევებლად და მათთვის თანაგრძნობის გამოსახატავად. ჩვენი ოლიმპიელები ისეთი დათრგუნვილები არიან, თანადგომა ნამდვილად სჭირდებათ.

- მომხდარს ბევრი ნოდარის გამოუცდელობას უკავშირებს...

- კარგად მომზადებული არ იყოო... შეუძლებელია, მოუმზადებელი სპორტსმენი ოლიმპიადაზე მოხვდეს. ოლიმპიურ თამაშებამდე იმდენი შეჯიბრების გავლაა საჭირო, შემთხვევით იქ ვერავინ მოხვდება. ვანკუვერში გამგზავრებამდე ნოდარმა სამი საკვალიფიკაციო ასპარეზობა გაიარა და საკმაოდ მაღალი შედეგები ჰქონდა. ბიძის სახით, ძალიან გამოცდილი მწვრთნელი ჰყავდა. ქუმარიტაშვილები საქართველოში სპორტის ამ სახეობის ფუძემდებლები არიან...

- როგორც ვიცი, ქართულ დელეგაციას თანაგრძნობას უამრავი ადამიანი უცხადებს...

- ძალიან ბევრი მოდის ყვავილებით, სანთლებით. ქალაქში რომ გავდივართ და ქართული დელეგაციის სამოსში გვხედავენ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვაჩერებენ და თანაგრძნობას გამოხატავენ. ალბათ თავადაც ნახეთ, გახსნის ცერემონიალისას, მთელი სტადიონი ფეხზე ადგა და პატივი მიაგო ქართველი სპორტსმენის ხსოვნას.

- ტრაგედიიდან ცოტა ხანში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული დელეგაცია ოლიმპიადის დატოვებას აპირებდა.

- ამაზე ნამდვილად არ ყოფილა ლაპარაკი. ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ ვანკუვერში დავრჩებით და დაღუპული მეგობრის სახელის უკვდავსაყოფად ვიბრძოლებთ. იმავე დღეს მეორე მოციგავეს, ლევან გურეშიძესაც უნდა ეასპარეზა, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში იყო, მისი სტარტზე გაშვება შეუძლებელი გახდა და შეჯიბრებიდან მოვხსენით...

გიგლა მახარაშვილი (ნოდარ ქუმარიტაშვილის მეგობარი): - ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს დილის 6 საათზე, პირდაპირ ეთერში ვადევნებდი თვალს. ქართული დელეგაციის წევრები შავი სამკლაურებით რომ დავინახე, გულმა რეჩხი მიყო, მერე კომენტატორმაც გამოაცხადა, რაც მოხდა და... კარგა ხანს გონზე ვერც მოვედი, ვერ ვიჯერებდი, რომ ზეიმის ნაცვლად, ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს...

- მისი ოჯახის წევრებმა როდის შეიტყვეს ეს ამბავი?

- ქუმარიტაშვილებმაც ტელევიზიით შეიტყვეს, რა საშინელი დღე აღმოჩნდა მათთვის 13 თებერვალი... შვილი რომელ დედას არ უყვარს, მაგრამ ნოდარი დედას წარმოუდგენლად უყვარდა. ლაპარაკიც კი მიჭირს, როცა მახსენდება, რა დღეში არიან მისი მშობლები... ერთადერთი ქალიშვილიღა დარჩათ...

- მოციგავეთა ნაკრების მწვრთნელი, ფელიქს ქუმარიტაშვილი ნოდარის მამის ძმაა?

- არა, ნოდარის მამა და ფელიქსი ბიძაშვილები არიან. ქუმარიტაშვილების გვარს საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ეს სახეობა ფელიქსის მამამ შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში. ამ გვარის სპორტსმენები საბჭოთა პირველობაზე ყოველთვის საუკეთესო შედეგებით გამოირჩეოდნენ. ნოდარიც ძალიან პერსპექტიული ბიჭი იყო, მაგრამ არ დასცალდა...

- 22 თებერვალს ბაკურიანობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადებოდით...

- ეს დღე დღესასწაული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა საზეიმო განწყობა არავის აქვს. დღეს მთელი ბაკურიანი გლოვობს... ითქვა, რომ ბაკურიანის ახალ საციგაო ტრასას ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი მიენიჭება და ეს იქნება ჩვენი უკანასკნელი პატივისცემა მისდამი...

ახალგაზრდა სპორტსმენის დაღუპვის გამო მწუხარებას მთელ მსოფლიოში გამოთქვამენ. საქართველოს სამძიმარი გამოუცხადეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, უამრავი ქვეყნის პირველმა პირმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა. განსაკუთრებით ემოციური და ამავდროულად გასაკვირიც, რუსეთის დელეგაციის მხარდაჭერა იყო. რუსებმა პირდაპირ დაადანაშაულეს ორგანიზატორები და მთელი პასუხისმგებლობა მათ დააკისრეს.

თუმცა, რამდენიც უნდა გვითანაგრძნონ, "შეშფოთდნენ" და "დაგმონ" მომხდარი, ახალგაზრდა სპორტსმენს ვერც ეს გააცოცხლებს და ვერც ფეხზე წამომდგარი მთელი სტადიონი.

ახლა, მთავარია, დაღუპულ სპორტსმენს კი არ შეაწმინდონ ხელი, არამედ დამტკიცდეს, რომ ტრაგედია სწორედაც რომ ტრასის გაუმართაობის გამო მოხდა!

სამწუხარო დამთხვევაა, მაგრამ 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილისთვის საბედისწერო 21-ე ოლიმპიური თამაშები გამოდგა...

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და სრულიად საქართველოს.