ბასილაშვილისთვის Us Open-იც ძირითადია - კვირის პალიტრა

ბასილაშვილისთვის Us Open-იც ძირითადია

საქართველოს პირველმა და მსოფლიოს 97-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღია პირველობაზეც ისეთივე "სცენარი" აირჩია, როგორიც წლევანდელ "უიმბლდონზე". ქართველმა ჩოგბურთელმა Us Openის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამივე შეხვედრა მოიგო და ძირითად ბადეში კიდევ ერთხელ ითამაშებს მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომრის _ ესპანელი ფელიციანო ლოპესის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, 2015 წლის 2 ივლისს "უიმბლდონის" მეორე წრეში ნიკამ სწორედ ლოპესს აჯობა (7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4). ფელიციანოს მაშინაც იგივე რეიტინგი ჰქონდა, ბასილაშვილი კი მსოფლიოს 153-ე ჩოგანი გახლდათ და ტოპ-20-ის წევრის დამარცხებით ხმაურიანი სენსაციის ავტორიც გახდა. "დიდი სლემის" კიდევ ერთი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა ჩვენებურისთვის უკვე წარმატებაა. ნიკამ გაინაღდა 35 სარეიტინგო ქულა და ლოპესთან მატჩის შედეგის მიუხედავად, რეიტინგში აუცილებლად დაწინაურდება რამდენიმე საფეხურით.