სუპერთასი, თამაში, მე და მესი
17-08-2015
სუპერთასი, თამაში,  მე და მესი
სუპერთასი სუპერი გამოვიდა. ასეთი მატჩებისთვის უჩვეულო აჟიოტაჟით, გახსნის ცერემონიალით, რეკორდებითა და რაც მთავარია - თამაშით! საქართველომ დაამტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე შეუძლია უმაღლესი დონის მატჩების მასპინძლობა! მსოფლიო თუ არა, თბილისი იმ დღეს ევროპული ფეხბურთის ეპიცენტრი ნამდვილად იყო და საოცარი სანახაობაც გვაჩუქა. მერე კი... ქართული ფეხბურთი სუპერმატჩის მეორე დღიდანვე დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს - (სუპერ)ვალმოხდილი სფფ-ის პრეზიდენტი "ლამაზად მიდის", "დინამო არენას" თერჯოლის "საპოვნელა" ესტუმრა და ა.შ. მაგრამ მივყვეთ თანამიმდევრობით:

მატჩი

11 აგვისტოს საქართველო
ევროკავშირის წევრი იყო ევროპული დონის სტადიონით, წესრიგით, ევროპული ფეხბურთის გრანდებით... ჯერ მხოლოდ ის რად ღირს, რომ "დინამო არენის" ტრიბუნები მატჩის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე შეივსო. გახსნის ცერემონიალიც კარგი იყო - ერთდროულად სადაც და შთამბეჭდავიც. მაგრამ შთაბეჭდილებებისა და ემოციის ნიაღვარი მერე უნდა გენახათ და ნახავდით კიდეც
- ტრიბუნიდან ან ტელევიზიით. სხვათა შორის, თბილისური მატჩის რეპორტაჟი 90-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და ის 45 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა!

ნახა და არც უნანია - თბილისმა ნამდვილი სპექტაკლი აჩუქა მილიონობით მაყურებელს. ეს არ ყოფილა ერთი მსახიობის თეატრი, მაგრამ სუპერთასის მთავარი გმირი მაინც მესი იყო - მოედანზეც და მის გარეთაც.
მოედანზე? რაც უნდა, იმას აკეთებს. ისიც და მისი კლუბიც. სწორედ ეს იყო განსხვავება მატჩის მონაწილე გუნდებს­ შორის - "ბარსა" სიამოვნებას იღებდა თამაშით, "სევილია" გამარჯვებისთვის იბრძოდა. მეც ვფიქრობ, რომ გამარჯვება "დალაქებს" უფრო ეკუთვნოდათ, მაგრამ... ეს ფეხბურთია. თამაში, რომელიც პირველ რიგში, სილამაზისთვის გვიყვარს და მხოლოდ შემდეგ - მოგება-წაგებისთვის.

სპექტაკლი

ანგარიში მოულოდნელად გაიხსნა - მატჩის მესამე წუთზე ბანეგამ ლამაზი საჯარიმო გაიტანა, მაგრამ მერე საქმეში მესი ჩაერთო და ზედიზედ ორჯერ ვნახეთ, როგორ უნდა საჯარიმოს დარტყმა! და სუარესის პასი? გოლებს თუ არ სჯობდა, არც ჩამოუვარდებოდა. მეორე ტაიმში ურუგვაელმა თავადაც გაიტანა და "ბარსელონა" 4:1 დაწინაურდა.
სამი ბურთით ჩამორჩენა "ბარსასთან"? ისღა დაგრჩენია, მეორე ტაიმში დარჩენილი დრო Mარცა-ს ან Aს-ის კითხვით გაიყვანო, მაგრამ... "სევილია" კერკეტი კაკალია, ესპანურ პრიმერაში და სუპერთასზე გამობრძმედილი გუნდი. სეზონისთვის მზადებაც კატალონიელებზე ადრე დაიწყო და მეორე ტაიმში გუნდებს ეს აშკარად დაეტყოთ. რეიესი, გამეირო და კონოპლიანკა - 4:4! და სპექტაკლი თავიდან იწყება. დამატებით დროში მაინც "ბარსელონამ" გაიტანა. პედრო ბოლო დღეებს ითვლის კატალონიაში და... ბოლო გოლიც მისია! "ბარსელონამ" ისიამოვნა, გვასიამოვნა და ისტორიაში მეხუთედ აღმართა სუპერთასი...

P.S. "სპექტაკლი" აპლოდისმენტის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ... რაკიღა ტრიბუნების ნახევარზე მეტი ქართველ ქომაგს ეჭირა, "სანახევრო" გულისტკივილს მაინც ვიტყვი - მესის მსგავსად ქართულ გუნდებსა და ნაკრებს რომ ვქომაგობდეთ, რაღა გვიჭირდა...

პიკი, არჩევნები და "საპოვნელა"

"...არჩევნების თარიღს რამდენიმე დღეში გამოვაცხადებ. დღეს კი საუკეთესო მომენტია იმის სათქმელად, რომ მართლა მივდივარ. როგორც დიდ ფეხბურთშია - ნებისმიერი ადამიანი პიკში ყოფნისას უნდა წავიდეს. დღეს ჩემი პიკი იყო!" -  ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ეს სიტყვები სუპერთასის შემდეგ თქვა. მართალიც არის - ამდენი მადლობა, რაც ბოლო დღეებში უთხრეს, სფფ-ის სათავეში გატარებული ექვსი წლის განმავლობაში არ მოუსმენია.

ეკუთვნის კიდეც. ყბადაღებული biletebi.ge-ს ამბავს თუ არ ჩავთვლით, სუპერთასის ორგანიზება უმაღლესი დონის იყო. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი სუპერთასის ისტორიაში. ფეხბურთის ფედერაციამ კარგად იმუშავა და ამის უთქმელობა დაუნახაობა იქნება. მთავრობასთან ერთად, რომელმაც "დინამო არენას" სუპერსტადიონად გადაქცევას მილიონები დაახარჯა, თავისი წილი მადლობა სფფ-ის ექსპრეზიდენტსა და მის გუნდსაც ეკუთვნის.
რატომ ექსს? 3 ოქტომბრამდე ჯერ თვე-ნახევარია დარჩენილი, მაგრამ ზვიად სიჭინავამ უკვე დაადასტურა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის აღარ იქნება. პიკში ვარ და მივდივარო. სად მიდის? ალბათ, მშობლიურ ზუგდიდში დავბრუნდები, იქ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიაშიც გავწევრდეო, - მითხრა ბოლო ინტერვიუს დროს.

P. S. 14 აგვისტოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში თბილისის "დინამომ" 4:0 დაამარცხა თერჯოლის "საპოვნელა". მწარე მარცხის მიუხედავად, თერჯოლელი ფეხბურთელები აუცილებლად იამაყებენ, რომ იმავე მინდორზე ითამაშეს, სამი დღით ადრე, მესი და კომპანია რომ აგორებდა ბურთს! ანგარიში კი... ეგ არაფერი - იმავე დღეს "ბარსელონამაც" 0:4 წააგო "ბილბაოსთან" ესპანეთის სუპერთასზე. როგორც ჩანს, ლუის ენრიკეს შეგირდებმა მთელი ენერგია და ემოცია თბილისურ მატჩს შეალიეს...

მე და მესი

ლეო მესიმ არ იცის ქართული ენა.
მაგრამ უკვე იცის, რომ საქართველოში მშობლიურ არგენტინასა და კატალონიაზე არანაკლებ უყვართ, რომ საქართველოშიც უძღვნიან წიგნებს.
"პალიტრა L"-მა რამდენიმე დღის წინ გამოსცა "ლელოს" ჟურნალისტ ვაჟა სიმონიშვილის წიგნი "მესი". წაიკითხავ და ერთხელაც მიხვდები - რამდენჯერაც უნდა გქონდეს ნანახი, ლეოს თამაშშიც და მასზე დაწერილ წიგნშიც მაინც აღმოაჩენ ახალს. შეუძლებელია, ფეხბურთი გიყვარდეს და მესის თამაში - არა! მესის გაშიფვრა წარმოუდგენელია! სამაგიეროდ, წაკითხვაა შესაძლებელი!

"მესი" უკვე იყიდება. ნამდვილი მესიც თბილისშია... ლეოსთან ინტერვიუ? არგენტინელი და ესპანელი ჟურნალისტებისთვისაც რთული ამბავია, თბილისში კი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არის. მაგრამ როგორმე უნდა ვნახო და წიგნი მაინც გადავცე. უნდა იცოდეს, რომ საქართველოშიც უძღვნიან წიგნებს.
პეპე კოსტა მნიშვნელოვანი კაცია "ბარსელონაში". თუნდაც იმიტომ, რომ მოედნის გარდა, მესის ყველგან თან დაჰყვება. "ქართული წიგნი ლეოზე? ძალიან მაგარია, მაგრამ... მასთან შეხვედრა თამაშამდე არ გამოვა. ახლა მხოლოდ სუპერთასზე ფიქრობს­. ნამატჩევს Mixed Zone-ში შევხვდებით", - მეუბნება პეპე და ფეხბურთელებთან ერთად საკლუბო ავტობუსში ადის.

Mixed Zone... ხელში ორი "მესი" მიჭირავს და ნამდვილ მესის ველი. წიგნებიდან ერთი ლეოს საჩუქარია, მეორე, ხელმოსაწერად გამზადებული - ჩემი.

კარგი რამაა ეს "შერეული ზონა". ლუის ენრიკეს თეთრი ბოტასების ნახვა გინდა? აგერ, პატრონთან ერთად - თუ კოლეგებს­ დაასწარი, მოკლე კომენტარი და სამახსოვრო ფოტო გარანტირებული გაქვს. დანი ალვეში, ინიესტა, სუარესი, გადამწყვეტი გოლის ავტორი პედრო - Mixed zone-ს ლაბირინთის ფორმის დერეფანში ორივე გუნდმა უნდა გაიაროს, მაგრამ ყველა მაინც სუპერთასის მთავარ ვარსკვლავს ელის...
აგერ, ისიც - დაღლილი და ცოტათი დაბნეული, განუყრელ პეპესთან ერთად. კომენტარისთვის არავისთან ჩერდება, მაგრამ... პეპე სიტყვის კაცია - ვაჟა სიმონიშვილის "მესი" სეხნიამ ჩაიბარა!

ფოტოზე "ბოჩოლასავით" მორჩილად კი მიდგას გვერდით, მაგრამ ეს მხოლოდ მატჩის შემდეგ. თორემ, თუ ბიჭი ხარ, მინდორზე გააჩერე - წამით მაინც!

P.S. თურმე, შეგვძლებია - უმაღლესი დონის მატჩის ორგანიზებაც, ამისთვის მადლობის თქმაც და მიღებაც! თბილისმა გამოცდა ჩააბარა, სარეკორდო მატჩს უმასპინძლა და მადლობასთან ერთად, მიიღო სუპერთანამედროვე სტადიონიც, რომელიც კიდევ უფრო პრესტიჟული მატჩების მოლოდინშია!

სუპერთასის რეკორდები

სუპერთასის ისტორიაში, ერთ მატჩში პირველად გავიდა ცხრა გოლი;
მატჩის მე-3 წუთზე ევერ ბანეგას გატანილი გოლი ყველაზე სწრაფია სუპერთასების ისტორიაში;
"ბარსელონა" სუპერთასების ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც, ერთ მატჩში ხუთი ბურთის გატანა შეძლო;
"სევილიამ" ყველაზე მეტი გოლი გაიტანა იმ კლუბებს შორის, რომლებიც სუპერთასის მატჩში დამარცხდნენ;
"სევილია" პირველი გუნდია, რომელმაც სუპერთასზე სამბურთიანი ჩამორჩენა გააბათილა;
"დინამო არენაზე" მისული 51 490 მაყურებელი სუპერთასზე დასწრების რეკორდია.

რედაქტორის რჩევით