ზელანდიამდე ერთი ნაბიჯია - კვირის პალიტრა

ზელანდიამდე ერთი ნაბიჯია

პორტუგალია საქართველო 10:16

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რის ვაი-ვაგლახით ჩააღწია პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ადგილობრივი "ლობუში" (მგლები) საკუთარ ბუნაგში ააყმუვლა და ფაქტობრივად, გაინაღდა 2011 წელს ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასის საგზური.

ზელანდიამდე ძალიან შორი კია,  მაგრამ იქ მოსახვედრად ერთი ნაბიჯიღა გვრჩება. საკმარისია, 27 თებერვალს ესპანელ "ლეონესს" (ლომები) "საკადრისად" ვუმასპინძლოთ და თავისუფლად შეგვიძლია მაორების ქვეყნის ბილეთები დავჯავშნოთ. ესპანელი "ლომების" მოთვინიერება არასდროს გვიჭირდა. მეტიც, პირენეელების ძლევა დიდი ანგარიშითაც გვმართებს, თუმცა, სხვაობას დიდი მნიშვნელობა არა აქვს: მთავარია ნაადრევად არ ვირწმუნოთ გამარჯვება და თუ თბილისურ მატჩში ვიმარჯვეთ, ბოლო ორი შეხვედრის (13 მარტს რუმინეთში და 20 მარტს ტრაპიზონში, რუსეთის წინააღმდეგ) შედეგის მიუხედავად, მსოფლიოს 20 რჩეულ გუნდში ზედიზედ მესამედ დავიმკვიდრებთ ადგილს.

ზემოთ მგზავრობის პრობლემა ვახსენეთ. იმასაც გეტყვით, რომ საპორტუგალიოდ საფრანგეთში შეკრებილ ბორჯღალოსნებს ლისაბონში დროულად ჩასვლაში ხელი უამინდობამ შეუშალა. ჩვენმა გუნდმა პირენეს ნახევარკუნძულზე დიდი დაგვიანებით, თანაც - ნაწილ-ნაწილ ძლივს ჩააღწია და სრული შემადგენლობით შეკრება მხოლოდ მატჩის წინა ღამით შეძლო. ამას ისიც დაერთო, რომ ქართული დელეგაციის ბარგიც "დაიკარგა" და ჩვენმა მორაგბეებმა კუთვნილი ნივთები თამაშამდე სამიოდე საათით ადრე მოიხელთეს...

თუმცა, ასეთი ჯურის ბუნებრივი თუ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ჩვენი მორაგბეებისთვის უცხო ნამდვილად არ არის. როცა სასწორზე მსოფლიოს თასის საგზური და რევანშის შანსი (შარშან, პორტუგალია თბილისში გაგვიძალიანდა 20:20) დევს, ჩვენს მორაგბეებს "მგელი" კი არა, ცხრათავიანი დევიც ვერ დააკავებს. მერე რა, რომ ჩვენი "დევი" - მამუკა გორგოძე გვაკლდა. ბორჯღალოსნებმა ლიდერის გარეშეც ივაჟკაცეს და მასპინძლებს გვარიანად გაუმრუდეს ზელანდიისკენ მიმავალი გზა.

მერაბ კვირიკაშვილის ზუსტ დარტყმებს კაპიტნის, ირაკლი აბუსერიძის ულამაზესი ლელო მოჰყვა. თავის მხრივ, თანაგუნდელებს ძალზე მნიშვნელოვან მომენტში შეეწია არეკნით ლაშა მალაღურაძეც და იმის მიუხედავად, რომ მატჩის მიწურულს მასპინძლებმა ლელოს ხაზს მიგვაჯაჭვეს და გვარიანადაც გვანერვიულეს, გამარჯვება ერთა თასის მოქმედ ჩემპიონს, საქართველოს დარჩა. ბოლო წლებია, ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტად სწორედ კერკეტი კაკალი - პორტუგალია იქცა, მაგრამ ჩვენსას არ ვიშლით და მსოფლიო თასზე ამჯერადაც "მგლების" გავლით გავდივართ: ჰო, "მგლების ბილიკით" - "ლომებისკენ", რომლებთანაც ოფიციალურად უნდა მოვიპოვოთ სანუკვარი საგზური.

2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი  ეტაპის სატურნირო მდგომარეობა