მესი თბილისში და... შენს თაროზე - კვირის პალიტრა

მესი თბილისში და... შენს თაროზე

"ლელოWeek"-თან ერთად, მხოლოდ10 ლარად!

"მესი მკვლელია. თავისი გოლებით ნებისმიერი მეტოქის განგმირვა შეუძლია" დიეგო მარადონა

მგონია, ლიონელ მესიზე ისედაც ყველაფერი იცი? 8 აგვისტოს შემდეგ სხვაგვარად იფიქრებ!

"პალიტრამედია" მორიგ საჩუქარს უმზადებს ერთგულ მკითხველს: 8 აგვისტოს "ლელო წეეკ"-თან ერთად გაიყიდება "პალიტრა L"-ის უახლესი წიგნი "მესი". აქციის ფარგლებში ჟურნალისა და წიგნის საერთო ფასია... 10 ლარი!

"ოქროს ბურთის" ოთხგზის მფლობელზე ინტერნეტშიც ბევრ რამეს წაიკითხავ, მაგრამ მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული, გემრიელი ქართულით დაწერილი უახლესი წიგნი საუკეთესო საჩუქარია ფეხბურთის ქართველი ქომაგებისთვის. არა მხოლოდ "ბარსელონას" ან არგენტინის ნაკრების ფანების, არამედ ყველა იმ მკითხველისთვის, ვისაც ფეხბურთი სპორტის მთავარ სახეობად მიაჩნია.

რადგან შეუძლებელია, ფეხბურთი გიყვარდეს და მესი - არა...

ლეო ისეთი სიტყვაძუნწია, ორსაათიან ინტერვიუშიც ვერ ილაპარაკებდა იმდენს, მის შესახებ დაწერილ ქართულ წიგნში რომ წაიკითხავთ. იქ მესის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდია შესული. უახლესი მოვლენების, მათ შორის - 2015 წლის სუპერთასთან დაკავშირებული ამბების ჩათვლით. წიგნის ბოლო თავს ასეც ჰქვია - "გზა თბილისისკენ".

...მარადონაზე დიდი ხომ გავიზრდები?! - თვალცრემლიანი ეკითხებოდა ექიმს. როგორც ფეხბურთელი?! სადავო საკითხია, სიმაღლით კი მართლაც გაიზარდა დიეგოზე დიდი! მაგრამ თბილისი განვლილი სეზონის ბოლო გაჩერებაა. საქართველოში ჩამოსვლამდე ლეომ გაცილებით გრძელი გზა გაიარა. დაბრკოლებებით სავსე გზა არგენტინის ქალაქ როსარიოდან ესპანურ ბარსელონამდე, გახრიოკებული მოედნიდან "კამპ ნოუს" ხასხასა მინდვრამდე... იყო დიდი ალბათობა, ავადმყოფობისა და უსახსრობის გამო, ლეო ფეხბურთს ჩამოშორებოდა და... წარმოგიდგენიათ ფეხბურთი მესის გარეშე?!

სუპერთასის მატჩი გაისად სხვაგან გაიმართება. მესი კი... მესი სულ იქნება - ფეხბურთის ისტორიაშიც და შენს წიგნის თაროზეც...

მესის ცხოვრებაში სკანდალები ისევე იშვიათია, როგორც მისთვის წართმეული ბურთი, მაგრამ ლეოს ცხოვრებისა და კარიერის ქრონიკა მაინც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ისეთივე საინტერესოა, როგორიც მოედანზე მესის გატარებული ყოველი წუთი.

წიგნის ავტორი "ლელოს" ჟურნალისტი ვაჟა სიმონიშვილია. კალათბურთზე უფრო ხშირად წერს, ვიდრე ფეხბურთზე, მაგრამ... საკმარისია, არგენტინელი გენიოსის თუნდაც ერთი თამაში ნახო და... ბიატლონზე მწერალიც რომ იყო - არ გაგიჭირდება.

რადგან როცა მოედანზეა, მესი თვითონ წერს - ფეხბურთისა და ავტობიოგრაფიას...

ნიჭიერია, კალათბურთსაც კარგად ითამაშებდა. თუმცა, წიგნის ავტორის საქმიანობის ძირითადი თემა ტყუილად არ გვიხსენებია. ბავშვობაში მესისაც ძალიან უნდოდა სიმაღლეში გაზრდა, ოღონდ არა კალათბურთის ეშხით:

...მარადონაზე დიდი ხომ გავიზრდები?! - თვალცრემლიანი ეკითხება ექიმს ჩია ბიჭუნა, რომელმაც ახლახან გაიგო, რომ სიმაღლეში ზრდის პრობლემა აქვს. ჰო, კალათბურთი არაფერ შუაშია - მთავარია, თავისა და მთელი არგენტინის კერპზე - დიეგო არმანდო მარადონაზე დიდი გაიზარდოს!

როგორც ფეხბურთელი?! სადავო საკითხია, სიმაღლით კი მართლაც გაიზარდა დიეგოზე დიდი!

"გაიზრდები, თუ დამიჯერებ", - ეუბნება ექიმი. უჯერებს. მის დანიშნულ ნემსსაც ყოველდღე იკეთებს. პირველ დღეებში დედა "ჩხვლეტდა", მოგვიანებით, თავადაც გაიწაფა. მარადონაზე დიდი უნდა გაზრდილიყო, დიდი ფეხბურთი ეთამაშა... ორივე ოცნება აისრულა: მოთმინების, მტკიცე ხასიათის, ოჯახის მხარდაჭერის ხარჯზე. არადა, მისი ყოფილი მწვრთნელი ამბობს, რომ უფროს ძმას, როდრიგოს ლეოზე დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა... სწორედ ეს არის გადამწყვეტი: "მესის" წაკითხვის შემდეგ, ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი მიხვდება, რა გზა უნდა გაიაროს დიდ ფეხბურთამდე!

უეფას სუპერთასის ბილეთები 18-დან 75 ლარამდე ღირდა (სადღაა, თორემ ოთხჯერ მეტსაც გადაიხდი!), ჩვენს მესის კი 10 ლარად დაიმეგობრებ! და ყოველთვის, როცა წიგნის ბოლო თავს გადაფურცლავ, გაგახსენდება, რომ არგენტინელ გენიოსს თბილისშიც გაუგორებია ბურთი.

ლეო მესიზე ისედაც ყველაფერი იცოდი? 8 აგვისტოდან სხვაგვარად იფიქრებ!

რამდენჯერაც უნდა გქონდეს ნანახი, ლეოს თამაშშიც და მასზე დაწერილ წიგნშიც მაინც აღმოაჩენ ახალს.

მესის გაშიფვრა წარმოუდგენელია?! სამაგიეროდ, წაკითხვაა შესაძლებელი!

იმედია, "დინამო არენაზე" მესის 11 აგვისტოს ვნახავთ, "ლელო წეეკ"-თან ერთად - სამი დღით ადრე...