ვის უფრო გავლენიანი ქომაგი ჰყავს ხელისუფლებაში, ანუ ვინ გახდება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი?! - კვირის პალიტრა

ვის უფრო გავლენიანი ქომაგი ჰყავს ხელისუფლებაში, ანუ ვინ გახდება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი?!

"კენჭისყრაში მონაწილე სუბიექტები ანგარიშს გაუწევენ იმასაც, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს ხელისუფლება"

ახლახან დაიწყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის საარჩევნო კანდიდატთა რეგისტრაცია, რომელიც 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის პირველი დარეგისტრირებული კანდიდატი უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელიაა. მისი კანდიდატურა საფეხბურთო კლუბმა "გაგრამ" წარადგინა. სექტემბრის ბოლომდე კიდევ არაერთი კანდიდატი გაივლის რეგისტრაციას.

მთავარი ორთაბრძოლა მაინც სფფ-ის ამჟამინდელ გენერალურ მდივან რევაზ არველაძესა და ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ლევან კობიაშვილს შორის წარიმართება. ამ უკანასკნელს მხარს უჭერს მისი მეგობარი და ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და როგორც ამბობენ, ხელისუფლებაც. რეზი არველაძე ზვიად სიჭინავას მარჯვენა ხელად აღიქმება. ამდენად, მისი გაპრეზიდენტებით პირველ რიგში თავად სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტია დაინტერესებული.

ინტერნეტფორუმებზე ხშირად ვკითხულობთ მოსაზრებას, რომ თუკი ხელისუფლება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბედს თავად არ გადაწყვეტს, რეზი არველაძეს გამარჯვების შანსი აქვს. თუმცა ამ მოსაზრებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე კატეგორიულად არ ეთანხმება:

- ხელისუფლება სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ისე ვერ ჩაერევა, როგორც სააკაშვილის მმართველობისას ხდებოდა. გახსოვთ, ალბათ, საფეხბურთო ოჯახმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი ნემსაძე აირჩია, მან კი ნახევარ საათში თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შემდეგ ამ პოსტზე ნოდარ ახალკაცი მოიყვანეს, შემდეგ კი ზვიად სიჭინავა...

სიჭინავას დროს ფეხბურთი სამარცხვინო მდგომარეობაში ჩავარდა - ნაკრებმა მსოფლიოს რეიტინგში ბოლოდან "მოწინავე" ადგილი დაიკავა! ამას დაემატა ათეულობით მსაჯისა და ფეხბურთელის დაპატიმრება, რაც თამაშების ჩაწყობასა და ბინძურ გარიგებებს უკავშირდება.

დამტკიცებული წესდების მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს 35 სუბიექტი ირჩევს, საიდანაც 13 რეგიონული საფეხბურთო ფედერაციაა, 16 კი საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდი. ამას ემატება საფეხბურთო ასოციაციები და გაერთიანებები. ჯამში ხმის მიცემის უფლება 35 სუბიექტს აქვს. არადა, საქართველოში მხოლოდ უმაღლესი ლიგის გათამაშება ხომ არ ტარდება? პირველი და მეორე ლიგების გათამაშებაში მონაწილეობენ კლუბები, რომლებიც თავიანთ რაიონებს წარმოადგენენ და ჯამში, ისინი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეები არიან. ალბათ, სამართლიანი იქნება, რომ მათაც სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჰქონდეთ, მაგრამ ასე არ არის.

ზოგი გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ხმის მიცემის შანსს მოკლებულია. მაგალითად, ზუგდიდის "ზუგდიდი", რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობს. სამაგიეროდ, ზუგდიდის "მგლებს" აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

სხვათა შორის, ეს სიჭინავას ყოფილი გუნდია და ცხადია, ხმას ვისაც მისცემს. ასევე, რეგიონული ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებიც წლების განმავლობაში სიჭინავასა და არველაძის მენეჯმენტთან მუშაობენ და მათთან მეგობრობენ, არველაძის სასარგებლოდ იმოქმედებენ.

- გამოდის, კობიაშვილს გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს?

- მთლად ასეც არ არის. დიდი მნიშვნელობა ექნება თითოეული კანდიდატის საარჩევნო პროგრამას. უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლება ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 250 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ცხადია, კენჭისყრაში მონაწილე სუბიექტები ანგარიშს გაუწევენ იმასაც, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს ხელისუფლება.

- სიჭინავამ განაცხადა, თუ ვინმე გამოჩნდება, ვისაც სახელმწიფო 250 მილიონს ანდობს, გვერდში მეც დავუდგებიო.

- ეს ირონია და ცინიზმი სიჭინავამ თავისთვის შეინახოს. აქ საუბარია 250-მილიონიანი პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც 5 წელიწადზე არის გათვლილი. ცხადია, ის მხოლოდ კლუბების დახმარებას არ ითვალისწინებს. პროგრამა მსაჯთა და მწვრთნელთა გადამზადებას შეუწყობს ხელს, ასევე, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობას და რაც მთავარია, კოლოსალური თანხა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში ჩაიდება. ბევრი ნიჭიერი ბავშვი იკარგება იმიტომ, რომ მის ოჯახს ყოველთვიური გადასახადის გადახდის საშუალება არა აქვს.

სახელმწიფომ გონივრული თანხა უნდა გაიღოს, რომ ფეხბურთი ისევ აღორძინდეს და განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთი გახდეს პრიორიტეტული.

- სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას სხვა კანდიდატებიც მიიღებენ. რატომ თვლით, რომ მათ ნაკლები შანსი აქვთ?

- შანსი ყველას აქვს, სავარაუდო კანდიდატები ცნობილი ადამიანები არიან. უკვე დარეგისტრირდა მამუკა კვარაცხელია, რომელიც უეფას ოფიცერია და საერთაშორისო თამაშებს ემსახურება. რომან ფიფიას თბილისის "დინამოს" საფეხბურთო გუნდის პრეზიდენტობის გამოცდილება აქვს. ლევან ყიფიანი სპორტის მინისტრი იყო და დავით ყიფიანის შვილია. მიხეილ ყაველაშვილიც გამოცდილია. რამდენადაც ცნობილია, მერაბ ჟორდანიამაც გამოთქვა სფფ-ის პრეზიდენტობის სურვილი. მას ამ პოსტზე უმუშავია. დარწმუნებული ვარ, თუ ეს ადამიანები კენჭს იყრიან, საინტერესო პროგრამებსაც წარადგენენ.

არ არის გამორიცხული, მათ საბოლოოდ რომელიმე სხვა კანდიდატის სასარგებლოდ იმოქმედონ. ამის შემდეგ შესაძლებელია გამარჯვებულმა კანდიდატმა დამარცხებულს სამსახური შესთავაზოს...

- ე. ი. შეიძლება ვთქვათ, რომ ლევან კობიაშვილი ხელისუფლების კანდიდატია?

- კობიაშვილს თავისი დამსახურებები აქვს და ის, რომ მას კახი კალაძე უჭერს მხარს, მხოლოდ პასუხისმგებლობას აკისრებს. საპარლამენტო უმრავლესობიდან ბევრს მოსწონს მისი კანდიდატურა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მათი სიმპათია რომელიმე სხვა კანდიდატისკენაც გადაიხაროს.

- კულუარებში ისიც კი თქვეს, რომ თქვენ პირადი ინტერესი გამოძრავებთ და სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციას გეგმავთ...

- ასე არ არის, თუმცა ვეტერანი ფეხბურთელი ვარ, საფეხბურთო მეურნეობაში ყოფნის გამოცდილებაც მაქვს, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრიც გახლავართ. აქედან გამომდინარე, ამ სფეროში არსებული პრობლემები მაწუხებს და ვფიქრობ, კარგ მენეჯმენტს არაერთი პრობლემის მოგვარება შეუძლია.

ეკა ასათიანი