ოლიმპიური ცეცხლი თბილისშიც აინთო!
20-07-2015
ოლიმპიური ცეცხლი თბილისშიც აინთო!
"ნაბიჯი მომავლისკენ!" - "თბილისი-2015"-ის სლოგანია. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობით საქართველომ უკვე დიდი ნაბიჯი გადადგა მომავლისკენ!
26 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს ოლიმპიურ ფესტივალს, რომელშიც ევროპის 50 ქვეყნის 4 ათასამდე ახალგაზრდა სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და ერთმანეთს სპორტის 9 სახეობაში შეეჯიბრება.

"თბილისი-2015" მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდება, მაგრამ ის სპორტული კომპლექსები, რომლებიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენდა ან გარემონტდა, ათეულობით წლის განმავლობაში მოემსახურება ქართულ სპორტს!
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,
ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოში ოლიმპიური ცეცხლი შემოვიდა! შემოვიდა აჭარიდან და სანამ დედაქალაქში დაასრულებდა თითქმის ორთვიან მოგზაურობას, მთელი საქართველო მოიარა...

17 ივლისს კი თბილისშიც აინთო. ევროპის მოედანზე "თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა ოლიმპიური ცეცხლი სპეციალური ლამპრით თბილისის მერს გადასცა, მან კი, თავის მხრივ, მეჩირაღდნეებს გადაულოცა.
მათ ჩირაღდანი ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მიიტანეს, ბოლო მეჩირაღდნემ - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ჩირაღდანი თავისუფლების მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე აიტანა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა. სპეციალურ თასში ოლიმპიური ცეცხლის ანთების პატივი სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდა წილად.

ცერემონიალი დასრულდა გრანდიოზული ფეიერვერკით და საზეიმო კონცერტით, რომელშიც ქართული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.

ოლიმპიური ცეცხლი უკვე თბილისშია. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი კი 26 ივლისს "აინთება".
ნაბიჯი მომავლისკენ უკვე გადადგმულია!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით