მორიგი ჯგუფი და... იმედი
27-07-2015
მორიგი ჯგუფი და... იმედი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 153-ე ადგილზეა ფიფას რეიტინგში...
ქართულმა კლუბებმა პირველივე­ რაუნდში დაასრულეს ევროთასების წლევანდელი გათამაშება...
და ამის შემდეგ ვინმეს უკვირს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრისას, რატომ იყო განთესილი საქართველოს ნაკრები VI კალათში?!

არც გვიკვირს... უბრალოდ, გული გვწყდება.
გული გვწყდება, რომ რეიტინგში ევრო­პული ქვეყნებიდან მხოლოდ მალტას, სან-მარინოსა და ანდორას ვუსწრებთ, ავადსახსენებელ VI კალათში კი ლუქსემბურგი და ლიხტენშტაინიც კი ჩვენზე წინ იყვნენ! კარის მეზობლებსაც "ვაჯობეთ~ - აზერბაიჯანიცა და სომხეთიც ჩვენზე
წინ, V კალათში იყვნენ განთესილი.
მერე რა? სამაგიეროდ, საქართველო "საფეხბურთო ქვეყანაა~... ქართულ ფეხბურთს აქვს დიდი წარსული და...
პრინციპში, წარსულის მეტი, დღეს არც არაფერი აქვს, VI კალათის გარდა. დიდი საფეხბურთო წარსული და კიდევ უფრო დიდი ამბიცია...

2018 წლის მუნდიალი რუსეთში გაიმართება და, ბუნებრივია, წილისყრასაც სანქტ-პეტერბურგმა უმასპინძლა.
ევროპის 52 ნაკრები ექვსი კალათიდან ცხრა ქვეჯგუფში გადანაწილდა და ჩვენი წილი "განაჩენიც~ მოვისმინეთ.
საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა. პირდაპირ ვთქვათ - საკმაოდ საინტერესო ჯგუფში, სადაც ქვედა კალათებიდან არცთუ სასურველი მეტოქეები გვერგო, პირველი ორი კალათიდან კი - შედარებით სუსტი გუნდები.  
მეხუთე კალათიდან მოლდავეთი შეგვხვდა და ვერ ვიტყვით, რომ არ გაგვიმართლა. მით უმეტეს, რომ ამ კალათში მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდები იყვნენ თავმოყრილი.

იმავეს ვერ ვიტყვით IV კალათზე. შეიძლებოდა, ფარერის კუნძულები, ჩერნოგორია ან ესტონეთი შეგვხვედროდა, მაგრამ გვერგო ირლანდია - გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც ჩვენი მეტოქეა და... რომელთანაც "ტკბილი მოგონებები~ ნამდვილად არ გვაკავშირებს.

საერთოდ არაფერი გვაგონდება გუნდებზე, რომლებიც მესამე და მეორე კალათებიდან გვერგო. მიზეზი მარტივია - საქართველოს ნაკრებს არასდროს უთამაშია სერბეთისა და ავსტრიის წინააღმდეგ.
ვერაფერს იტყვი, ზედა კალათებიდან, ფორტუნამ (უფრო სწორად, ოლივერ ბირჰოფის ხელმა) ნამდვილად სასურველი მეტოქეები გვარგუნა. II კალათში იყვნენ განთესილი საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი, დანია... ჩვენ ავსტრია გვერგო! რაც შეეხება I კალათს, მისი ბინადრების ჩამოთვლა აუცილებელიც კია, რათა თავად დარწმუნდეთ, როგორ გაგვიმართლა: გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, უელსი, ესპანეთი, ხორვატია - ჩვენ უელსი შეგვხვდა!

IV და V კალათებში რომ ვიყავით განთესილი, მაშინ ვერაფერს მივაღწიეთ და ბოლო, მეექვსე კალათში განთესილებს რის იმედი უნდა გვქონდესო?!

მაინც გვაქვს...
რეიტინგის რომელ საფეხურზეც უნდა ვიყოთ, საქართველოში ფეხბურთიც სულ იქნება და იმედიანი ქომაგიც!
გავაზელი
05 აგვისტო 2015 18:37
ამაზე სუსტი ქვეჯგუფი ალბათ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში არ ყოფილა.

რედაქტორის რჩევით