ნაბიჯი მომავლისკენ უკვე გადადგმულია! - კვირის პალიტრა

ნაბიჯი მომავლისკენ უკვე გადადგმულია!

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების ისტორიაში, ეს გახსნის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ცერემონიალი იყო

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (EYOF) ისევე ლამაზად დაიხურა, როგორც დაიწყო.

საქართველოს დედაქალაქმა გაამართლა დიდი მოლოდინი და ღირსეულად უმასპინძლა "თბილისი-2015"-ს.

თბილისმა ჩააბარა გამოცდა.

ერთი კვირის განმავლობაში სპორტით იცხოვრა და ყველას აჩვენა, რომ ქართველებს ღირსეულად შეუძლიათ მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობა - ქართული სულითა და ხასიათით "შეკაზმული" მაღალი ევროპული სტანდარტით.

"ნაბიჯი მომავლისკენ" - თბილისმა სრულად გაამართლა ფესტივალის სლოგანი. უკვე გაიხედა მომავლისკენ, სადაც არა მხოლოდ ახალი სპორტული არენები, ქართული სპორტის მომავალიც ჩანს.

იყო ხარვეზებიც, თუმცა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დროს და მის გამო წარმოქმნილი პრობლემები ზღვაში წვეთია იმ სიკეთესთან შედარებით, რასაც "თბილისი-2015" საქართველოს მოუტანს. თანაც, ეს ის შემთხვევაა, როცა ნებისმიერ სპორტულ შედეგზე მეტად თავად მოვლენა ფასობს. მოვლენა კი ჩვენ თვალწინ იყო - ისტორიაში პირველად საქართველომ ოლიმპიურ ცეცხლს უმასპინძლა; ცეცხლს, რომელმაც ახლებურად უნდა "აანთოს" ქართული სპორტი.

EYOF Tbilisi-ს მასპინძელი 11 სპორტული არენიდან 7 სპეციალურად ფესტივალისთვის აშენდა, დანარჩენები კი ისე გარემონტდა, რომ ათეული წლების განმავლობაში მოემსახურება სპორტის სხვადასხვა სახეობას.

ფესტივალის მონაწილე 50 ქვეყანას შორის, საქართველოს ნაკრები ყველაზე მეტი - 193 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათმა უმეტესობამ ოლიმპიური პრინციპი ამჯობინა და "მთავარია მონაწილეობა"-ს დასჯერდა, მაგრამ ვიმეორებ, ეს ის შემთხვევაა, როცა მთავარი სწორედაც რომ მონაწილეობაა, უფრო სწორად კი - მასპინძლობა!

თანაც, სანამ ახალგაზრდა სპორტსმენებს შეცდომების ან დიდი ანგარიშით წაგებისთვის გავაკრიტიკებთ, ისიც გავიხსენოთ, რომ ამ ბავშვების უმეტესობისთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო და უცხოელ კონკურენტებს ვერც პირობებით შეედრებიან.

უფრო სწორად, აქამდე იყო ასე. ამიერიდან კი თბილისს თანამედროვე არენებიც აქვს, აუზიც, კორტებიც და მძლეოსნობის დარბაზიც და რაც მთავარია, აქვს იმედი, რომ მომდევნო ოლიმპიურ ფესტივალზეც მხოლოდ ძიუდოისტები არ გაგვახარებენ.

ამჯერად კი მხოლოდ მათ გაგვახარეს. ჰო, და სპორტულ ტანვარჯიშში, ვაჟთა შორის ბჯენითი ხტომების ჩემპიონატში, საქართველოს წარმომადგენელმა, დმიტრი გოვოროვმაც გაგვახარა ბრინჯაოს მედლით. დანარჩენი ყველა მედალი ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზეა. მესამე ადგილს დასჯერდნენ ზურაბ კახნიაშვილი, თემურ ნოზაძე, ბაგრატ ნინიაშვილი, ნატალია ყიფშიძე და გელა ზაალიშვილი. რაც შეეხება "ოქროს" გოგო-ბიჭებს, "თბილისი-2015"-ის ჩემპიონები გახდნენ რობიზონ ბეგლარაშვილი, ონისე სანებლიძე, მზია ბებოშვილი და ეთერ ლიპარტელიანი! დიახ, ბოლო თვეებია, ქალი ძიუდოისტებიც გვახარებენ და მე თუ მკითხავთ, EYOF Tbilisi თუნდაც მხოლოდ ამ გოგონების (და მათ მოტანილ) სიხარულად ღირდა!

ფესტივალის გახსნის ცერემონიალი? მასშტაბური იყო. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ცერემონიალი გახლდათ - ხანგრძლივობით, მონაწილეთა რაოდენობით, რეჟისურით, ულამაზესი და საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის ფეიერვერკით...

იყო ხარვეზები და შეცდომებიც - რამდენიმე ზედმეტად გაწელილი ეპიზოდი, ოლიმპიურ დროშასა და ცეცხლის ანთებასთან დაკავშირებული კაზუსი, ტრიბუნაზე ფეიერვერკისგან გაჩენილი ცეცხლი და ა.შ.

სხვათა შორის, ცეცხლი მაინცდამაინც იქ გაჩნდა, სადაც არ ველოდით, ტრიბუნაზე დამონტაჟებული უზარმაზარი თასი კი ცერემონიალის ბოლომდე... ჩამქრალი დარჩა! დიახ, ცეცხლი ყველგან აინთო, თასის გარდა! უფრო სწორად, აინთო კუს ტბაზე დადგმულ ჩირაღდანზე... ორგანიზატორებმა კი განმარტეს, რომ "სტადიონზე ცეცხლის "დაკარგვა" და კუს ტბაზე "პოვნა" წინასწარ მოფიქრებული სიურპრიზი გახლდათ, მაგრამ... მაყურებელთა უმეტესობისთვის ეს ყველაფერი ხარვეზს უფრო ჰგავდა, ვიდრე "სიურპრიზს".

მაგრამ ეს ყველაფერი წვრილმანია. მთავარი კი ის არის, რომ ოლიმპიურმა ფესტივალმა მთელი საქართველო გააერთიანა. საორგანიზაციო კომიტეტი, მოხალისეები, სპორტსმენები, მედია, ქომაგები - ფესტივალის ღირსეული მასპინძლობის სურვილით გავერთიანდით.

და რაც მთავარია, "თბილისი-2015" მთავარმა შემფასებლებმაც მოიწონეს - ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნებმა უმაღლესი შეფასება მისცეს სპორტულ ობიექტებს, ფესტივალის გახსნას, ოლიმპიურ სოფელს... დიახ, თბილისი ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიური სოფლითაც იწონებს თავს, სადაც მისი ბინადრებისთვის ყოველ საღამოს იმართებოდა კონცერტები, ფესტივალის დასრულების შემდეგ კი ოლიმპიური სოფლის საცხოვრებელი კორპუსები იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემათ. მათ შორის, იმ ოჯახებსაც, რომლებმაც სახლები 2008 წლის ოლიმპიადის დღეებში, რუსული აგრესიის დროს დაკარგეს.

ბოლო დღეებია, თბილისი ოლიმპიურ რეჟიმში ცხოვრობს. ოლიმპიური ფესტივალის მერე კი...

იმედია, მერე სპორტით იცხოვრებს.

EYOF Tbilisi დასრულდა. და ჩვენ გეუბნებათ - Hey, from Tbilisi!

ნაბიჯი მომავლისკენ უკვე გადადგმულია...