უმძიმესსი სტრესი ანუ "უბილეთო.GE"-ORGIA - კვირის პალიტრა

უმძიმესსი სტრესი ანუ "უბილეთო.GE"-ORGIA

BILETEBI.GE  ისევ არ აღმოჩნდა მზად ბილეთის შეძენის მსურველი ათიათასობით მომხმარებლის დასახვედრად. ამიტომ, უეფასა და სფფ-ის გადაწყვეტილებით, სუპერთასის ბილეთები სალაროებში გაიყიდება. ეს კი იმას ნიშნავს, ვირტუალური რიგიდან, ფეხბურთის ქართველ ქომაგებს "მამაპაპურ" რიგში გადანაცვლება მოუწევთ და... ზედახორა მერე ნახეთ! ვეტერანმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა "კვირის პალიტრის" ვებგვერდს უთხრა, რომ განტევების ვაცის ძებნა  არასწორია და პირველ რიგში, პასუხისმგებლობა სფფ-ს ეკისრება. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას:

- ორგანიზატორებს ყველაფერი წინასწარ უნდა გაეთვალათ. უეფასთან უშუალო კავშირში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა, ამიტომაც, პირველ რიგში, სწორედ ის არის პასუხისმგებელი და მხოლოდ შემდეგ - დანარჩენები.

გულშემატკივართა უმეტესობა ძალიან გაღიზიანებული და უკმაყოფილოა და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ასეთივე ინტერესს სხვა დროსაც რომ ვიჩენდეთ სფფ-ის საქმიანობის მიმართ, ამ ვითარებაში არ აღმოვჩნდებოდით. რა შუაშია ფეხბურთის ფედერაცია? ჩემი აზრით, შუაში კი არა - თავშია!

- მაგრამ სფფ-ში ამბობენ, რომ BILETEBI.GE  უეფას სპეციალური წარმომადგენლის არჩეული კომპანიაა და ფეხბურთის ფედერაციას პასუხს ტყუილად სთხოვენ...

- როგორ შეიძლება, ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ ქვეყანაში უეფას სტუმარი იყოს?!  როცა სფფ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ფედერაციას თავად შეეძლო ბილეთების ონლაინგაყიდვა, მაგრამ უეფას წარმომადგენელმა არჩევანი მაინც 6-წლიანი გამოცდილების BILETEBI.GE-ზე შეაჩერა, ეს თავის მართლებას ჰგავს!  მან აარჩია, მაგრამ შენ უნდა შესთავაზო, ინფორმაცია მიაწოდო... წლებია, ეს საიტი ბილეთებს ყიდის, მაგრამ ასეთი რაოდენობის და მოთხოვნის ბილეთები არასდროს გაუყიდია და წინასწარ ხომ უნდა ეფიქრათ, რომ ასეთ შემოტევას ვერ გაუძლებდნენ?!

- სფფ-ს უეფასთვის უნდა ეთქვა - ბილეთების გაყიდვა არა  BILETEBI.GE-ს, არამედ მე მომანდეო?!

- უეფას წარმომადგენელი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა თბილისში, მაგრამ შენ ხომ წლებია ცხოვრობ და უკეთ იცი, რა ვითარებაა და ვის რა შეუძლია?! აქ მხოლოდ სუპერთასის ორგანიზებაზე არ არის ლაპარაკი, გერმანიასთან მატჩზეც ბევრი პრობლემა შეიქმნა - გაურკვეველი ბილეთები და ადგილები, უსაფრთხოება, მოუმზადებელი სტიუარდები, მოედანზე შევარდნილი შვიდი ადამიანი და ა.შ.  როგორც აღმოჩნდა, ნაკრების კაპიტანმა ტყუილუბრალოდ გამოტოვა პოლონეთთან მატჩი. ამაშიც BILETEBI.GE არის დამნაშავე?! გარიგებული მატჩები ეროვნულ ჩემპიონატში, კორუფცია, მსაჯების სკანდალი - ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება, მაგრამ ასეთი რაღაცები არ გვაინტერესებს, სამაგიეროდ, გვაინტერესებს "ბარსელონა" - "სევილიას" მატჩი... ძალიან კარგია, რომ სუპერთასის მასპინძლობის უფლება მოგვცეს, მაგრამ მხოლოდ ამით თავის მოწონება რას მოგვიტანს?! 11 აგვისტომდე ჯერ თვეზე მეტია დარჩენილი და უკვე ამხელა სირცხვილი ვჭამეთ - ბილეთებს ვერ ვყიდით!  ზოოპარკის დირექტორის არ იყოს, მერე განტევების ვაცს ვეძებთ, რომ მას დავაბრალოთ. არადა, გულშემატკივარს ნამდვილად არ აინტერესებს, ვინ არის დამნაშავე - მისთვის მთავარია, რომ ბილეთი ვერ იყიდა!