ხათუნა ლორიგი - ამერიკის მშვილდოსნობის ქართველი ვარსკვლავი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლორიგი - ამერიკის მშვილდოსნობის ქართველი ვარსკვლავი

"ქართველები ძალიან ნიჭიერები და ძლიერები ვართ, თუ... სიზარმაცე დავძლიეთ!"

"ჯენიფერ ლოურენსი მხიარული, უშუალო გოგონაა. ძალიან ლამაზად, თითქმის პროფესიონალივით იდგა და სხვათა შორის - კარგადაც ისროდა!"

მას აშშ-ში უკეთ იცნობენ, ვიდრე ისტორიულ სამშობლოში. ქართველი მშვილდოსანი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) 18 წლის იყო, საბჭოეთის გაერთიანებული გუნდის სახელით, 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი რომ მოიპოვა. როცა საბჭოეთიც დაინგრა და ქართველ მშვილდოსნებსაც აღარავინ აქცევდა ყურადღებას, ხათუნა ქვრივიშვილმა ამერიკას მიაშურა. მას შემდეგ, კალიფორნიაში ცხოვრობს და აშშ-ის სახელით არაერთი ტურნირის პრიზიორიც გახდა.

ამჟამად, ამერიკელ მშვილდოსანთა შორის საუკეთესო რეიტინგი აქვს, ქალთა მსოფლიო რეიტინგში მერვე პოზიციაზეა, პეკინის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე კი აშშ-ის ნაკრების მედროშე გახლდათ! სწორედ ხათუნამ ასწავლა ისრის სროლა "შიმშილის თამაშების" ვარსკვლავ ჯენიფერ ლოურენსს, ცოტა ხნის წინ კი, კიდევ ერთხელ მოექცა საყოველთაო ყურადღების ქვეშ - სხვა ცნობილ ათლეტებთან ერთად,ESPN-ის შიშველ ფოტოსესიაში 41 წლის ქართველმა სპორტსმენმაც მიიღო მონაწილეობა.

- ხათუნა, გული არ გწყდებათ, აშშ-ში გაცილებით უკეთ რომ გიცნობენ, ვიდრე საქართველოში?

- რა გასაკვირია, მე ხომ ამერიკის სახელით გამოვდივარ... ორი წელიწადია, საქართველოში აღარ ვყოფილვარ. მსოფლიო ჩემპიონატი ევროპაში იმართებოდა და რამდენიმე დღით თბილისშიც ჩამოვედი.

- ერთხელ თქვით - ქართველი მშვილდოსანი ქალები მამაკაცებზე მაგრები არიანო...

- შედეგებიდან გამომდინარე ასეა... თუნდაც, ოლიმპიური ჩემპიონის - ქეთევან ლოსაბერიძის დასახელებაც კმარა. ბიჭებს კი ფეხბურთი უფრო უყვართ და მშვილდოსნობას იშვიათად ეტანებიან.

- ESPN-ის ფოტოსესიაზე გადავიდეთ - ადვილად დაგითანხმეს შიშვლად პოზირებაზე?

- ESPN-ის ამ პროექტში ცნობილ და წარმატებულ სპორტსმენებს იწვევენ და შემოთავაზებით სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. როცა ფოტოები ვნახე, ძალიან მომეწონა - განსხვავებული, საინტერესო, მხატვრული თვალით გადაღებული ფოტოებია... ფოტოები სან-ფრანცისკოს წითელ ტყეში, ძალიან მაღალი ხეების ფონზე გადაიღო ცნობილმა ფოტოგრაფმა, რომელმაც, რამდენიმე თვით ადრე ბრედ პიტთან იმუშავა.

- რამდენიმე დღის წინ, ზუსტად შვიდი წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის და პეკინის ოლიმპიადის დაწყებიდან. ოლიმპიადის, სადაც აშშ-ის ნაკრების მედროშე იყავით...

- მედროშის არჩევა ხმის მიცემით ხდება. თანაგუნდელებმა მებრძოლი, მეგობრული ხასიათის სპორტსმენად დამახასიათეს და ერთი ხმით ვაჯობე გოგოს, რომელსაც სამი ოლიმპიადა ჰქონდა მოვლილი სამ სხვადასხვა სახეობაში. როგორც ვიცი, ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როცა ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე, ქვეყნის დროშა მშვილდოსანს ეჭირა!

- უფრო მეტად ლორიგი ხართ თუ ქვრივიშვილი?

- ლორიგის გვარით ვასპარეზობ, ასე უფრო ბევრი მიცნობს, მაგრამ ქვრივიშვილი რომ ვარ, მაგას ვერაფერი შეცვლის (იცინის)! ორივე გვარი ჩემია.

- ჩვენი წინაპრები კარგი მსროლელები იყვნენ... მათი გენი თანამედროვე ქართველ მშვილდოსნებსაც გამოჰყვათ?

- ქართველები ძალიან ნიჭიერები და ძლიერები ვართ, თუ... სიზარმაცე დავძლიეთ! მშვილდოსნობაში არც ასაკს აქვს მნიშვნელობა - 14 წლის მოსწავლეც მყავს და 72 წლისაც. ქეთევან ლოსაბერიძემ სროლა 26 წლის ასაკში დაიწყო, ოლიმპიური ჩემპიონი კი 30 წლის ასაკში გახდა!

- "შიმშილის თამაშების" გმირთან მუშაობას როგორ გაიხსენებთ?

- ჯენიფერ ლოურენსს სროლას ორი კვირის განმავლობაში ვასწავლიდით და კარგადაც გაერთო. მეც ძალიან ვისიამოვნე მასთან მუშაობით - მხიარული, უშუალო გოგონაა. ძალიან ლამაზად, თითქმის პროფესიონალივით იდგა და სხვათა შორის - კარგადაც ისროდა! მოგვიანებით, როცა ფილმს ვუყურებდი, რაღაცნაირი, არარეალური შეგრძნება დამეუფლა - ჰოლივუდის ბლოკბასტერში ვუყურებდი გოგონას, რომელსაც სროლა ვასწავლე.

- სხვა ცნობილ მსახიობებთან გქონიათ შეხება?

- პრემიერაზე, წითელ ხალიჩაზე ვიყავით მიწვეული მე და ჩემი ვაჟი და იქ გავიცანი ფილმის "შეუჩერებელნი" (თჰე Eხპენდაბლეს) მსახიობები სილვესტერ სტალონე, ჯეისონ სტეტჰემი, თევი კრუზი... კრუზი სასიამოვნო ადამიანია, სტეტჰემი კი - ძალიან უხეში! ჟან-კლოდ ვანდამიც გავიცანი, შვარცენეგერს სამჯერ შევხვედრივარ...

- საქართველოზე გეკითხებიან რამეს?

- ყველამ არ იცის, ქართველი რომ ვარ. ზოგიერთს რუსი ვგონივარ და ისე შემეცვლება ხოლმე სახე, გამოლაპარაკებას ვეღარ ბედავენ.

- რა არის მთავარი მშვილდოსნობაში - მკლავის სიმტკიცე თუ ქორის თვალი?

- ფიზიკური სიძლიერისთვის დღეში 8 საათი უნდა ივარჯიშო, ფსიქოლოგიური სიმტკიცისთვის კი ტურნირებში მონაწილეობაა აუცილებელი. სხვათა შორის, აშშ-ში სამოყვარულო მშვილდოსნობაც ძალიან პოპულარულია - ოჯახის ყველა წევრი ცდის ხოლმე თავს მიზანში სროლაში...