საფეხბურთო-პოლიტიკური ხათგაბალა
13-07-2015
საფეხბურთო-პოლიტიკური ხათგაბალა
"სახელმწიფო სიმბოლიკის დაწვა არც სამაგიეროს გადახდაში ჯდება და "კეთილ მეზობლობაში", მით უმეტეს!"

ქართულ ფეხბურთს ხათაბალა არასდროს აკლდა, მაგრამ ბოლო დროს აქტიურად გავედით საერთაშორისო მასშტაბებზეც. ფაქტი "ჯიუტია" - უკანასკნელ წლებში ფეხბურთთან დაკავშირებული არასაფეხბურთო ამბებით უფრო ვახერხებთ ყურადღების მიქცევას, ვიდრე სპორტული წარმატებებით.
ჭკუა ვერც შარშანდელი "ნეფთჩი"-"ჩიხურას" მაგალითზე ვისწავლეთ და...  ქვეყანაც იგივეა - გასულ წელს ბაქოს "ნეფთჩისთან" სტუმრობა დაგვიჯდა ძვირად, ამჯერად კიდევ ერთმა აზერბაიჯანულმა კლუბმა "გაბალამ" გაგვიჩინა ხათაბალა...


ოღონდ, ჯერ უშუალოდ ფეხბურთზე ვთქვათ...
რამდენიმე თვის წინ, როცა პოპულარულ რუს კომენტატორ ვასილი უტკინს ჩვენი ფეხბურთის დღევანდელობაზე ჩამოვუგდე სიტყვა, მიპასუხა, თანამედროვე ქართულ ფეხბურთზე ბევრი არაფერი ვიცი, იმის გარდა, რომ ის არსებობსო...

ქართული ფეხბურთი მართლაც არსებობს და ბუნებრივია, მის შესახებ უტკინზე გაცილებით მეტი ვიცით. მაგალითად? რომ გვყავს ეროვნული ნაკრები, რომელიც ფიფას
რეიტინგში თავისუფალ ვარდნას აგრძელებს და მსოფლიოს 150 მოწინავე ნაკრებს შორისაც კი ვეღარ ხვდება; გვაქვს 16-გუნდიანი ჩემპიონატი, რომლის კლუბები საშინაო მატჩებსაც "გასვლაზე" მართავენ; გულშემატკივრები, რომელთა უმეტესობაც ბილეთის რიგში მხოლოდ მესის ან შვაინშტაიგერის ეშხით თუ აღამ-ათენებს და ა.შ.

"საფეხბურთო ზაფხული" ჩვენთვის ივლისშივე მთავრდება ხოლმე. მაგრამ პირველივე რაუნდში ყველა ქართული კლუბის გამოვარდნა მაინც ნამეტანია. თუმცა, რატომ ყველა? საქართველოს ჩემპიონ გორის "დილასთვის" ევროსეზონი ჯერ არ დაწყებულა!
არადა, პირველ შეხვედრებში სამივე ქართულმა კლუბმა იმედისმომცემი შედეგი გვაჩვენა: "დინამომ" თბილისში 2:1 აჯობა "გაბალას", ბათუმის "დინამომაც" შინ იმარჯვა კვიპროსულ "ომონიასთან" - 1:0, "ცხინ­ვალმა" კი 1:1 წამოიღო რუმინული ბოტოშანიდან...
სამწუხაროდ, პირველ მატჩში დაბევებული მცირედი უპირატესობა სამივე ქართულმა კლუბმა გაანიავა. გია გეგუჩაძის გუნდმა 88-ე წუთამდე მოახერხა კარის დაცვა, გოლის გაშვების შემდეგ კი შეუტია და... მეორე ბურთიც გაუშვა. იმავე ანგარიშით დამარცხდა "დინამოს" ბათუმელი სეხნიაც, თანამემამულეებს არც "ცხინვალი" ჩამორჩა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მანაც ორბურთიანი სხვაობით წააგო - 1:3.

ყველამ ვიცით, რომ ფეხბურთში იღბალიც ბევრს ნიშნავს და ფულიც, რომ ძალა აღმართს ხნავს, გამოცდილება და მსაჯის არაობიექტურობა კი - ახალგაზრდულ გუნდს, მაგრამ... მაინც ძალიან უსიამოვნო და დამაფიქრებელია, როცა თბილისის "დინამო" 0:2-ს აგებს ევროთასის დებიუტანტ "გაბალასთან"!  
და კიდევ უფრო არასასიამოვნოა ის ყველაფერი, რაც თბილისსა და გაბალაში ხდებოდა - ტრიბუნებზეც და სტადიონს მიღმაც. ობიექტურობისთვის კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ დავიწყეთ: "დინამო"-"გაბალას" ორმატჩიან დუელში პირველად სწორედ თბილისის სტადიონის ტრიბუნებზე გამოჩნდა პლაკატი - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი. 1921", რომელმაც მეტოქე გუნდის წარმომადგენელთა გაღიზიანება გამოიწვია. სტუმართა პროტესტის შემდეგ, მასპინძელმა ქომაგებმა პლაკატი ჩამოხსნეს. მაგრამ აზერბაიჯანული პრესა იმასაც ირწმუნება, რომ ქართველმა გულშემატკივრებმა სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათი დროშები კი ფეხქვეშ გათელეს...

"ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი", მაგრამ... უკვე დაგვავიწყდა შარშანდელი "სასიამოვნო" გამოცდილება, როცა საჩხერის "ჩიხურას" ფანების მიერ ბაქოს სტადიონზე გამოფენილი საქართველოს რუკის (რომელზეც ის ტერიტორიებიც იყო ასახული, ერთ დროს საქართველოს რომ ეკუთვნოდა, მათ შორის - ისტორიული ჰერეთის ტერიტორია. ასევე, დატანილი იყო წარწერები: "This Is Georgia" (ეს საქართველოა) და ოთარ ჭილაძის სიტყვები: "მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია") გამო, ტრიბუნებზე ცემა-ტყეპა გაიმართა. მაშინ ინციდენტს გამოვეხმაურეთ წერილით "ჩიხ-ურა პატრიოტიზმი", სადაც ნათქვამი იყო, რომ ურა-პატრიოტიზმს შესაფერისი დრო, ადგილი და ადრესატი სჭირდება.

ჩვენც გვახსოვს ზაქათალა და კახი, მაგრამ... დღევანდელობაც არ გვავიწყდება!
ეს არის ამონარიდი შარშანდელი წერილიდან, რომელიც გასულ კვირას მომხდარ ინციდენტსაც ესადაგება:
"...სად ფეხბურთი და სად ზაქათალა?! სად "ჩიხურა" და სად ლორე-ტაშირი?! ასე, თბილისში ჩამოსული ბაქოელი ქომაგებიც გამოფენენ პლაკატს "ყარაბახი აზერბაიჯანია!", ამას სომხების პროტესტი მოჰყვება და... ევროპა(ლიგა)მდე თუ არა, დარუბანდამდე ნამდვილად მივალთ.

კი ბატონო, ზაქათალაც საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული და ნიკოფსიაც, მაგრამ ისტორიულ რუკას საფეხბურთო მატჩზე რომ გამოფენ, მიწას დაგიბრუნებენ თუ პენალტს დაგარტყმევინებენ საკომპენსაციოდ?!
საქართველოში შეახსენე შენს ხალხსაც და ხელისუფლებასაც (დაკარგულის დაბ­რუნება სწორედ ხელისუფალთა საქმეა. - ავტ.), ვინ იყავი და რა გეკუთვნოდა, თორემ­ ისტორიულ რუკას აზერბაიჯანში რომ გამოფენ ზაქათალელი გლეხის ცხვირწინ, ცემა­-ტყეპისა და სკანდალისთვისაც უნდა იყო მზად. კახსა და ლორე-ტაშირს ისე მივადექით, თითქოს ქართული მიწა ახლახან არ დაგვეკარგოს, ანდა მავთულხლართები ჩვენკენ კი არა, უკან-უკან მიიწევდეს.
ყოველდღე ვკარგავთ რამდენიმე მეტრ სამაჩაბლოს მიწას და ახლა გაგვახსენდა ლორე-ტაშირი? თუ პირდაპირ ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე ვიწყებთ საქართველოს გაერთიანებას?!"

...ეს წერილი შარშანდელია. მაშინდელი ვარაუდი კი წელს გამართლდა: საპასუხო მატჩზე გაბალაში ჩასულ "დინამოს" ქომაგებს აზერბაიჯანელებმა დაახვედრეს წარწერები, რომლებზეც მარნეულის, რუსთავისა და ბოლნისის აზერბაიჯანული დასახელებები იყო აღნიშნული, ასევე, პლაკატი წარწერით: "Bურცჰალი ის ანციენტ Aზერბაიჯან ლანდ" ("ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა") და ა.შ.
და რაც ყველაზე სამწუხაროა, "გაბალას" ფანებმა ფეხქვეშ გათელეს და დაწვეს(?!) საქართველოს დროშა!  
შესაძლოა, აზერბაიჯანში არ სიამოვნებთ იმის შეხსენება, რომ კახი და ბორჩალო საქართველოა. ბევრს იქნებ მართლაც ჰგონია, რომ მარნეული სინამდვილეში "შარვან"-ია, რუსთავი კი - "Bostendere". სჯერათ, რომ "დინამო არენაზე" გამოფენილი პლაკატისთვის სამაგიეროს გვიხდიან, მაგრამ სახელმწიფო სიმბოლიკის დაწვა არც სამაგიეროს გადახდაში ჯდება და "კეთილ მეზობლობაში", მით უმეტეს!

აზერბაიჯანელებმა ფეხბურთში ხომ გვაჯობეს და, "პატრიოტიზმშიც" ჩვენზე "წინ წასულან"!
თბილისში მომხდარის გამო, აზერბაიჯანულმა მხარემ მაშინვე მოითხოვა ბოდიშის მოხდა. ჩვენ კი ქართული დროშის დაწვის შემდეგაც მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ "ასეთი ფაქტების მიუხედავად, ჩვენს კეთილმეზობლობას საფრთხე არ ემუქრება"...
რამდენიმე პროვოკატორის გამო, არც უნდა დაემუქროს, მაგრამ ყოველთვის და ყველასთან ჩვენ როგორ გვაქვს საბოდიშო?! ასეთი მაგალითებით მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ ჭკუა?!
ევროთასებზე შორს კი ვერ მივდივართ, მაგრამ ქართული კლუბებისთვის რომელიმე ეტაპზე მაინც გამოჩნდება ხოლმე თითო ხათ(გ)აბალა.

ჰოდა, ისედაც გაჭირვებულ ქართულ ფეხბურთს პრობლემებს ხელოვნურად ნუღარ დავუმატებთ...

P.S. დროშის დაწვა სახელმწიფოს სიმბოლიკის შეურაცხყოფაა, რასაც "მცირე ინციდენტს" ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს, რომ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა განმარტება გააკეთოს და მოიბოდიშოს მაინც თავისი თანამემამულეების უმსგავსო საქციელის გამო!
მერა
24 ივლისი 2015 18:33
*დროშის დაწვა სახელმწიფოს სიმბოლიკის შეურაცხყოფაა, რასაც "მცირე ინციდენტს" ნამდვილად ვერ ვუწოდებთ*
ეს სწორია მაგრამ მთავარი ისაა ვინ აკეთებს ამ ყველაფერს.ორივე მხარეს არიან დაქირავებული ნაძირლები,რომლებსაც დავალებული აქვთ ორი ქვეყნის კეთილმეზობლობის საუკუნოვანი ტრადიციის განადგურება.ორ შაურად გაყიდულები შორსმიმავალი გეგმებით.არ უნდა ამაზე ნამეტანი აჟიოტაჟის ატეხვა,მათი მიზანიც ესაა.
ქართველი
21 ივლისი 2015 18:41
შარშანაც იგივე მოხდა. ორგანიზაცია "ქართული სპორტის ქომაგემბა" გამოკიდეს პროვოკაციული ბანერი. ეს ორგანიზაცია ნაციონალების დროს შეიქმნა დიდი ზარ-ზეიმით.
nacebis Zlier moyvaruli
19 ივლისი 2015 23:06
შემთხვევით ის,,პატრიოტები,, ნაცები ხომ არ იყვნენ??
..ეს ამბები სწორედ რომ პროვოკაციისათვის მაგათ მოაწყეს
მაგათი ლოზუნგია...რაც უარესი მით უკეთესიო......ანუ ჩვენს მერე საქართველოში თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილაო.....

რედაქტორის რჩევით