კახა ცხადაძემ ტაქტიკაც სწორად აირჩია და ფეხბურთელებმაც გაუმართლეს - კვირის პალიტრა

კახა ცხადაძემ ტაქტიკაც სწორად აირჩია და ფეხბურთელებმაც გაუმართლეს

მჭედლიძე ყველგან იყო - როგორც საჰაერო, ისე ბალახზე გამართული ორთაბრძოლებისას, თავადაც იწყებდა შეტევას და არც მეტოქ(ეებ)ის მოტყუებას ერიდებოდა

შესაძლოა, როდესმე დაგვიბარონ კიდეც იმის გამოსაკვლევად, თბილისში სულ როგორ ვუგებთ შოტლანდიის ნაკრებს... სკოტებს რვა წლის წინანდელი დამარცხებაც მწარედ ახსოვდათ და ახლა კიდევ... დიდი შანსია, ჩვენი წყალობით, შოტლანდიელები ახლაც ჯგუფში ჩარჩნენ... მაგრამ რაც მთავარია, სკოტლანდ იარდის გამოძიება ნამდვილად არ სჭირდება იმის დადგენას, რომ საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთი ითამაშა!

ბუნებრივია, იყო ხარვეზები და შეცდომებიც, შოტლანდიაზე უკეთესი გუნდი რომ არ გვაპატიებდა, მაგრამ თუ ვინმე გამარჯვებას იმსახურებდა იმ მეტ-ნაკლებად თანაბარ თამაშში, ეს საქართველო იყო!

...ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და შემდეგ შეხვედრაზე ვიფიქროთო, კახა ცხადაძემ შოტლანდიასთან გამარჯვების შემდეგ თქვა. შემდეგი შეხვედრაც კარს მოგვადგა, მაგრამ როგორ გინდა, დაივიწყო მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა... ფეხბურთი ითამაშა?! არც ეიფორიაში ვარ და არც იმ კატეგორიისა, გამარჯვების შემდეგ გუნდს - ხოტბა-დიდებას, პირველივე წაფორხილებისას კი თავსლაფს რომ ასხამს, მაგრამ შოტლანდიასთან მატჩში დავინახე, რომ საქართველოს ნაკრებს ჰქონდა სქემა, საქართველოს ნაკრები ახერხებდა (ზოგიერთ ეპიზოდში მაინც) რამდენიმე პასის "გადაბმას" და ბურთის შენარჩუნებას, საქართველოს ნაკრები უტევდა და...

რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებმა მოიგო - პირველი ოფიციალური მატჩი კახა ცხადაძის ხელში და მეორე - მიმდინარე შესარჩევ ციკლში.

კარგი

კარგი იყო დაცვა. ორიოდ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, უშეცდომოდ ითამაშა ცენტრალური მცველების - კვირკველია-ამისულაშვილის დუეტმა, ტრადიციულად, საიმედო იყო ოდნავ წინ წაწეული კაშია და თავის საქმეს ფლანგების მცველებიც კარგად აკეთეEბდნენ. რაც შეეხება შეტევაში მათ ჩართვას... საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე იყო ფეხბურთელი, რომელსაც შოტლანდიასთან მატჩში ლამის ყველაზე მეტი პასი მისცეს! რატომღაც, შეტევის გასაგრძელებლად ჩვენები სულ მარჯვენა ფლანგს და შესაბამისად - ლობჟანიძეს ეტანებოდნენ. უჩას ცუდად ნამდვილად არ უთამაშია, ძალიან აქტიური იყო და თავის უშუალო მოვალეობასაც კარგად ართმევდა თავს, შეტევის წამოწყება კი მისი საქმე არ არის. მით უმეტეს - კლუბში სულაც დაცვის ცენტრში უწევს თამაში... რაც შეეხება ნავალოვსკის, პირველ ტაიმში ბურთი იშვიათად ჰქონდა, მეორე ნახევარში კი - ჩვეულად გააქტიურდა.

ნახევარდაცვის ნახევარი

რაც შეეხება ნახევარდაცვას, კანკავაზე ახალი რა უნდა ვთქვათ?! ნაკრების კაპიტანი ამჯერადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო თანაგუნდელთა შორის, ისევე, როგორც ჯანო ანანიძე. მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველს ფეხი აწუხებდა, სკოტებთან მატჩი ტკივილგამაყუჩებლით ითამაშა და მეორე ტაიმის ნახევრის შემდეგ ეს დაეტყო კიდეც, მაგრამ სანამ მოედანზე იყო, ნახევარდაცვის ცენტრში გამწესებულმა ანანიძემ დაამტკიცა, რომ მოედნის ხედვასა და პასებში ბადალი არ ჰყავს! სამწუხაროა, რომ ირლანდიაში ჯანოს გარეშე მოგვიწევს თამაში...

დანარჩენები? ფლანგზე მოთამაშე ნახევარმცველთაგან, ოქრიაშვილი ყაზაიშვილზე მეტად აქტიურობდა, თუმცა, ამ ორ ფეხბურთელზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვილაპარაკებთ.

ლევან...დოვსკი?

არა - მჭედლიძე!

პოლონელებს ლევანდოვსკი ჰყავთ, ჩვენ - მჭედლიძე. ჩვენებური ჯერ არ არის "ბაიერნის" შემტევის დონის ფორვარდი, მაგრამ ეროვნულ გუნდში ისეთივე მნიშვნელობის თავდამსხმელად ყალიბდება, როგორიც ლევანდოვსკია პოლონელთათვის. ეს არ იყო მატჩი, რომელშიც ლევან მჭედლიძის "მისამართით" მხოლოდ მაღალ გადაცემებს ვხედავთ ხოლმე იმის იმედით, რომ ტანმაღალი ფორვარდი საჰაერო დუელს მოიგებს. მჭედლიძე ყველგან იყო - როგორც საჰაერო, ისე ბალახზე გამართული ორთაბრძოლებისას, თვითონაც იწყებდა შეტევას და არც მეტოქ(ეებ)ის მოტყუებას ერიდებოდა. პარასკევს გამართულმა შეხვედრამ დაგვარწმუნა, რამხელა შეცდომა იყო მჭედლიძის ნაკრებში არგამოძახება... შეგახსენებთ: 2007 წელს, შოტლანდიისთვის თბილისში 2:0 მოგებულ მატჩში, ბრიტანელთა კარში პირველი ბურთი სწორედ 17 წლის ლევან მჭედლიძემ გაიტანა!

აქვე მეკარეზეც ვთქვათ - ძირითად შემადგენლობაში ნუკრი რევიშვილის დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის იღბლიანი გამოდგა. რევიშვილს ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონდა, რამდენიმე ეპიზოდში გამოსვლაზეც შეცდა, მაგრამ მაინც საიმედოდ ითამაშა.

ვაკო-თ ყაზაიშვილი!

ვაქოთ, ალალია!

ვაკო ყაზაიშვილისთვის ეს ნამდვილად არ ყოფილა საუკეთესო სანაკრებო მატჩი, მაგრამ მატჩის მთავარ გმირად მაინც 22 წლის ნახევარმცველი იქცა. "ვიტესის" ფეხბურთელმა მანამდეც შეუტია დევიდ მარშალის კარს, მატჩის ერთადერთი გოლი კი 38-ე წუთზე გაიტანა: კანკავამ მჭედლიძეს გადააწოდა მაღალი პასი, "ემპოლის" ფორვარდმა კი თავით დაუგდო ბურთი ყაზაიშვილს, რომელმაც ერთი მოძრაობით ჩამოიცილა მცველი და ცაციათი პირველი სანაკრებო ბურთი გაიტანა!

შოტლანდიას მარშალმაც ვერ უშველა...

ცუდი

ცუდი... არა, ძალიან ცუდი იყო თორნიკე ოქრიაშვილის საქციელი! დიახ, თორნიკე აქტიური იყო, დაცვის დასახმარებლადაც ხშირად იხევდა უკან, მაგრამ... მატჩის 71-ე წუთზე ბელგიური "გენკის" ნახევარმცველმა ყველაფერი წყალში ჩაყარა - შეცვლით უკმაყოფილომ ლანძღვა-გინებით (?!) დატოვა მოედანი და ისე, რომ ხელიც არავისთვის ჩამოურთმევია, პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა! მოედანზე გატარებულ ბოლო წუთებში ოქრიაშვილს აშკარად დაეტყო დაღლა, მაგრამ საქმე სხვაგვარადაც რომ ყოფილიყო, ფეხბურთელის ასეთ საქციელს გამართლება არ აქვს და კარგი იქნება, ამას თორნიკეც თუ გააცნობიერებს. მით უმეტეს, ახლა საქართველოს ნაკრებს კონფლიქტები არ სჭირდება და იმედია, ამ ინციდენტს გაგრძელება არ მოჰყვება. სხვათა შორის, კახა ცხადაძეც ამას ცდილობს. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე, როცა მწვრთნელს "ოქრიაშვილის ინციდენტზე" ჰკითხეს, ცხადაძემ დიპლომატიურად უპასუხა - მიხარია, როცა მოთამაშეს ფეხბურთთან დაკავშირებულ ამბიციურობას ვამჩნევ, მაგრამ თუ ოქრიაშვილს ემოციამ სძლია, მე ვერ გადამძალა და ამ ეპიზოდს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებო...

მწვრთნელი

კახა ცხადაძემ ტაქტიკაც სწორად აირჩია და ფეხბურთელებმაც გაუმართლეს. პოლონეთთან მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მწვრთნელი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფეხზე იდგა და... დაუფასდა კიდეც! "ეიფორიაში არ უნდა ჩავცვივდეთ, ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და მთლიანად მომავალ შეხვედრაზე გადავერთოთ," - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების თავკაცმა. რაც მთავარია, მწვრთნელიც ფიქრობს, რომ ერთი მატჩისთვის არ უნდა ვთამაშობდეთ და ჩვენი მიზანი სტაბილურად თამაშია...

იმედი, რადგან... ირლანდიაც ბრიტანეთია

საქართველოს ნაკრებს აქვს ხოლმე ერთმატჩიანი გამონათებები. უმეტესწილად - შემოდგომაზე. არ გვინდა, დავიჯეროთ, რომ შოტლანდიასთან გამარჯვებაც ამ ტრადიციის ნაწილია. თანაც, დროც არის, ირლანდიაც თანამოძმეთა (შოტლანდიის და უელსის) გზას გავუყენოთ და მოგება "სამყურებთანაც" ვისწავლოთ!

მაგრამ დუბლინში რომც წავაგოთ, იმედი მაინც არ მოკვდება. იმედი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, რომ საქართველოში კიდევ არიან მოთამაშეები, რომლებსაც ფეხბურთის თამაში შეუძლიათ...