"პლატინი ფუნიკულიორზე ტრამვაით ავიდა" - რას ჰყვება პლატინ(უმ)ის ქართველი მძღოლი - კვირის პალიტრა

"პლატინი ფუნიკულიორზე ტრამვაით ავიდა" - რას ჰყვება პლატინ(უმ)ის ქართველი მძღოლი

საკალათბურთო სუპერლიგიდან ზვიად ანთაძე პირდაპირ... მიშელ პლატინის ავტომანქანის საჭესთან მოხვდა! უფრო სწორად, უეფას პრეზიდენტამდე ზვიადი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საპატიო სტუმრის მძღოლი გახლდათ, მერე კი- მიშელ პლატინის და Nissan Patrol Platinum -ის ჯერიც დადგა... ვინც არ იცნობთ, გეტყვით, რომ 26 წლის ზვიად ანთაძე საკალათბურთო სუპერლიგის ორგზის ჩემპიონია, ჯერ- შსს-ს აკადემიის, მერე კი- თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში. უთამაშია აშშ-ის სტუდენტურ ლიგაშიც... ჯერ არ იცის, შემოდგომიდან სად გააგრძელებს კარიერას, თუმცა, ამ ზაფხულს უკვე მოასწრო უდიდესი ემოციისა და გამოცდილების მიღება.

- ზვიად, კალათბურთელი და პლატინის მძღოლი?! როგორ მოხვდით ამ "გაუგებრობაში"?

- ზაფხულობით კალათბურთელებს შედარებით ცოტა საქმე გვაქვს. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "სამზარეულოს" გაცნობა მაინტერესებდა და როცა ე.წ. Summer Job, ანუ ზაფხულის სამუშაოს სახით ფესტივალის მძღოლად მუშაობის შანსი მომეცა, ბევრი არ მიფიქრია. ცხრა დღის განმავლობაში ვემსახურებოდი "თბილისი-2015"-ის სერბ სტუმარს, მისი დადებითი რეკომენდაციის შემდეგ კი თბილისში გასამართი სუპერთასის მთავარი სტუმრის- უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის მძღოლობა შემომთავაზეს!

- წინასწარ გითხრეს, რომ პლატინის ტრანსპორტირება გევალებოდათ?

- პლატინისთვის გამოყოფილი ავტომანქანის მართვა შემომთავაზა ქართულმა სატრანსპორტო კომპანია wt Group-მა, რომელიც "თბილისი-2015"-დან მიცნობდა. ამ რანგის სტუმართან თუნდაც ორი დღის განმავლობაში მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. სხვათა შორის, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ- არ მეგონა, საქართველოში ასეთ მაღალ დონეზე თუ იყო განვითარებული სატრანსპორტო მომსახურება.- მიშელ პლატინი ფრანგია, მაგრამ, ალბათ, ინგლისურად ელაპარაკებოდით.

- დიახ, ინგლისურად ვლაპარაკობდით. სხვათა შორის, რუსული ენაც ესმის, თუმცა, არ ლაპარაკობს. ძალიან გულღია, უშუალო და მხიარული კაცია. ხშირად ხუმრობდა. Nissan Patrol-ის 2015 წლის მოდელს, რომლითაც პლატინი მგზავრობდა, Platinum ჰქვია და ამაზეც იხუმრა - თბილისში ისეთი მაღალი დონის მომსახურებაა, Platinum ჩემს პატივსაცემად დაწერესო...- საქართველოს სიყვარულსაც არ მალავს...

- ქართველები და ქართული სამზარეულო განსაკუთრებულად უყვარს. მე არ ვიცოდი და მითხრა, რომ როცა უეფას პრეზიდენტად აირჩიეს, პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრა! სუპერთასის ორგანიზება და ატმოსფერო ძალიან მოეწონა, გახსნის ცერემონიალით კი აღფრთოვანდა- შინაარსიანმა და ლამაზმა სანახაობამ საოცარი ენერგიით დამმუხტა, ასეთი გახსნა არასდროს მინახავსო!- უეფას პრეზიდენტს ორი დღის განმავლობაში ემსახურებოდით. სტადიონისა და სასტუმროს გარდა სად დაგყავდათ?

- საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებსა და ფუნიკულიორზე, რესტორანში გამართულ ოფიციალურ სადილზე. ყველა სხვა შეხვედრა თუ მოლაპარაკება სასტუმროშივე ჰქონდა. სხვათა შორის, ფუნიკულიორზე ტრამვაით ავიდა და მთაწმინდიდან დანახულით მიღებულ ემოციებს ვერ მალავდა.- კალათბურთელი ზვიად ანთაძე ოდესმე წარმოიდგენდა, რომ მიშელ პლატინის მძღოლად იმუშავებდა?!

- მძღოლად პირველად ვიმუშავე (იცინის). და ასეთ საპატიო სტუმართან ურთიერთობით დიდი გამოცდილებაც მივიღე. ბედნიერი ვიყავი, როცა დამშვიდობებისას პლატინიმ მხარზე ხელი დამარტყა და მანამდე პირად მძღოლად მუშაობის გამოცდილების არმქონე კაცს დიდი მადლობა მითხრა!- ბოლოს, თქვენს უშუალო საქმიანობაზეც ვთქვათ: გითამაშიათ "მაკაბიში", სტუ-ში, "სოხუმში", შსს-ს აკადემიაში, "დინამოში", "ოლიმპში"... ახალი სეზონიდან რომელ კლუბში ვნახავთ ზვიად ანთაძეს?

- შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ისე კი, თბილისურ კლუბს რეგიონის წარმომადგენელი მირჩევნია...

- უცნაურია, რაიონებიდან ყველა თბილისში გარბის, თქვენ კი...

- რეგიონულ კლუბებს საოცარი გულშემატკივარი ჰყავთ, დარბაზი ყველა მატჩის დროს სავსეა და რეგიონული კლუბი ამიტომ მირჩევნია!

რატი შელეგია